"მეორედ 21 წლისამ ვიქორწინე, პარალელურად ხელი მოვაწერე ბათუმელ მანდილოსანთან" - 7-ჯერ დაქორწინებული, მათ შორის ერთდროულად 2-ზე - კვირის პალიტრა

"მეორედ 21 წლისამ ვიქორწინე, პარალელურად ხელი მოვაწერე ბათუმელ მანდილოსანთან" - 7-ჯერ დაქორწინებული, მათ შორის ერთდროულად 2-ზე

"ერთ დღესაც სამივემ ერთად გამომიჭირა, მეოთხესთან... და პასუხიც მაგებინეს"

ოლეგ თავაძე მსახიობია. პროფესიული ნიჭი, სისხარტე და თამაშის უნარი პირად ცხოვრებაშიც არაერთხელ გამოუყენებია. ასე რომ არ ყოფილიყო, წლობით, ალბათ, ვერ შეინახავდა საიდუმლოს, რომ ერთდროულად 2 ქალზე იყო ოფიციალურად დაქორწინებული. დღეს ბატონი ოლეგი 7 ქორწინებიდან 6 შვილის მამა და 7 შვილიშვილის ბაბუაა.

- ბავშვობიდან მაკვარანცხი ვიყავი, 5 წლისას ბაღის ჯგუფელი შემიყვარდა, ერთი დღე გააცდინა და ისე განვიცადე, სიცხემ ამიწია. მოკლედ, ბავშვობიდან ვეთაყვანებოდი სუსტი სქესის წარმომადგენლებს და, ალბათ, ამის ბრალია, ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ერთმანეთზე კარგები რომ შემხვდნენ. პირველად რომ დავქორწინდი, 17 წლის ვიყავი. ეს ისეთი ასაკია, გგონია, ცოლი გინდა, არადა, ქალი გინდა, შე გაჭირვებულო, შენა. სანამ ამას მივხვდი, კი დაგვეშალა 7 თვის თავზე ოჯახი. მეორედ 21 წლისამ ვიქორწინე და 25 წელი ვიცხოვრეთ ერთად.

თუმცა ამ 25 წლის განმავლობაში კიდევ ვიქორწინე ბათუმელ მანდილოსანზე, ფეხმძიმედ დარჩა და ვერ მივატოვებდი. ამიტომ თბილისური ქორწილის შემდეგ ქორწილი ბათუმში გადავიხადე. რადგან პასპორტში ქორწინების რეგისტრაციის ბეჭედი უკვე დასმული იყო, ჯარში წასული ჩემი ძმის პასპორტიდან ამოვიღე ოჯახური მდგომარეობის მაუწყებელი ფურცელი, ჩავდე ჩემს პასპორტში და ბათუმელ ცოლთანაც მოვაწერე ხელი. ქორწილში მაყრად ჩვენი მსახიობები წავიყვანე, ზოგი ჩემს ბიძაშვილს ასახიერებდა, ზოგიც მამიდაშვილს. რომ დავთვერით, აგვერია, ვინ რომელი იყო და კინაღამ გავიყიდეთ. ერთი შაბათ-კვირა ერთ ცოლთან ვიყავი თბილისში, მეორე შაბათ-კვირა - მეორესთან ბათუმში. ერთმა ნოემბერში იმშობიარა, მეორემ - თებერვალში. ორივემ 2-2 შვილი მაჩუქა. ამ ცოლების პარალელურად მეხუთე შვილი ჩემმა კოლეგამ გამიჩინა, რომელიც თბილისიდან ბათუმამდე სიარულში თან მახლდა ხოლმე, ვერც იმას დავტოვებდი უპატრონოდ...

3 წელი ასე ვიცხოვრე. ერთ დღესაც სამივემ ერთად გამომიჭირა, მეოთხესთან... და პასუხიც მაგებინეს. გამომძიებელი მეუბნება, იმიტომ ხომ არ აწერდით რამდენიმეჯერ ხელს, რომ სახელმწიფოსთვის ფული გამოგეძალათო. მაშინდელი კანონმდებლობით, როდესაც ქორწინებას არეგისტრირებდი, სახელმწიფო 210 მანეთს გჩუქნიდა. მე ვუთხარი, რას ბრძანებთ, ხელი იმიტომ მოვაწერე, რომ ჩემს შვილს უკანონოდ დაბადებული არ რქმეოდა-მეთქი. 15 დღე მახეხინეს და პლუს 2 წელი პირობითი მომისაჯეს.

მოსკოვში ვახტანგოვის თეატრალურ სტუდიაში ვსწავლობდი, 90-იანი წლების დამდეგს ვალერი ლეონტიევთან ვმუშაობდი, სადაც გავიცანი ფეხებგრძელი მოცეკვავე, რომელსაც ნამეტნავად შევუყვარდი და მასთანაც შემეძინა ერთი თავაძე.

როცა შევამჩნევდი, რომ მეუღლესთან ურთიერთობა არარომანტიკულ ფაზაში გადადიოდა, ვეუბნებოდი, არ ჯობია, დავშორდეთ და ყურადღება არ მოვაკლო ბავშვებს, ვიდრე ერთად ვიყოთ და ტყუილში გაცხოვრო?! შენც მონახე შენი ბედნიერება, გათხოვდი-მეთქი. ასე ვშორდებოდით, თუმცა განშორების შემდეგ არც ერთი აღარ გათხოვილა. არ ვიცი, ეს რისი დამსახურებაა - ჩემი ყურადღებიანობის თუ ყოფილ მეუღლეებს არ სურდათ, რომ შვილებს სხვა მამაკაცისთვის დაეძახათ მამა.

- ახლა მერამდენე ცოლი გყავთ? - მეშვიდე. 2008 წელს გავიცანი, როცა ახალქალაქის კულტურის სახლიდან გამოდიოდა. 10 წელია ერთად ვართ. მიძლებს და ვუძლებ. ამას ვენაცვალე, ძალიან მიყვარს. სულ 7 ქორწინებიდან 6 შვილი და 7 შვილიშვილი მყავს. ყველას გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, ცოლებსაც და შვილებსაც.

რაც ცირკი აღარ ფუნქციონირებს, სოფელ-სოფელ შემოვლილი მაქვს მთელი საქართველო. ისეთი სოფლის სკოლებში ვარ ნამყოფი, სადაც მხოლოდ 3-4 მოსწავლეა. მათაც ხომ სჭირდებათ ყურადღება. რომ გაიძახიან, მთა და მთაო, შე ოჯახაშენებულო, მოგვეცით საშუალება, რომ ჩავაკითხოთ და ღიმილი ვაჩუქოთ. მხოლოდ ჯაზფესტივალების ჩატარება გვეყოფა?!

საქართველოს არ სჭირდება ამდენი ღვარძლი, დაპირისპირება და ბოღმის ნთხევა. მოეფერეთ ერთმანეთს, ყველა ნეგატივი წარსულში დატოვეთ და სიყვარულით შეხვდით 2020 წელს.