"ჩვენს ქვეყანას, ხალხს, დალხენილი ცხოვრება არასოდეს ჰქონია, მაგრამ ყოველთვის გვქონდა ღირსების განცდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანას, ხალხს, დალხენილი ცხოვრება არასოდეს ჰქონია, მაგრამ ყოველთვის გვქონდა ღირსების განცდა"

"სიბრაზესა და დაუფიქრებლობას სიკეთე არავისთვის მოუტანია. ქვეყანას ჭკვიანი და ნამუსიანი ხალხი სჭირდება"

2019 წელი მიიწურა და ნებისმიერი ჩვენგანი ფიქრობს, რა მოიტანა ამ წელიწადმა, რით იყო წინა წლებისგან გამორჩეული, სამახსოვრო... ცნობილ რეჟისორს თემურ ბაბლუანს 2019-მა წელმა მოულოდნელი სიურპრიზი მოუტანა: მისი რომანი "მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)" ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებული გახდა. "წლის საუკეთესო დებიუტი" - ასე შეაფასა ჟიურიმ იმ რეჟისორის ნაშრომი, რომლის ფილმები საქართველოში ლამის ზეპირად იციან. "უძინართა მზე", "ბეღურების გადაფრენა", "ძმა", "მემკვიდრეობა" - ეს ფილმები მასზე, როგორც შემოქმედზე, ბევრ რამეს ამბობს. მას შესრულებული აქვს დაუვიწყარი როლები, ის მრავალი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია.

2020 წელი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თეთრი ვირთხის წელია. ბატონი თემურიც თეთრი ვირთხის წელშია დაბადებული და მიუხედავად იმისა, რომ ჰოროსკოპებს დიდად არ სწყალობს, მაინც იმედით და სიხარულით შეეგება. დღეს თემურ ბაბლუანი ჩვენი სტუმარია:

- ბატონო თემურ, როგორ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები ლიტერატურაშიც გეცადათ?

- ყველა ჩემი ფილმი ჩემივე სცენარის მიხედვით არის გადაღებული, ასე რომ, ლიტერატურა ჩემთვის ახალი ხილი არ არის. ძალიან ბევრი მოთხრობა და რამდენიმე რომანი მაქვს დაწერილი. მუშაობის თავისუფალი სტილი მაქვს, ამ რომანსაც თითქმის 6-7 წელი ვწერდი. ისე გავიდოდა მთელი წელი, კალამს ხელში არ ავიღებდი, მაგრამ მერე ისევ ვაგრძელებდი წერას.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: იმდენად ცუდი კალიგრაფია მაქვს, ჩემს ნაწერს მე თვითონ ვეღარ ვარჩევ და ჩემი მეუღლე რომ არ დამხმარებოდა, არაფერი გამომივიდოდა. ის გადაწერდა ხოლმე ჩემს ნაფიქრალს და ბოლოს გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ამის გამო მისი მადლობელი ვარ.

- თქვენს უცნობ ქმნილებებს როდის გამოაქვეყნებთ?

- არ ვიცი, მე თვითონ მომინდება თუ არა გამოქვეყნება, მაგრამ ეს რომანი ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო - ის სრულიად მოულოდნელად გახდა "საბას" გამარჯვებული: გამომცემლობამ ისე წარადგინა, რომ არც ვიცოდი და მისი გამარჯვება ჩემთვის სასიამოვნო, მოულოდნელი ამბავი იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ "მზე, მთვარე და პურის ყანა" "საბაზე" იყო წარდგენილი.

- ახალ წელს ჩვენი ქვეყანა პრობლემებით ხვდება. როგორ ფიქრობთ, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, რომ გადარჩეს და ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს? - ძალიან რთულ შეკითხვას მისვამთ, რომელზეც პასუხი მე არა მაქვს. პოლიტიკაში ჩარევა არ მიყვარს, ამიტომ ერთადერთი, რასაც გეტყვით, ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას, ხალხს, დალხენილი ცხოვრება არასოდეს ჰქონია, მაგრამ ყოველთვის გვქონდა ღირსების განცდა, მადლიერება და სინდის-ნამუსი. საბედნიეროდ, ეს თვისებები დღემდე არ დაგვიკარგავს, რაც დიდ იმედს მაძლევს, რომ არსებობას მომავალშიც გავაგრძელებთ. სიბრაზესა და დაუფიქრებლობას სიკეთე არავისთვის მოუტანია. ქვეყანას ჭკვიანი და ნამუსიანი ხალხი სჭირდება, ასეთები კი, საბედნიეროდ, ბლომად არიან.

