"ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ, მაგრამ..."

"რაც ყველაზე მეტად უნდათ ქართველებს, არის სიმშვიდე, მშვიდობა. მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაუთავებელი დაპირისპირება, ლანძღვა. მინდა ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე"

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი "კვირის პალიტრას" უამბობს, თუ როგორი იყო მისთვის 2019 წელი, ასევე გაგვიმხელს, როგორი გეგმებითა და იმედით ხვდება ვირთხის წელიწადს. (ინტერვიუ ჩაწერილია ახალ წლამდე)

- არ მიყვარს 2019 წელი, არ გამახსენდება კარგად. ამ წელს მოულოდნელი დარტყმა მივიღე, რომელსაც ვერ ვინელებ და, ალბათ, ვერც ვერასდროს შევეგუები. ამ წელს მამა დავკარგე. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. მასევდიანებს ის ნივთები, რომელთაც მამა ეხებოდა, ის ეზო, კიბე, სადაც ადიოდა, ოთახი... ერეკლე სიცოცხლისმოყვარე ადამიანი იყო და ეს ენერგია რომ დააკლდა იქაურობას, მიჭირს შეგუება. მისი გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე, რა არის სიკვდილი. ჩემი დიდი ბებია, რომელიც 101 წლის გარდაიცვალა, ხუმრობდა, ჩემი წასვლის დრო არ დადგაო. შურას რომ ვუყურებდი, უკვდავების მჯეროდა. ახლა გავაცნობიერე სიკვდილის არსებობა. დღე არ გადის, არ ვიფიქრო ერეკლეზე. ისე ვესაუბრები, როგორც ცოცხალს.

- მახსენდება ჩემი და ერეკლე ბადურაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ. ბევრი ილაპარაკა თქვენს შვილზე, ერთი ჭკუის ვართო... - ელენე და ერეკლე ნამდვილი მეგობრები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. პარასკევი-შაბათი-კვირა იყო ერეკლეს დღეები, ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც და ვგიჟდებოდი მასთან დარჩენაზე.

- გარეგნობით მამას ჰგავს, თუმცა მუსიკალური მონაცემები აშკარად დედის აქვს. - მამის გენი მძლავრობს მასში. თუმცა, ვფიქრობ, უფრო პატარაობისას მეტად ჰგავდა მამას, ახლა ეკას ბავშვობის ფოტოებს რომ ვნახულობ, მასთან მსგავსებასაც ვპოულობ. ელენესაც სიმღერის ნიჭი დაჰყვა, რაც ძალიან მახარებს, ცეკვავს და ჩემგან განსხვავებით, კარგად ხატავს, ამაში მამას ჰგავს.

- მამა რა პროფესიის ჰყავს?

- ყოფილი წყალბურთელია და ახლა წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტია მოსკოვში, ასევე ბიზნესმენი.

- დროსთან ერთად თქვენ შორის უთანხმოება დალაგდა? როგორ იყოფთ ელენეს? - მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს. ურთიერთობა დასტაბილურდა. ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თითქმის 3 წელია, ახალი ოჯახი ჰყავს - მეუღლე, შვილი. ელენე ამ ახალ წელს მამასთან შეხვდება.

- თქვენ თუ გეგმავთ დაოჯახებას?

- დიდი დაკვირვება მართებს ადამიანს, როცა მეორედ ქმნის ოჯახს. უნდა აწონ-დაწონო და ისე გადაწყვიტო, სიყვარულის გარდა, ბევრი რამ უნდა იყოს მისაღები როგორც მისთვის, ასევე შენთვის. ჯერ დაქორწინებას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან მინდა შევქმნა მყარი, დიდი ოჯახი და მყავდეს ბევრი შვილი. ვნახოთ, ალბათ, ასეც იქნება, თუ ღმერთი ინებებს.

- ახალი წლისთვის როგორ ემზადებით? - სამზადისს ბებო უძღვება. ვერ ვიტყვი, რომ აქტიური ვარ ამ საქმეში. ნაძვის ხის მორთვა ბავშვებს გადავაბარე - ბებია-ბაბუასთან ერთად მორთეს. ახალ წელს კონცერტი მაქვს, მერე მეგობრებთან ერთად გავატარებ დროს. არ ვიცი, რას მოგვიტანს ვირთხის წელი, მხოლოდ ის ვიცი, რომ თეთრი სამოსით უნდა შევხვდეთ.

საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. რაც ყველაზე მეტად უნდათ ქართველებს, არის სიმშვიდე, მშვიდობა. მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაუთავებელი დაპირისპირება, ლანძღვა. მინდა ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე. სიმშვიდეს, სიყვარულს, ბედნიერებასა და თვითრეალიზებას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.