"მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ თავს ვარწმუნებდი, რომ არ უნდა მომწონებოდა" - როგორ დაიპყრო ფემინისტის გული ჩოხოსანმა "გრუზინმა"? - კვირის პალიტრა

"მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ თავს ვარწმუნებდი, რომ არ უნდა მომწონებოდა" - როგორ დაიპყრო ფემინისტის გული ჩოხოსანმა "გრუზინმა"?

"გარეგნობით მოვეწონე და მოჩხუბარი რომ ვიყავი, მოთვინიერება დამიპირა"

ირინა ტორონჯაძე ისეთი აქტიური ფემინისტია, რომ საზოგადოება მას კაცთმოძულედაც კი აღიქვამდა და მისი დაოჯახების ამბავმა ბევრი გააკვირვა, მით უმეტეს, რომ ბედი ისეთ ადამიანს დაუკავშირა, როგორებსაც მთელი ცხოვრება ებრძოდა. მისი რჩეული ჩოხოსანი მუსიკოსი ლევან სამყურაშვილია.

- ლევანს შენს გაცნობამდე შენი სატელევიზიო გამოსვლები ჰქონდა ნანახი და არ შეეშინდა?

- ლევანს ჩემი გამოსვლები ჰქონდა ნანახი და ამბობდა, ძლიერი ქალები მომწონსო. მოსწონდა კი არა, ეს უფრო გამოწვევა იყო მისთვის. გარეგნობით მოვეწონე და მოჩხუბარი რომ ვიყავი, მოთვინიერება დამიპირა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიღმა სხვა რაღაცებიც დაინახა. რომ გავიგე, ვინ იყო და ჩემი სანაცნობო წრის წევრად აღვიქვი, იოლად შევხვდი. ეს მოხდა 2018 წელს.

- ჩოხიანი მამაკაცის მიმართ პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდათ? - სტერეოტიპული წარმოდგენა მქონდა და მაშინვე დავუსვი დიაგნოზი, რომ ეს იყო "მოგრუზინო" ტიპი, რომელიც არ უნდა მომწონებოდა. ამიტომ პირველი შეხვედრებისას ისეთ რაღაცებს ვეუბნებოდი, რომ მომშორებოდა, მაგრამ რა მომეწონა, იცით? რაღაცნაირად აისხლიტა და არ აჰყვა ჩემს აგრესიას. ამის მიუხედავად, პირველ წელს ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ ეტყობა, სამყაროს ჩანაფიქრი იყო, რომ ჩემი ფემინისტური საწყისები ეჭვქვეშ დაეყენებინა.

2019 წლის 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივედი, რომელიც ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა მოაწყო. იქ მღეროდა ლევანი, რა თქმა უნდა, ჩოხით და ვიფიქრე, რა კარგად მღერის ეს ბიჭი, რატომ ვეჩხუბებოდი-მეთქი. რომ დაველაპარაკეთ ერთმანეთს, სხვანაირი დამოკიდებულება ვიგრძენი და გავიფიქრე, ვნახავ, რა არის ამ ფასადის მიღმა-მეთქი. მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ თავს ვარწმუნებდი, რომ არ უნდა მომწონებოდა.

- დაქორწინების გადაწყვეტა არ გაგიჭირდათ?

- რაკი ბარიერი გადაილახა, დავუშვი, რომ ამ ადამიანისთვის შანსი უნდა მიმეცა და ერთ თვეში უკვე ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. გამოხატულად ინტროვერტი ვარ, მარტო ყოფნა მიყვარს, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად ვარ მამაკაცთან, თანაც - 24 საათის განმავლობაში. უსაფრთხოების განცდა მაქვს და იმასაც მივხვდი, რომ ასეთი განცდა შეიძლება გქონდეს მხოლოდ იმ ადამიანთან, რომელსაც უყვარხარ და რომელიც გიყვარს.

- როგორ გთხოვა ხელი?

- გავიდა ორი-სამი თვე და მივხვდით, რომ ერთად კარგად ვართ. ჩვენც ვიხსენებდით, როდის მთხოვა ხელი, მაგრამ არ გვახსოვს. კი თქვა ერთხელ, ახლა უკვე ოფიციალური კონტრაქტი მინდაო, მაგრამ მერე თქვა, სიტყვა ჩავაგდე, თორემ არც მეგონა, თუ ამისთვის მზად იყავიო. მე მოვინდომე, ჯვარი დაგვეწერა და ხელი მოგვეწერა. მივხვდი, რომ ამ ადამიანთან ყველაფერი მინდოდა - ხელმოწერაც, ჯვრისწერაც, ოჯახების გაცნობაც.

- შენთვის თავის მოწონება, ალბათ, ძნელი იქნებოდა.

- არც ისე. ლევანი ჭკვიანი, თავდაჯერებული და, რაც მთავარია, გულწრფელი მამაკაცი აღმოჩნდა. ინტენსიური შეხვედრები რომ დავიწყეთ, შორს ჯდებოდა ჩემგან, ერიდებოდა. არც მე მიყვარს, კაცები მეტისმეტად რომ ეტორღიალებიან ქალებს. კაცმა ქალთან თავის დაჭერა თუ არ იცის, აღარ მომწონს. ეს მხიბლავს ქართული ტრადიციებიდან, ასევე ქართული ცეკვები, სიმღერები და პოეზია.

არ მომწონს მხოლოდ ის ტრადიციები, რომლებიც არაფრის მომცემია და წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს.

- როგორი ცოლი ხარ?

- ლევანი ამბობს, ამ მებრძოლი და მოჩხუბარი გოგოს მიღმა დავინახე მოსიყვარულე ადამიანიო. საჭმლის კეთება არ მისწავლია, აი, კარტოფილის შეწვა კი ვიცი. საჭმელს დამხმარე ქალი მიკეთებს, სუფრას კი მე ვშლი. შეიცვალა ჩემი ცხოვრების განრიგი - თუ დილით 12 საათზე ვდგებოდი, ახლა ვდგები ათზე; თუ ყველგან მარტო დავდიოდი, ახლა ყველგან მასთან ერთად მინდა წასვლა.

- ლევანმა შენი ფემინისტური ხასიათი შეცვალა? - მე დავთმე, ფარ-ხმალი დავყარე, ოღონდ კარგი გაგებით. ხანდახან მეპარება დომინანტური ტონი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვუბრძანო რამე. როდესაც ამდენ ხანს მარტო ცხოვრობ, ადვილი არ არის შეცვლა.

ამ თანაცხოვრებაში ვხვდები, რომ შერბილებული კუთხეებიც მქონია და ეს მომწონს.

- როდის აღმოაჩინე შენი ფემინისტური მიდრეკილებები? - ოჯახი ძალიან ლიბერალური მყავს. ერთხელ სკოლაში დაგვავალეს რაღაცის მოქსოვა. ვქსოვდი, მამა რომ შემოვიდა და ხელიდან გამაგდებინა - ჩემმა შვილმა დრო ქსოვაში არ უნდა დაკარგოსო. ჩვენს ოჯახში ქალი უნდა ყოფილიყო ძლიერი მათემატიკაში, ფიზიკაში...

- ქართველი სადედამთილოსთვის ცოტა საშიში სარძლო ხომ არ იყავი? - არ ვიცი, ლევანის დედას ეშინოდა თუ არა, მაგრამ გაცნობის პირველივე წუთიდან მაგრძნობინა, როგორი გადასარევი ვარ და არა მგონია, ეს ნათამაშები ყოფილიყო. არასდროს მიგრძნია, რომ მის ოჯახში შეფასებით მიყურებდნენ. სულ ცდილობენ, გასიამოვნონ. ლევანიც იმიტომ არის ასეთი, რომ ასეთი ოჯახიდან მოდის.

ხათუნა კორთხონჯია