"მე და ბექა მეგობრები ვართ, ხან ვცემ, ხან ვჭიდაობთ, მე ვერევი უფრო მეტად"
"მე და ბექა მეგობრები ვართ, ხან ვცემ, ხან ვჭიდაობთ, მე ვერევი უფრო მეტად"
ბექა: "მინდა პოლიციელი გამოვიდე და ვინც რამეს დააშავებს, დავიჭირო"

ქვეშეთელი პატარების ფოტო თავდაპირველად სოცქსელით გავრცელდა და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე მთელმა­ საქართველომ გაიცნო. პატარა მთიულები შოუებში მიიწვიეს და ტელეეკრანიდან ისეთ სითბოს აფრქვევდნენ, ხალხმა ძალიან შეიყვარა.

ხადას ხეობაში, სოფელ ქვეშეთის სკოლაში ფილმში გადა­საღებად­ 12-14 წლის მოზარდებს ეძებდნენ, თუმცა­ "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს­ ხელმძღვა­ნელ ხათუნა ხუნდაძეს ეზოში მოთამაშე მარიამი არ გამოჰპარვია, მალე კი ბექაც აღმოაჩინა. მართალია, ფილმისთვის
თინეიჯ­ერებს ეძებდა, მაგრამ პატარა, ფუმფულა გოგო-ბიჭი ისე მოეწონა, მათთან ერთად ფოტოები გადაიღო და თბილისში დაბრუნებულმა რეჟისორს აჩვენა, მერაბ კოკოჩაშვილმა კი მათთვის როლი სპეციალურად შექმნა. ბატონი მერაბი აკა მორჩილაძის "ტერცო მონდოს" მიხედვით იღებს ფილმს, რომელიც სამ მეგობარზეა. ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, რაიონიდან თბილისშიც ერთად მიდიან, მოგვიანებით კი
მათი გზები იყრება - პოლიტიკის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან და იღუპება ბიჭების მეგობარი გოგონა, რომელიც ორივეს უყვარს. ფილმი ეხმიანება 90-იანი წლების საქართველოს.

ბექასა და მარიამისთვის საგანგებოდ შეიკერა ფორმა. ბიჭს ხელში წითელი ჩანთაც დააჭერინეს და ბავშვებს ფილმში ექთანის თანაშემწეების როლი აქვთ. ფილმის გამოსვლის შემდეგ პატარები უფრო პოპულარულები გახდებიან, თუმცა დღეს ისევ ჩვეული რიტმით ცხოვრობენ - სოფლის სკოლაში დადიან და ახალ როლებზე ოცნებობენ.

საყვარელი გოგო-ბიჭი ახლა ახალი წლისთვის ემზადება და თოვლის პაპას წერილიც მისწერეს.

მარიამ ნარიმანიძე: - ახალი წელი ძალიან მიხარია. მინდა ბევრი საჩუქარი მქონდეს. თოვლის პაპას დავურეკავ და ჩემს სურვილებს ვეტყვი, მინდა მომიტანოს ნაძვის ხე და მოსართავი სათამაშოები. თუ ვერ მომიტანს, დედას ვეტყვი, რომ მიყიდოს.

ბექა ბუჩუკური: - მეც მივწერე წერილი თოვლის პაპას და ვთხოვე ჩვეულებრივი ჩასაჯდომი მანქანა ვთხოვე...

- ბექა, თქვენ ხომ მოგიტანეს საჩუქრები, მანქანა არ იყო?
- მანქანა მარის მოუყვანეს, მე კვადრო მაჩუქეს. დიდი მადლობა მათ, ვინც გაგვახარა.

- ერთად როგორ ერთობით ხოლმე?
მარიამი: - მე პირველ კლასში ვარ. დილით ადრე ვიღვიძებ, მერე სკოლაში მივდივარ... მე და ბექას ერთ დროს გვიმთავრდება გაკვეთილები. სახლში რომ მოვალ,­ ხელ-პირს დავიბან, საჭმელს შევჭამ­ და თამაშს ვიწყებ. მერე ვმეცადინეობ. ყველაზე მეტად ხელოვნების გაკვეთილი მიყვარს.
ბექა: - მე მათემატიკა მიყვარს. მე და მარი სკოლაში ერთად არ მივდივართ, იქ ვნახულობთ ერთმანეთს. მარი ძალიან ცელქია, არ მიჯერებს. ბავშვები ფეხბურთის მოედანზე ვთამაშობთ. ჩემს კლასში რვა ბავშვია და ყველას უხარია, ტელევიზორში რომ მნახეს. კიდევ მინდა, ფილმში რომ გადამიღონ. ტელევიზორში რომ ვნახულობ ჩემს თავს, მომწონს.

- მარი, რას თამაშობ ბექასთან ერთად?
- ფეხბურთს, კალათბურთს, დროშობანას, დახუჭობანას, ქალაქობანას, გაშეშობანას... სულ სურათებს მიღებენ, მოდიან, შენი გაცნობა გვინდაო. ტელევიზორში გამოჩენის შემდეგ, სკოლაში რომ მივედი, ჩემი კლასელები ჩამეხუტნენ. მასწავლებლები მაქებენ. ექთანი ვიყავი იმ ფილმში - მე და ბექა დაბლა ჩავედით და დავეხმარეთ ვიღაცას... ჩვენ მეგობრები ვართ; ხან ვცემ, ხან ვჩხუბობთ. მე ვერევი უფრო მეტად. მინდა ექიმი გამოვიდე და ადამიანებს დავეხმარო.

- ბექა, შენც არჩეული გაქვს პროფესია?
- მე მინდა პოლიციელი გამოვიდე და ვინც რამეს დააშავებს, დავიჭირო. დამინიშნეს სტიპენდია და ამ ფულით ვყიდულობ იმას, რაც მჭირდება.
მარი: - სტიპენდია მეც მაქვს და რაც მინდა, დედაჩემი ყიდულობს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები