"ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა იყო" - კვირის პალიტრა

"ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა იყო"

ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების ფაქტზე დაკითხვაზე მყოფი ორი მძღოლიდან ერთი უკვე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის კონსულმა ზვიად ტატიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტობუსის მგზავრების შეკრება. ნაწილი რჩება სტაციონარში. დაშავებულებიდან 5 საქართველოს მოქალაქეა. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე პირი აღარ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და რჩება რუსეთში. ვინც გეგმავს საქართველოში წამოსვლას, მათთვის ტრანსპორტს ვიძიებთ. გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ ავტობუსში. ჯერჯერობით უცნობია, დაკრძალვა რუსეთში მოხდება თუ საქართველოში გადმოასვენებენ. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერში დავეხმარებით," - განაცხადა ზვიად ტატიშვილმა.

შეგახსენებთ, ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

"ინტერპრესნიუსი"