"წამის მეასედში გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა ამას ფატალური შედეგი მოჰყოლოდა" - კვირის პალიტრა

"წამის მეასედში გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა ამას ფატალური შედეგი მოჰყოლოდა"

თუ შეიძლება, რომ 2019 წლის პოლიტიკური პროცესები ერთი ფოტოთი აღიწეროს, ეს უდაოდ იქნება ფოტოგრაფ სერა ძნელაძის მიერ შეჩერებული წამი - ფოტო, რომელზეც ასახული საპროტესტო აქციისას სპეცრაზმის წინ დაწოლილი ადამიანი. უკვე შეიძლება განვლილი წელი შევაფასოთ ერთ-ერთი ყველაზე ბობოქარი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. მოყოლებული გაზაფხულიდან პოლიტიკური პროცესი, ფაქტობრივად, ქუჩაში მიმდინარეობდა.

დავუბრუნდეთ ფოტოს, როგორც შემდეგ გაირკვა, ადამიანი, რომელმაც ერთდროულად საკუთარი პროტესტიც გამოხატა და სპეცრაზმის გაჩერებაც ამ ფორმით სცადა, ბათუმელი პოეტი გენრი დოლიძე იყო. საპროტესტო აქცია რუსთაველზე, რომელიც ფოტოზეა ასახული, მას მერე დაიწყო, რაც ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემის დაანონსებული შეცვლა გადაიფიქრა და ოპოზიციაც და საზოგადოებაც, ფაქტობრივად, მოატყუა. გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა ინტერვიუ წლის ერთ-ერთი მთავარი ფოტოს გმირთან:

- შექმნილმა ვითარებამ გადამაწყვეტინა ამის გაკეთება, იმწუთას სხვა არანაირი ბერკეტი გამაჩნდა, რომ გამომეხატა ჩემი პროტესტი. ხელისუფლებამ წაგვართვა პროპორციული არჩევნები, ამიტომ გამოვედით მშვიდობიან მანიფესტაციაზე, სადაც დაგვარბიეს, ჩამოგვხვეტეს, ჩამოგვრეკეს. არადა, მშვიდობიანად ვიდექით და არც პარლამენტის ბლოკირება გვიცდია. როდესაც ყველანაირი ბერკეტი გამომაცალეს ხელიდან სხვა გზა აღარ მრჩებოდა, ან აგრესიულად უნდა გამომეხატა ჩემი პროტესტი ან ამ ფორმით მეჩვენებინა ჩვენი ხელისუფლების რეალური სახე მსოფლიოსთვის.

- რა მოხდა სპეცრაზმის დაძვრის შემდეგ, რას განიცდიდით? - მახსოვს აღელვებული ვიყავი და გულის სიღრმეში, წამის მეასედში გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა ამას ფატალური შედეგი მოჰყოლოდა, მაგრამ ვიცოდი ისიც, რომ პროტესტის არააგრესიული ფორმა იყო სწორი ნაბიჯი. დღემდე გულწრფელად მწამს, რომ პროპორციული არჩევნები მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვისა და ჩემი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი.

- რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს ფოტოს ნახვისას? - ღმერთს მადლობა, რომ ჩემი ბავშვები პატარები არიან. ვიმედოვნებ, ეს სტრესი არ იყო მათთვის, თუმცა, ვფიქრობ, ჩემმა უფროსმა გოგონამ, რომელიც 5 წლისაა მცირედ მაინც განიცადა, როცა გაიგო, რომ ფოტოზე მამაკაცი მე ვიყავი. რადგან თავზე კაპიუშონი მეფარა, თავიდან ვერავინ მიცნო. ეს ყველაფერი, უპირველესად, ოჯახისთვის გავაკეთე და მათგან განსაკუთრებულად დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.

- ბევრს გაუკვირდა, რომ პოეტი კაცი პოლიტიკურ აქციაში იღებდით მონაწილეობას...

- ცდება თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოეტი ცალკე აკვარიუმში ცხოვრობს და მას თავისი სამშობლო არ უნდა ადარდებდეს. ჩვენ გვყავდნენ მწერლები და პოეტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, შესაბამისად, მეც ჩემ მოქალაქეობრივ მოვალეობად მიმაჩნდა და მიმაჩნია ჩემი პოზიციის გამოხატვა.

- მკითხველმა უკეთ რომ გაგიცნოთ, მოგვიყევით თქვენს შესახებ...

- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მყავს ოჯახი - მეუღლე და ორი შვილი. ბათუმში ვცხოვრობ, დიდი ხანია ლექსებს ვწერ და საკუთარ თავს ვეძებ, ვცდილობდი რომ სოციალურად აქტიური პროექტები შემექმნა, თუმცა ისეთი სისტემაა თუ პარტიული არ ხარ, რთულია რამის გაკეთება. ჩემი სტილი არასდროს ყოფილა ხელმწიფის ნავში ჯდომა...

- აქტიურად ხართ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ხომ არ გეგმავთ პოლიტიკაში მოსვლას? - შეიძლება ითქვას, რომ რაღაც თვალსაზრისით უკვე პოლიტიკაში ვარ, თუმცა ჩემი ამბციები არ გადის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, ერთ-ერთი რიგითი ხმოსანი ან კანონმდებელი. ამჟამად ალეკო ელისაშვილთან და ჩემ მეგობრებთან ერთად ვაპირებ, რომ ახალი სიმძიმის ცენტრი შევქმნათ. ვფიქრობ, რომ თუ მეტი პატიოსანი ხალხი შევა პარლამენტში, პოლიტიკაც პატიოსანი გახდება. ჩემთვის ექვთიმე თაყაიშვილი და ილია ჭავჭავაძე არიან მაგალითები, რომლებმაც ქართული პოლიტიკის საფუძვლები შექმნეს.

იხილეთ: 2019 წლის ყველაზე ემოციური ფოტოები

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)