ახალი წელი ზღვაში და ცაში - კვირის პალიტრა

ახალი წელი ზღვაში და ცაში

არის ხალხი, ვინც ახალ წელს ოჯახში კი არა, დედამიწაზეც ვერ ხვდება - ან ზღვის ტალღებზე ეგებება მოახლოებულ წელიწადს, ან ცაში, 12 500 მეტრზე, ღრუბლებში... როგორ ხვდებიან მფრინავები და თვეობით ზღვაში გასული შორეული ზღვაოსნობის კაპიტნები ახალ წელს, თავად მოგვითხრობენ:

მიხეილ ხარაიშვილი, კომპანია "აირზენას" ხომალდის მეთაური: - სამი ძმა ვართ და სამივე დედის გამომცხვარი გემრიელი ხაჭაპურითა თუ გოზინაყით ვხვდებოდით ახალ წელს. ახლა კი, როდესაც ორი ძმა მფრინავი გავხდით, და მესამეც მფრინავობისთვის ემზადება, უკვე ცაში ვხვდებით. მე ორჯერ "შევეყარე" ახალ წელიწადს ცაში - ერთხელ კენიის რეისზე, მეორეჯერ კი ისრაელიდან საქართველოში გადმოფრენისას. ხშირი მგზავრები ხმაზე მცნობენ და ბორტგამცილებლებს ეკითხებიან, ეს ის არ არის, ჩქარა რომ ჩაგვიყვანსო?

დადგენილ ნორმებს ვერავინ გადაუხვევს, მაგრამ საფრენი ბილიკები ცაშიც გადის და მათი "მოჭრის" შესაძლებლობა არსებობს. მოკლედ, იმ წელიწადს ახალ წელს უგანდის დროით შევხვდი, ისე, რომ აეროპორტიდანაც ვერ გამოვედით, ჩაფრენისთანავე უნდა გადმოვფრენილიყავით. რადგან ეკიპაჟი 10-საათიანი ფრენის შემდეგ უნდა შეიცვალოს, უკანა გზაზე შემცვლელი ეკიპაჟიც გამოვიყოლეთ. ასე რომ, მე თვითმფრინავის საჭეს ვუჯექი, შემცვლელი ეკიპაჟი და მგზავრები კი ილხენდნენ. აი, მეორე ახალი წლის ჰაერში შესახვედრად კი გულმოდგინედ მოვემზადე.

- როგორ? - ერთი მფრინავი გვყავდა, დათო ხატიაშვილი. წინასაახალწლოდ დათომ შეადგინა ფრენის განრიგი და უეცრად ამოიოხრა, რა ვქნა, ახალ წელს ვის ვუთხრა, ისევ მე უნდა გავფრინდე, წამომყვები, მიშაო? აბა, რას ვიზამ-მეთქი. ისრაელში მივფრინავდით. სანტა-კლაუსების ქუდები და ფუმფულა სათამაშოები ვიყიდე და მთელ ეკიპაჟს დავურიგე. მგზავრებს ლამაზი ბორტგამცილებელი სანტა-კლაუსის ქუდით რომ გამოეცხადება, კარგ ხასიათზე ვინ არ დადგება! მერე დათოს ვუთხარი, თბილისში ჩამოფრენა განრიგით თორმეტს რომ ოცი წუთი დააკლდება, მაგ დროს გვიწევს. ამიტომ ან ავჩქარდეთ ფრენისას, რომ 12 საათზე ოჯახებში ვიყოთ, ან ცოტა დავიგვიანოთ და თბილისის თავზე ფეიერვერკს ჩამოვუსწროთ-მეთქი.

წესით, ისრაელში დაშვების წინ ქვეყნის სამხედრო ზონას უნდა დაუკავშირდე ნებართვის ასაღებად. ზონის ოპერატორი გოგონა გამოდგა, რომელსაც მილოცვის მთელი "არზა" წარვუდგინე! ბოლოს კი ჩვენი რეისის ნომერი - 6777 მოვახსენე. მან კი მიპასუხა, თქვენი შესვლა ისრაელის ზონაში დაშვებულია და სხვათა შორის, თქვენი ნომერი - 6777 ჩემი სახლის ტელეფონს ემთხვევა, მე კი ამ საღამოს შინ ვარ და თანაც მარტოო. სამწუხაროდ, სტუმრობა არ გამოვიდოდა, სამაგიეროდ, 20 წუთით ადრე გადმოვფრინდით.

- ეგ როგორ? - თვითმფრინავში ყველა მგზავრი ადგილზე იყო. აეროპორტის მენეჯერს ვეახლე, იქნებ ცოტა ადრე გაგვიშვათ-მეთქი! გამოგვიშვა და თბილისის დროით ზუსტად 11 საათზე ჩამოვფრინდით!

ლევან მამალაძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი გვიამბობს:

- გვინეის ყურეში ვცურავდით. იქ მეკობრეები ხშირად "გვსტუმრობენ". ჰოდა, იქაურ წყლებში "იშვიათი" ახალი წელი დგება - სიცხე +40 გრადუსზე ადის. ჩვენც სწორედ ასეთ სიცხეში გაგვიფუჭდა კონდიციონერი, არადა, სულ ცოტა, 10 დღის განმავლობაში ნაპირს ვერ მივუახლოვდებოდით. ჰოდა, იმ 10 დღეში სუნთქვაც გაგვიჭირდა, არათუ ახალი წლის აღნიშვნაზე ფიქრი. სამაგიეროდ, ძველით ახალი წლისთვის კონდიციონერიც შევაკეთეთ და ახალი წელიც აღვნიშნეთ, "დანაკლისი" სუფთა ქართული სუფრით ავინაზღაურეთ. მზარეული ქართველი გვყავს, იცოდა, ახალი წლის შეხვედრა ზღვაზე მოგვიწევდა და არა მარტო ინდაური და ნიგოზი, გოჭიც გამოიძღვანია.

ისეთი ახალი წელიც გვქონია, საერთოდ რომ ვერ მოვახერხეთ აღნიშვნა, ინდოეთის ოკეანეში. საახალწლოდ ისეთი ღელვა იყო, მაგიდა აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა... სულ ასე კი არ არის, რამდენჯერ სანაპიროზე ბრწყინვალე ფეიერვერკის თანხლებით შევხვედრივართ ახალ წელს.