"მეუღლეს რომ ვამცნე, 4 ტყუპის მამა ხდები-მეთქი, გაიღიმა და დარჩა გაღიმებული" - კვირის პალიტრა

"მეუღლეს რომ ვამცნე, 4 ტყუპის მამა ხდები-მეთქი, გაიღიმა და დარჩა გაღიმებული"

არქივი, 2020-01-03

"შავგვრემანები უფრო სხარტები არიან, ქერები - მშვიდები. ოთხივეს ერთად რომ დავაწვენდი, ლოგინშიც წყვილად ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ წყვილები დავშალე და სკოლაში სხვადასხვა კლასში შევიყვანე"

7 წლის წინ ბათუმელი დიმა კოღუაშვილის ოჯახში 4 ტყუპი - ანდრია, დიმიტრი, ბარბარე და მაია გაჩნდნენ. მათ უფროსი და, 18 წლის ნინი და 5 წლის ძმა, ალექსანდრე ჰყავთ.

ნონა ვარშანიძე:

"ტყუპი 36 წლის ასაკში შემეძინა. მეუღლეს რომ ვამცნე, 4 შვილის მამა ხდები-ნეთქი, გაიღიმა და დარჩა გაღიმებული... მძიმე ორსულობა არ მქონია. წონით 100 კილოგრამამდე ავედი, მიუხედავად ამისა, სამშობიაროში ჩემი ფეხით წავედი - წინ მუცელი მიდიოდა, უკან მე მივყვებოდი. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. თავიდან გამიჭირდა, როგორი შესაგუებელია, ოთხივეს რომ ერთად უნდებოდა ჭამაც, დაძინებაც, გამოცვლაც. თავიდან 4 ძიძა ავიყვანეთ, მერე ძიძების რაოდენობა მცირდებოდა. ახლა უკვე მეორე კლასში ვართ და პედაგოგები გვეხმარებიან.

ოთხივე თითქოს უხილავი ძაფით არის შეკრული - ერთს თუ აწყენინეს, სამივე ერთად დადგება დასაცავად. თუ რომელიმე იცელქებს და კუთხეში დადგომას დაიმსახურებს, სოლიდარობის ნიშნად დანარჩენი სამიც კუთხეებს მიაშურებს.

დაწყვილებულები არიან ქალ-ვაჟი და ქალ-ვაჟი. ერთ წყვილს მუქი თმა და თვალები, მეორეს კი ქერა თმა და ღია ფერის თვალები აქვს. შავგვრემანები უფრო სხარტები არიან, ქერები - მშვიდები. ოთხივეს ერთად რომ დავაწვენდი, წყვილად ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ წყვილები დავშალე და სკოლაში სხვადასხვა კლასში შევიყვანე. კლასშიც ასე დავსვი - თეთრი-შავი, თეთრი-შავი. მინდა თითოეული ინდივიდუალურად ჩამოყალიბდეს და მეგობრების საკუთარი წრე ჰყავდეს. გარდა ამისა, ყველას განსხვავებულად ვაცმევ. მეც ხომ ტყუპი და მყავს და დღემდე ჩემზეა დამოკიდებული...

ტყუპის შემდეგ მეექვსე შვილი შეგვეძინა - ალექსანდრე. ის ახლა ემზადება სკოლაში შესასვლელად, ცდილობს არაფერში ჩამორჩეს უფროს და-ძმებს და ყველაზე მეტს ყვირის, გარბის პირველი, აშავებს პირველი.... უფროსებმა იციან, რომ პატარაა და უთმობენ.

ყველა ბავშვს თავისი ფერი აქვს არჩეული და საჩუქრებს ამ ფერის ქაღალდებში ვუფუთავთ. ეტყობა, თოვლის ბაბუამაც იცის ეს ამბავი და ამ პრინციპით ასაჩუქრებს ხოლმე. წელსაც ერთი სული აქვთ, როდის მოიტანს თოვლის პაპა ფერად საჩუქრებს.