როცა იცი, ვინა ხარ, როგორი ფესვები გაქვს, ვინ იყვნენ შენი წინაპრები, ეს ბევრს ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, ქართველებმა ერთის ნაცვლად სამი დამწერლობა შევქმენით და სამივე ულამაზესია - ესეც არ არის უბრალო ამბავი.

დედამიწაზე 9 მილიარდი კაცი ცხოვრობს, ჩვენ სულ 3 მილიონი ვართ, ამიტომ მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული და გატანა თუ გვიშველის, ჩვენ ერთმანეთის ფასი არავინ უნდა გვყავდეს.

- დღეს საქართველოში ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება, რომ ხალხი ცუდ მდგომარეობაშია... მათ რას ეტყოდით? - ჯერ დავაზუსტოთ, რას ნიშნავს "ცუდად ყოფნა"? - მაგალითად, ფრანგს თუ ტანსაცმელი, დასაძინებელი და საკვები აქვს, დარწმუნებულია, რომ კარგად არის. ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, მათ შორის განწყობა და მომავლის იმედიც.

ერთ ამბავს მოგიყვებით: ამას წინათ ჩემს მეგობართან ვიყავი სტუმრად, შემოვიდა მისი ახლობელი და შეწუხებულმა თქვა, თუ როგორ იყიდა მისმა მეზობელმა ძალიან მაგარი, ძვირფასი მანქანა... კაცს სახეზე ეტყობოდა, რომ სხვისი სიკეთე არ უხაროდა და ამის გამო ცუდად იყო. ასეთი ადამიანი თავისი ბედის კმაყოფილი ვერასოდეს იქნება. ამიტომ გააჩნია, ვისთვის რას ნიშნავს "ცუდად ყოფნა".

დღეს საქართველოში ძალიან ბევრი წუწუნებს, ვაიმე, რა დღეში ვართ და რა გვეშველებაო - ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია და საშინლად არ მომწონს. უფრო მეტიც, დამამცირებელია. თუ ჯანმრთელი და საღ-სალამათი ხარ, თუ ნამუსი და ღირსება გაქვს, ბოლომდე უნდა იბრძოლო, რადგან ცხოვრება ბრძოლაა. ჩვენმა წინაპრებმაც ეს ქვეყანა ბრძოლით მოიყვანეს ჩვენამდე.

- 2020 წელი ჰოროსკოპის მიხედვით, ეს თეთრი ვირთხის წელია. თქვენც ვირთხის წელში ხართ დაბადებული. გჯერათ, რომ ეს თქვენთვის განსაკუთრებული წელი იქნება? - ჰოროსკოპებს დიდად არ ვუჯერებ, მაგრამ მჯერა იმისა, რომ კარგი წელი იქნება.

- სვანეთში გაიზარდეთ. იქ როგორ ხვდებოდით ახალ წელს და რა გახსენდებათ ყველაზე კარგად? - ლენტეხის რაიონის სოფელ უკლეშში ვიზრდებოდი. გუშინდელივით მახსოვს, რომ ახალი წლის ღამეს ძალიან ადრე ვიძინებდით, რატომ? - დილით "მფერხავი", ანუ ჩვენი მეკვლე უნდა მოსულიყო. როგორც წესი, მეკვლედ კეთილ და კარგ ადამიანს ირჩევდნენ, რომელიც დილით ადრე მოდიოდა, მთელ ოჯახს დალოცავდა და სიკეთეს გვისურვებდა. ყველას ძალიან ლამაზი, ამაღლებული განწყობა გვქონდა, განსაკუთრებით კი ბავშვებს.

6 წლისა ვიყავი, როცა იქაურობა დავტოვეთ. კარგად მახსოვს, როგორ ვტიროდი, წამოსვლა არ მინდოდა და როცა მოვდიოდით, დავიჩოქე და მიწას ვაკოცე. ზამთარში ახლა იქ მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულობით კი ბაბლუანები თავიანთ კერას უბრუნდებიან, აცოცხლებენ და ალამაზებენ.

- 2020 წლისთვის რას უსურვებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას?

- ღმერთმა სიკეთე და საღი აზრი მოგვცეს! რაც კარგი და საიმედოა, ადამიანმა იმაზე თუ არ იფიქრა, წუთისოფელში ყოფნა ძალიან გაუჭირდება. არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ბევრი ფიქრობს.

ყველას ვულოცავ ახალი წლის შემობრძანებას, ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე, ხვავი, ბარაქა და გამარჯვება გვარგუნოს.

ხათუნა ჩიგოგიძე