"გვიანი არასოდეს არის და თუ ბედი გამოჩნდა, რატომაც არა... თანახმა ვარ, იყოს ქვრივიც, ოღონდ "დაპარიატკებული" - თბილისელი საქმროს მოლოდინში - კვირის პალიტრა

"გვიანი არასოდეს არის და თუ ბედი გამოჩნდა, რატომაც არა... თანახმა ვარ, იყოს ქვრივიც, ოღონდ "დაპარიატკებული" - თბილისელი საქმროს მოლოდინში

ოზურგეთის საკრებულოში მდივანმა 21-ე უფროსი "მოინელა"

მაია ნარსიას ოზურგეთში ყველა იცნობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მდივნად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს, ამასთან, 15-წლიანი სტაჟი სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მედდის სპეციალობით. მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო მაშინდელი მახარაძის რაიონის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მდივნად. როგორც ამბობს, ახლანდელი ხელმძღვანელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მისთვის რიგით 21-ე უფროსია. ერთი შეხედვით მკაცრი და შეუვალი ქალბატონის მიღმა გულღია, იუმორით სავსე ადამიანია. "57 წლის გასათხოვარი ქალი კი ვარ, მაგრამ გული მაქვს 15 წლის", - გვეუბნება ხალისით და იმასაც დასძენს, რომ სამსახურში სიმკაცრე მისი პროფესიის ნაწილია.

"ჩემს სამსახურს სიმკაცრე სჭირდება. წლების წინ კანცელარიის მმართველად მედიკო მეხუზლა მუშაობდა. ერთხელ მითხრა, მე რომ არა ვარ, მაშინ ხარ საჭირო, თორემ როცა მე ვარ, მეც კი გავცემ ყველას პასუხსო. დღემდე ამით ვხელმძღვანელობ, - გვიყვება ქალბატონი მაია, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულს არა, მაგრამ ახალ წელს შეძლებულ თბილისელ მამაკაცს ელოდება:

- გვიანი არასოდეს არის და თუ ბედი გამოჩნდა, რატომაც არა, იმედია, ახალ წელს გამოჩნდება. მთავარი მოთხოვნა ის მაქვს, რომ თბილისელი და შეძლებული იყოს. ოზურგეთელი ან ბათუმელი არ მინდა. თბილისელი იმიტომ, რომ ჩემს ძმისშვილსაც წავიყვან - სტუდენტი ხდება და მისი ბინის ქირა ჩემი გადასახდელი იქნება. თანახმა ვარ, იყოს ქვრივიც, ოღონდ "დაპარიატკებული", - ამბობს ღიმილით.

ყოველთვის უნდა ეცადო, რომ სხვებს კარგი განწყობა გადასცე. ისედაც დაძაბული ცხოვრებაა და კიდევ რატომ უნდა დავძაბოთ ერთმანეთი?! ბედნიერი ვარ, რომ სწორი გზით ვიცხოვრე, რომ ადამიანებისგან ყოველთვის სიყვარულს ვგრძნობ, დღემდე სიყვარულით მხვდებიან. მახსოვს, დავით მდინარაძე რომ დაინიშნა სამშობიაროს დირექტორად, ძალიან მეშინოდა მისი - დერეფანში რომ გაივლიდა, შიშის ზარს მცემდა. დღეს მეგობრები ვართ. მითხრა კიდეც, საკრებულოდან თუ წამოხვალ, სამშობიარო ბლოკში შენი ადგილი ყოველთვის იქნებაო. ძალიან გამიძნელდა სამშობიაროს დატოვება, თუმცა, როცა კანონით ორ სამსახურში ერთდროულად მუშაობა აიკრძალა, არჩევნის გაკეთებამ მომიწია. ერთი მშობიარის მოვლაზე მაშინ 20 თეთრს გვიხდიდნენ, საკრებულოში კი ანაზღაურება უფრო მეტი იყო, მეც ის ავირჩიე და არც მინანია.

ქალბატონ მაიას თავს გადახდენილი სახალისო ამბების გახსენება არ უყვარს, ფიქრობს, რომ ამით შეიძლება ვინმეს აწყენინოს, მაგრამ "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის გამონაკლისი მაინც დაუშვა.

- ერთ-ერთი უფროსი არასამუშაო საათებში მისაღებში ტელევიზორის ყურებას მიკრძალავდა. ერთხელ შემოვიდა, როცა ტელევიზორი ჩართული მქონდა და სახეზე სიმკაცრე შევატყვე. მივახალე, გორში სტალინის ძეგლი ჩამოაგდეს, ბატონო, რომ არ მეყურებინა, დეტალებსაც ვერ გეტყოდით-მეთქი...

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როცა საკრებულოს თავმჯდომარესთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ. ოთახში მდივნის გვერდის ავლით შესვლა დააპირეს, მაგრამ არ დავანებე. გამიბრაზდნენ. ქალბატონო, სუს-იდან ვართ, როგორ არ გვიშვებთო. სუს-ი რომ ხართ, სწორედ მაგ დროს უნდა გაფრთხილება, აბა, რიგითები რომ იყოთ, კი არ გადაგიდგებოდით-მეთქი, არ დავტოვე უპასუხოდ.

როგორც გავარკვიეთ, ქალბატონ მაიას საკრებულოს გარდა, თუკი ვინმე გარდაცვლილია, მის ტირილშიც ნახავთ.

- პატარა გოგონა ვიყავი, როცა სამსახური დავიწყე. არ მიყვარდა გასვენებებში სიარული, მაგრამ აქ ყველა ჩემზე უფროსი მუშაობდა და ძალით დამატარებდნენ. ერთხელ ერთ გასვენებაში მისულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი კლასელის ბებია გარდაცვლილიყო. დამინახეს თუ არა, მომატირეს, როგორ დაგვაფასე და პატივი გვეციო. ასე გამომარჩიეს ყველაში ძალით წაყვანილი და ამის შემდეგ თუ გავიგე, სადმე მკვდარია, ყველას გასვენებაში მივდივარ...

მაკვანეთში ვცხოვრობ, საიდანაც ხშირად გააქვთ ინერტული მასალა. მძიმეწონიანი მანქანების გამო დაიბზარა ჩემი სახლის კედლები. ბევრი ვიდავე და არაფერი რომ არ გამოვიდა, გავედი, გადავკეტე ქუჩა, გავაჩერე 30 მანქანა და გამოვიძახე პატრული. ატყდა ამბავი, ცენტრალურ გზაზე მოძრაობის გაჩერება როგორ შეიძლებაო. საქმეში პოლიციის უფროსიც ჩაერთო, გზის გათავისუფლებას მთხოვდა და თან მპირდებოდა, ყველაფერს მოვაგვარებო. იმდენჯერ მქონდა დაპირება მოსმენილი, ვეღარ მოვითმინე და მივახალე, შენ შენი მიწა-წყალი დაგიტოვებია (ოზურგეთის პოლიციის უფროსი სხვა რეგიონიდან იყო) და ჩემსას რას დაიცავ-მეთქი... ამ ამბის შემდეგ ჩემი ჭალიდან ინერტული მასალები აღარ გაუტანიათ, მაგრამ სახლი არ ვიცი, როდის დაიშლება. იმედი მაქვს, თუ მომავალ წელს თბილისელი საბედო არ გამოჩნდება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მაკვანეთში დაზიანებულ სახლს მაინც გამიმაგრებს.

ნატო გოგელია