ალექსანდრე ალადაშვილი: "ახალი ტარიფები დიდ პრობლემას უქმნის ჯანდაცვის ხარისხსა და უსაფრთხოებას" - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ალადაშვილი: "ახალი ტარიფები დიდ პრობლემას უქმნის ჯანდაცვის ხარისხსა და უსაფრთხოებას"

"ახალი ტარიფებით, თავიდან ბოლომდე კორონარული სტენტირება განფასებულია 2.100 ლარად. არადა, მარტო მასალების და მედიკამენტების ღირებულებამ შესაძლოა, 1.700-2.100 ლარს გადააჭარბოს"

21 ნოემბრიდან ამოქმედებული 520-ე დადგენილების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება უკვე გახდა ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზი. არაერთი კითხვა აქვთ დაზღვეულებსაც და საზოგადოების სხვა წევრებსაც, რომელთაც ფასების ცვლილებებთან ერთად აინტერესებთ, შესაბამისი იქნება თუ არა მომსახურების ხარისხი. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ მისი კოლეგების უმრავლესობა ტარიფების გათანაბრებას დადებითად აფასებს. მისივე თქმით, უკმაყოფილებას იწვევს არა ტარიფების გათანაბრება, არამედ მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისების არაადეკვატურად დაბალი ახალი ტარიფები.

- ახალი ცვლილებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლებიც ჩართული იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, უნდა აიღონ ვალდებულება, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ, ანუ კლინიკის ნაცვლად სახელმწიფო ადგენს ფასს და უკვე განსაზღვრა კიდეც, რა ეღირება ესა თუ ის ოპერაცია. თუ ადრე შეიძლებოდა, პაციენტს ჯანდაცვის გადარიცხული თანხა შეევსო კლინიკის დაწესებულ ტარიფამდე, ახლა კლინიკებს ეს აეკრძალათ და თუ პაციენტს სახელმწიფო დააფინანსებს, კლინიკას უფლება აღარ ექნება, დამატებით სამედიცინო მომსახურებაში მას თანხა გადაახდევინოს.

- რა ცვლილებები შეიძლება ამას მოჰყვეს და, რაც მთავარია, შესაბამისი იქნება თუ არა მომსახურების ხარისხი? - ახალ რეგულაციაში ორი ძირითადი პრობლემაა, პირველი და უმთავრესი კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული არარეალურად დაბალი ტარიფებია.

- რას გულისხმობთ? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კლინიკები ძალიან მაღალ ფასს ასახელებენ, რაც თუნდაც დაზღვევის შემთხვევაში ცუდ დღეში აყენებს მოქალაქეებს.

- ვერ დაგეთანხმებით. სამინისტროს ეკონომისტების განცხადებით, ახალი ტარიფების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულია სხვადასხვა დაწესებულებაში წინა წლების განმავლობაში ჩატარებული სამედიცინო სერვისების ღირებულებების ანალიზის შედეგები. გასაკვირია, მაგრამ არავინ დაინტერესდა, იყო თუ არა ადეკვატური წინა წლების განფასებები; ახალი ტარიფების დაანგარიშებისას სამინისტროს ეკონომისტებმა არც კი გაითვალისწინეს კონკრეტული სამედიცინო (ჩვენს შემთხვევაში - მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური) სერვისების თანამედროვე სტანდარტების სპეციფიკა, არც მასალებისა და მედიკამენტების რეალური ღირებულება. მიაქციეთ ყურადღება - მე სპეციალიზებული მომსახურების უსაფრთხოდ და ხარისხიანად ჩატარებისთვის მინიმალურად აუცილებელ სტანდარტებს ვგულისხმობ და არა - ევროპულს.

რაც შეეხება მეორე პრობლემას და ხარისხს... დავუშვათ, პაციენტს სოციალური სტატუსით სახელმწიფოსგან აუცილებელი კონკრეტული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (სრული ან ნაწილობრივი) ეკუთვნის. ამავე დროს, მას სურს, სახელმწიფო დაფინანსებით განსაზღვრული მომსახურების გარდა, ჩაიტაროს მკურნალობა უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მასალებით და აქვს ამის დაფინანსების სხვა, არასახელმწიფო ალტერნატიული წყარო (მაგ., ნათესავი, მეგობარი).

ახალი დადგენილების თანახმად, პაციენტს ჩამორთმეული აქვს უფლება, გაიუმჯობესოს სამედიცინო სერვისის ხარისხი. გაუგებარია, რატომ ართმევს ახალი დადგენილება პაციენტებს უკეთესი და ძვირად ღირებული სამედიცინო მასალებისა და მოწყობილობების გამოყენების შესაძლებლობას.

- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ერთი და იმავე ინტერვენციის ფასი ზოგ კლინიკაში იყო 17, 18, 19 ათასი ლარი, სხვაგან - 34.000 ლარზე მეტი. მისივე თქმით, ეს უთანაბრობა ძალიან რთული ასახსნელია. - ვეთანხმები ქალბატონ თამარს და ვიზიარებ მის გულისწყრომას, მაგრამ ასეთი კითხვაც მაქვს - ეს უთანაბრობა ხომ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა? არაერთი პრეტენზია მოგვისმენია ზოგიერთი კლინიკის მხრიდან და ეს უთანაბრობა სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკით იყო განპირობებული. სად იყო სამინისტრო აქამდე? რატომ მისცა სამინისტრომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ახალგახსნილ დაწესებულებებს სამედიცინო სერვისებზე თIითქმის შეუზღუდავი ფასნამატის უფლება?! იმავე დროს, უკვე მოქმედ კლინიკებს ფასების ამგვარი ცვლილება "ისტორიული მინიმუმის" პრინციპით ეკრძალებოდათ. ძველი და ახალი სამედიცინო დაწესებულებებისთვის არათანაბარი კონკურენტული გარემო იყო შექმნილი და შედეგსაც ვიმკიდით.

- გაბუნიას თქმით, თუ ვინმეს ეს ტარიფები არ მოსწონს, შეუძლია დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მთავრობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და არც ცვლილება გადავადდება...

- ასეთი კატეგორიული განცხადებები ხელს არ შეუწყობს სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობას. სამწუხაროა, მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული, რომ დაბალი ტარიფების პრობლემა არ არის მხოლოდ ის, ვიღაცას ისინი მოსწონს თუ არ მოსწონს. სინამდვილეში, ეს ტარიფები დიდ პრობლემას უქმნის პრაქტიკულ ჯანდაცვას, ხარისხსა და უსაფრთხოებას, დარგის განვითარების პერსპექტივებს.

- საზოგადოება და ექიმების ნაწილი ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილებები ჯანდაცვის ხარისხზეც აისახება. ექიმების თქმით, სამინისტროს შეთავაზებული ტარიფების უმრავლესობა ისეთი დაბალია, რეალურ ფასებს ვერ ასახავს, ეს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეების სამედიცინო სერვისს გააუარესებს... - ახალი ტარიფების არაადეკვატურობა განვიხილოთ ორი მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური პროცედურის მაგალითზე. შედარებისას გამოვიყენოთ ამ პროცედურების ხარისხიანად და უსაფრთხოდ ჩატარებისათვის საჭირო მასალებისა და მედიკამენტების სტანდარტული ჩამონათვალი და მათი საბაზრო ღირებულება.

პირველი მაგალითი - ინვაზიური დიაგნოსტიკური პროცედურა - კორონაროგრაფია სამინისტროს ახალი ტარიფით განფასებულია 550 ლარად. ამ თანხაში რატომღაც შეყვანილია ერთი საწოლ/დღის ღირებულებაც - 240 ლარი. ე.ი. საკუთრივ პროცედურისათვის რჩება 310 ლარი.

ახლა გადავხედოთ კორონაროგრაფიის ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური მასალებისა და მედიკამენტების ტიპურ ჩამონათვალს და მათ საშუალო საბაზრო ღირებულებას. ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ პროცედურის ნორმალურად ჩასატარებლად მხოლოდ მასალებსა და მედიკამენტებზე 300 ლარზე მეტი იხარჯება. გარდა ამისა, ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ძვირად ღირებული პროცედურები (დაახლოებით 1.500 ლარი). ამას ემატება აპარატურის ამორტიზაციის ანარიცხები, 3-4 თანამშრომლის ხელფასი, სხვა არაპირდაპირი ხარჯები და ა.შ.

მეორე მაგალითი - კორონარული სტენტირება ორი სტენტის იმპლანტაციით ახალი ტარიფით განფასებულია 2.100 ლარად. ამ თანხაში რატომღაც ასევე შეყვანილია კორონაროგრაფიის (და ერთი საწოლ/დღის) ღირებულება - 550 ლარი. ამგვარად, საკუთრივ კორონარული სტენტირების პროცედურისათვის რჩება= 1.550 ლარი. აღნიშნული პროცედურის ნორმალურად ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური მასალებისა და მედიკამენტების ღირებულების გათვალისწინებით დანახარჯმა (სტენტების ღირებულების გარეშე) შეიძლება 1.100 ლარზე მეტი შეადგინოს. ამას უნდა დავუმატოთ ორი სტენტის ღირებულება - ევროპული და ამერიკული წარმოების სტენტების შემთხვევაში 1.000 ლარზე მეტი, ხოლო სხვა ქვეყნებში ნაწარმოები სტენტების გამოყენების შემთხვევაში - 590 ლარი ან მეტი. ამ ციფრების შეჯამებით ირკვევა, რომ ორი სტენტით კორონარული სტენტირების პროცედურისათვის საჭირო მარტო მასალებისა და მედიკამენტების ღირებულებამ, შესაძლოა, 1.700-2.100 ლარს გადააჭარბოს.

მსგავსი შეუსაბამობაა სხვა მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური პროცედურების ტარიფებშიც და, იმედია, ეს მაგალითები დაგანახებთ, შესაძლებელია თუ არა ახალი ტარიფების გამოყენებით თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისების ხარისხიანად ჩატარება.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას რატომ დასჭირდა ამის გაკეთება?

- ეს ჩემთვისაც გაუგებარია.