"შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში მეგობრები არაფრით მტოვებდნენ" - კვირის პალიტრა

"შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში მეგობრები არაფრით მტოვებდნენ"

"კვირის პალიტრის" არქივი, 2019 წელი

26 მარტს 80 წელი შეუსრულდა და, ფაქტობრივად, მთელი 2019 წელიც მისი იყო. საიუბილეოდ მის პიესებზე დადგმული სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგინეს, ხარაგაულის თეატრი კი აქეთაც ეწვია, თბილისში. დედაქალაქში სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, განსაკუთრებით სკოლები აქტიურობდნენ. სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი და მოკრძალებული ბუნებით გამორჩეული თანამედროვეობის დიდი მწერალი ბატონი გურამ დოჩანაშვილი უფროსებს, ბავშვებსა და ახალგაზრდებს თანაბრად უყვართ. თავადაც შეიძლება უფროსი ასაკის ადამიანებთან შეხვედრაზე ვერ წავიდეს, მაგრამ უმცროს თაობას თითქმის არასდროს აწბილებს, მთავარია, ჯანმრთელობამ არ შეუშალოს ხელი გთავაზობთ ნაწყვეტს გურამ დოჩანაშვილის ინტერვიუდან:

"ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი!"

მძიმე დროში ვიცხოვრე, მაგრამ ღმერთმა დიდი წყალობა მომცა, საუკეთესო უფროსი მეგობრები მყავდა. ეს რა ვთქვი! მყავდა კი არა, ახლაც მყავს - ბატონი რეზო თაბუკაშვილი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, ბატონი ოთარ ნოდია, ბატონი რომან მიმინოშვილი. ყველა მათგანი პარტიული იყო. რატომ? მე ხომ ვიცი, კომუნისტური პარტიისადმი რა დამოკიდებულება ჰქონდა, მაგალითად, ბატონ ნიკო ჭავჭავაძეს, მაგრამ სხვაგვარად ვინ დანიშნავდა მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელად მაშინ, როდესაც ფილოსოფია პარტისტორიად აღიქმებოდა, არადა, ბატონმა ნიკომ სწორედ ამით გაათავისუფლა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმისგან და რა ხალხი გაზარდა - თუნდაც მერაბ მამარდაშვილი! ან ვინ დანიშნავდა ბატონ რეზო ჩხეიძეს კინოსტუდიის დირექტორად, პარტიული რომ არ ყოფილიყო? ბატონი რეზო თაბუკაშვილის გარდა ვინ გადაიღებდა იმ ფილმებს და ვინ ჩამოუტანდა საქართველოს უდიდეს განძს? ეს ხალხი პარტიული იყო, მაგრამ მათი პარტიულობა დიდად განსხვავდებოდა მათგან, ვინც პარტიულობიდან გამომდინარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამგედ უნდა დაენიშნათ...

შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.

ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს... თუნდაც ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი, ისიც ჩემი უფროსი მეგობარი, ექვსჯერ გამოიქცა სტალინის ბანაკებიდან, რუსული სიტყვით რომ ვთქვა, ექვსი "პაბეგი" ჰქონდა. ეს, იცით, რას ნიშნავს? საოცარი კაცი იყო. მეგობრები ვიყავით, მაგრამ მისთვის "ბატონოს" გარეშე არასდროს მიმიმართავს, რადგან მართლაც ბატონი იყო! ან გურამ ასათიანი, დიდებული კაცი, რომელსაც ასევე დიდებული დედა ჰყავდა - დეიდა თინა, ქალბატონი თინა ჭიჭინაძე. გურამი რომ გარდაიცვალა, ვიღაცამ მიუსამძიმრა, თინა, შე საწყალო, რა შვილი გარდაგეცვალაო. საწყალი კი არა ვარ, გურამ ასათიანის დედა ვარო, ასე უპასუხა...

წეღან ამ უფროს მეგობრებზე "მყავდა" რომ ვთქვი და შემრცხვა, რა ვიგულისხმე, იცით? დღესაც რაიმე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება. ერთადერთი, ჩვენ გვყავს უწმინდესი, იმისი ნათქვამი, ხმადაბლა რომ იტყვის ხოლმე, ეს არის ჩემთვის ყველაფერი. მხოლოდ ის მინდა, მისი მრევლის წევრი მაინც ვიყო, თუნდაც სულ უკანასკნელი.

იხილეთ სტატია სრულად - გურამ დოჩანაშვილი: "იცით, რატომ არ ვერევი პოლიტიკაში?"