"ვუთხარი, გვირილა მიყვარს, მაგრამ ამ თოვლში ვერსად ნახავ-მეთქი. ჯვრისწერის დღეს გვირილების უზარმაზარი თაიგული მომართვა" - კვირის პალიტრა

"ვუთხარი, გვირილა მიყვარს, მაგრამ ამ თოვლში ვერსად ნახავ-მეთქი. ჯვრისწერის დღეს გვირილების უზარმაზარი თაიგული მომართვა"

"სიყვარულია, როცა პირველ რიგში მასზე ფიქრობ და არა საკუთარ თავზე"

ცოტა ხნის წინ ქართველ საოპერო მომღერალს, მსოფლიოს ვარსკვლავს ლადო ათანელს ოჯახში ვესტუმრეთ. მან და მისმა მეუღლემ, მანანა ჩიქოვანმა მათი პირადი და შემოქმედებითი თანაცხოვრების შესახებ არაერთი ექსკლუზიური დეტალი გაგვიმხილეს...

- მეუღლეს, რომელიც თქვენი პირადი კონცერტმაისტერია, "ღვთისგან ბოძებულ ანგელოზს" უწოდებთ...

- მანანამ ორი საოცარი წიგნის გამოცემას უხელმძღვანელა, მისი დამსახურებით არსებობს უამრავი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი, აქტიურად მონაწილეობს საკონცერტო პროგრამების განხილვაში. მოკლედ, დიდი ძალაა, როცა გვერდით ნამდვილი პროფესიონალი, გასაოცარი ენერგიისა და ინტუიციის მქონე, განათლებული და გემოვნებიანი ადამიანი გყავს. მასთან ერთად 43 საოპერო როლი მოვამზადე, მისი თანადგომით გავიმარჯვე ორ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსზე. ის მეგობარია როგორც შემოქმედებით, ისე პირად ცხოვრებაში.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით? მანანა ჩიქოვანი:

- 27 ნოემბერს ჩვენი ერთად ყოფნიდან 26 წელი გავიდა. მადლობა თქვენს ჟურნალს ინტერვიუს სახით გაკეთებული საჩუქრისთვის. კონსერვატორიაში თანამშრომლები ვიყავით. ლადომ თავის ერთ-ერთ გამოსვლაზე დაგვპატიჟა. მისი ნამღერი რომ მოვისმინე, ვთქვი, ლადო ძალიან ჰგავს მარიო ლანცას, დიდი მომღერალი გამოვა-მეთქი. კულისებში წარმატებული გამოსვლა მივულოცე და აღვნიშნე, სცენაზე ძალიან კარგი ხართ-მეთქი. ეწყინა, ანუ სცენის მიღმა კარგი არ ვარო (იღიმის)?.. სამი წლიდან ოპერაში ვიზრდებოდი. მამა, შალვა ჩიქოვანი მხატვარი, დედა კი მომღერალი, მეცოსოპრანო გახლდათ. ამიტომ, ერთი ნახვით ვგრძნობდი, ვის როგორი მომავალი ექნებოდა. როცა პირველად საოპერო სტუდიაში პაატა ბურჭულაძის გამოსვლა მოვისმინე, ვთქვი, მსოფლიო ბანი გახდება-მეთქი, ლადოს კი მსოფლიო ბარიტონობა ვუწინასწარმეტყველე (იცინის). მაშინ გაეცინა, მაგრამ ჩემი ნათქვამი ახდა. ბედნიერი ვარ, რომ მისი წარმატება და აღფრთოვანებული მაყურებელი მსოფლიოს უდიდეს სცენებზე მაქვს ნანახი. რად ღირს, თუნდაც, სხვადასხვა პროექტზე პლასიდო დომინგოსთან ერთად მუშაობა. პლასიდოს მეუღლე, მარტა დომინგო ლადოს ხმით აღფრთოვანებული იყო და სადაც კი სპექტაკლს დადგამდა, მხოლოდ ათანელს ითხოვდა. ჯვარი 1993 წლის 27 ნოემბერს დავიწერეთ. მახსოვს, ყველაფერი თოვლით იყო გადათეთრებული. ლადომ მკითხა, რა ყვავილი მიყვარდა. ვუთხარი, გვირილა მიყვარს, მაგრამ ამ თოვლში ვერსად ნახავ-მეთქი. მოახერხა და ჯვრისწერის დღეს გვირილების უზარმაზარი თაიგული მომართვა. ჩვენი მეჯვარე მაესტრო ნოდარ ანდღულაძე გახლდათ, რომელმაც ქორწილი საკუთარ სახლში გადაგვიხადა. როცა მოსაღამოვდა, დრო სანთლის შუქზე, რომანტიკულად გავატარეთ (იცინის), მაშინ ხომ ელექტროენერგია სანატრელი გვქონდა... სუფრის წევრებს შორის გახლდნენ ცისანა ტატიშვილი და გოგი თოთიბაძე. საოცარი დამთხვევა იყო, როცა საქორწინო საჩუქრად ოთახში გოგი თოთიბაძის ნამუშევარი - გვირილების ულამაზესი სურათი შემოიტანეს.

- ქალბატონო მანანა, თქვენ აღნიშნეთ: გყავდეს სახლში ხელოვანი, ნიშნავს იმავეს, ბავშვს უვლიდეო...

- მართლაც ასეა, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. როცა უნდა იმღეროს, წინა სამი დღე თითის წვერებზე დავდივარ... თუ შენიშვნას მომცემს, ვფიქრობ ხოლმე, - ერთი იმღერე და მერე გიპასუხებ-მეთქი, მაგრამ ისე იმღერებს, წყენა მავიწყდება (იცინის).

- თქვენი განსაზღვრებით, რა არის სიყვარული? ლადო ათანელი:

- ეს არის გრძნობა, რის გამოც სიმშვიდე დაკარგული გაქვს. ცხოვრება, ერთი მხრივ, აღმაფრენით მიდის, მეორე მხრივ კი - ტანჯვით. ესაა ერთგულება, გულწრფელობა და პატივისცემა. სიყვარულია, როცა ადამიანი მუდმივად გენატრება და მის გამო თავსაც უყოყმანოდ გაწირავ.

მანანა ჩიქოვანი: - სიყვარულია, როცა პირველ რიგში მასზე ფიქრობ და არა საკუთარ თავზე. ბევრი მეუღლე სპექტაკლზე არ მიდის იმ მიზეზით, რომ არ ინერვიულოს...

ლადო ათანელი: - მათი მეუღლეები ალბათ, კარგად ვერ მღერიან... (იცინის)

მანანა ჩიქოვანი: - მე თან იმის გამო ვღელავ, რომ მღერის... თან ვიდეოს ვიღებ. სიყვარულია, როცა ამას ნებაყოფლობით აკეთებ. არც რეჟისორად მიმუშავია, არც გამნათებლად და არც სცენის მუშად, მაგრამ როცა საჭირო გახდა, შევძელი. როცა გიყვარს, სიყვარული თვითონ გკარნახობს რაღაცებს და ყველაფერი შესაძლებელი ხდება. (იხილეთ სრულად)