"იყო სიტუაციები, როცა მართვის სადავეების ხელში აღება საჭირო გახდა და ასეც მოვიქეცი" - კვირის პალიტრა

"იყო სიტუაციები, როცა მართვის სადავეების ხელში აღება საჭირო გახდა და ასეც მოვიქეცი"

ასტროლოგიური პროგნოზი და 12 ადამიანის რეალური ცხოვრება

ყოველი წლის დასაწყისში, ადამიანები ასტროლოგიურ პროგნოზს მეტ-ნაკლებად ყურადღებას აქცევენ. გადავწყვიტეთ, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, 12 ცნობილ ადამიანს გავსაუბრებოდით და მათი ცხოვრების მაგალითზე გაგვერკვია, გამართლდა თუ არა ასტროლოგების წინასწარმეტყველება...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

თათა გიორგობიანი (ვერძი):

"ფიზიკური დატვირთვით ენერგიის დახარჯვა ადამიანს ძალიან აბედნიერებს. კონცერტებზე ბევრ ენერგიას ვხარჯავ: ხალხთან ერთად ვცეკვავ, ვმღერი, სულ ვმოძრაობ... მოკლედ, საკმაოდ "ვიხარჯები", მაგრამ დარბაზში ვარჯიში მაინც სულ სხვა რამეა..."

ჯანო იზორია (კურო):

"2019 წლის დადგომამდე 10 დღით ადრე დავქორწინდით. მე და გვანცა ახალ წელს ერთად შევხვდით, ბუხართან ვისხედით, სახლში მარტო ვიყავით. თან, დიდი თოვლი მოვიდა (წყნეთში ვიყავით). ბუხარი გიზგიზებდა... ჩვენს სანახავად არავინ მოვიდა, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრად ვიყავით (იცინის). კარგი ახალი წელი გვქონდა!.."

ზაალ წულუკიძე, ვინი (კირჩხიბი):

"8-წლიანი ლოდინის შემდეგ, პატარა ალექსანდრა ვიქტორია წულუკიძე დაიბადა. ის ჩვენი პრინცესა, პატარა "კნოპკაა" (იღიმის). მშვიდი ბავშვია... მის სახელს - ალექსანდრა ვიქტორია - რაც შეეხება, ზაფხულში ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა: უფროსი ძმა - ალექსანდრე, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა და დიდი სურვილი გამოავლინა, რომ სენს არ დანებებოდა, გარდაიცვალა... სიმბოლური იყო, რომ ჩემი უფროსი ძმის პატივსაცემად, ჩემს გოგონას ალექსანდრა დავარქვით, ვიქტორია კი - როგორც გამარჯვება ამ ლოდინზე, ტკივილზე..."

ნათია წიწილაშვილი (ლომი):

"ასტროლოგების წინასწარმეტყველება, რომ თითქოს 2019 წელს სიტუაციის მართვის სადავეები ხელში უნდა ამეღო, ზუსტად ახდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ პრინციპში, იყო სიტუაციები, როცა მართვის სადავეების ხელში აღება საჭირო გახდა და ასეც მოვიქეცი (იღიმის)..."

კახა გოგიძე (სასწორი):

"სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი დიპლომატიურობით გამოირჩევა, მაგრამ იმ ზღვარამდე არ უნდა მიიყვანო, რომ მარგარეტ ტეტჩერი გახდეს. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მარგარეტ ტეტჩერი სასწორი იყო, ასევე - რიჩარდ III და ყველასთვის საძულველი პუტინიც... ვისაც სასწორი მერყევი ნიშანი ჰგონია, მაგრად ეშლება. სტალინის პირადმა პარაფსიქოლოგმა - ვოლფ მესინგმა სასწორი ყველაზე საშიშ 3 ნიშანს შორის პირველი დაასახელა..."

ინტერვიუებს სრულად ჟურნალ "გზის" 26 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი