"რომ მითხრეს, სამი ტყუპი გეყოლებათო, ელდა, სიხარული ერთმანეთში ამერია. 30 წლის ვარ, ჩემიანები წუხდნენ, ფეხმძიმობას როგორ გადაიტანსო" - კვირის პალიტრა

"რომ მითხრეს, სამი ტყუპი გეყოლებათო, ელდა, სიხარული ერთმანეთში ამერია. 30 წლის ვარ, ჩემიანები წუხდნენ, ფეხმძიმობას როგორ გადაიტანსო"

"ანამარია ოჯახში დედოფალია, რასაც ამბობს, კანონია, ბიჭებს სახელებიც მან შეურჩია: სანდრო, მათე და გაბრიელი"

შარშან ჩვენს ქვეყანას უამრავი ტყუპი მოევლინა. 2019 წელს ასეთი სიხარული 351 დედას ერგო, თუმცა ეს სრული სია არ არის, ჯერჯერობით ჯანმრთელობის სამინისტროს მხოლოდ სამი კვარტალის მონაცემები აქვს. ჩვენ კი სამი სენაკელი ტყუპის: სანდროს, მათესა და გაბრიელის დედიკოს, მაია ჯიშკარიანს დავუკავშირდით. როცა გაოგნებულმა ექოსკოპისტმა დედას უთხრა, სამი ტყუპი გეყოლებათო, მაია კარგა ხანს გონს ვერ მოვიდა. მამიკო, კაპიტანი ალექსანდრე კავილაძე, 6-თვიანი კონტრაქტით ავღანეთში მსახურობს და ტყუპსა და მათ 4 წლის დაიკოს, ოქროსფერთმიან ანამარიას, მაია მარტო ზრდის.

- ექოსკოპისტმა რომ მითხრა, თქვენ სამი ტყუპის დედა გახდებითო, რამდენიმე წუთს ხმა ვერ ამოვიღე, გაოგნებისაგან თითქოს ენა გადავყლაპე. სიხარული, გაოცება და ელდა ერთმანეთში ამერია. წამებში გამიელვა, ვაიმე, ამ ყველაფერს როგორ გავუმკლავდები-მეთქი, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რა ბედნიერების ღირსი გავხდი. ასე იყო ჩემი მეუღლეც, ჯერ დაიბნა, მერე კი მითხრა, თუ ღმერთმა ამხელა საჩუქარი მოგვცა, გაზრდის ძალასაც მოგვცემსო!

ახლა ჩემი ბიჭები ხუთი თვის არიან, სამივე ერთად თითქმის 18 კგ-ს იწონის. წონაში რომ იმატებენ, თითქოს მეც ძალა მემატება. რომ მოიზრდებიან, ხელში აყვანა იშვიათად დასჭირდებათ. არადა, დაფეხმძიმებამდე სუსტი ჯანმრთელობა მქონდა, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი, 30 წლის ვარ და ჩემიანები წუხდნენ, ამ მძიმე ფეხმძიმობას როგორ გადაიტანსო. ჩვენთვის შეუძლებელი ხომ უფლისთვის შესაძლებელია.

- როგორ შეხვდა ძმებს 4 წლის ანამარია?

- ანამარია ოჯახში დედოფალია, რასაც ამბობს, კანონია, ბიჭებს სახელებიც მან შეურჩია: სანდრო, მათე და გაბრიელი... ჩემი მეუღლე მაისამდე ვერ ჩამოვა. ვერც ჩვენი ახლობლები მეხმარებიან. ამას თითქოს ჩემი პაწაწინები "შეგნებულად" ეკიდებიან: უმეტესად მხოლოდ ფაფის მისართმევად იღვიძებენ, მერე გამთენიამდე სძინავთ. დილით კი ისე ახმაურდებიან, ერთი სული მაქვს, ძიძა როდის მოვა. ფიზიკურად შეუძლებელი იყო, თორემ ძიძაზე უარს ვიტყოდი ჩვენი მატერიალური მდგომარეობის გამო, საკუთარი სახლი ჯერაც არა გვაქვს - სენაკის შეიარაღებული ძალების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობთ.

- ამხელა ბედნიერების შემდეგ სხვა ბედნიერებაც არ დააყოვნებს. - მართალია. მთელი გულით უნდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახალ წელიწადს მატერიალურს არც არაფერს ვნატრობ. მხოლოდ ერთი რამ მინდა - ჩემი შვილების მამა კვლავ ჩვენ გვერდით იყოს, დანარჩენი კი, რაც მოგვეცემა, მადლობელი ვიქნები.

2019 წლის 3 კვარტალის მონაცემებით:

351 მშობიარობის შედეგად 709 პატარა დაიბადა. აქედან: 172 ტყუპია, ანუ 344 პატარა. 7 შემთხვევაში კი 3 ტყუპი, ანუ 21 პატარა გაჩნდა.

იხილეთ ასევე: "მეუღლეს რომ ვამცნე, 4 ტყუპის მამა ხდები-მეთქი, გაიღიმა და დარჩა გაღიმებული"