"როგორც იქნა, სინაზისკენ მიდის ქალი" - კვირის პალიტრა

"როგორც იქნა, სინაზისკენ მიდის ქალი"

საახალწლო სამზადისთან ერთად მნიშვნელოვანია, როგორი სამოსით შევხვდებით ახალ წელს... დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გვაცნობს 2020 წლის მოდის ტენდენციებს და გვირჩევს, როგორ გამოვიყურებოდეთ მოდურად ისე, რომ ინდივიდუალიზმი არ დავკარგოთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის მოდური ადამიანი?

- მოდა და მოდური ადამიანი ჩემთვის ცხოვრების სტილია - ეს არის განათლება, ქცევა, გარეგნობა, გარემო, ინტერესების სფერო... მაგრამ მოდის მსხვერპლი რომ არ გახდე, არ უნდა მოექცე ჩარჩოებში, ინდივიდუალურობა არ უნდა დაკარგო, თავისუფალი უნდა იყო! თუმცა თავისუფლება ჰარმონიული, ორგანული უნდა იყოს შენთვის... ყველამ ჩვენში და ჩვენს ცხოვრებაში ვეძებოთ თავისუფლება. მე არა ვარ სხვისთვის აზრის მოხვევის მომხრე. ყველას თავისი ხედვა აქვს. თუ, ვთქვათ, ადამიანს აცვია მწვანე პიჯაკი და ფოსფორისფერი შარვალი, ეს არ ნიშნავს, რომ არაჰარმონიულია თავის თავთან. მე ამ თავისუფლებას უფრო მივესალმები, ვიდრე ჩარჩოში მოქცეულ, ერთ ტონში გამოწყობილ ადამიანს, რომელიც კლიშეების მსხვერპლია. მე არ ვაფასებ ადამიანს მხოლოდ ჩაცმულობით. ზოგს საშუალება არა აქვს, ზოგს ეს მოსწონს, ზოგს ის, ზოგსაც პროტესტი აქვს თანამედროვე მოდის მიმართ. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ინდივიდუალიზმი რთული შესანარჩუნებელია, რადგან ინტერნეტსივრცე მუდმივად რაღაცას გვთავაზობს და ადამიანი თითქოს ტენდენციების ძალადობის მსხვერპლი ხდება. ამიტომაც თავისუფლება არ უნდა დავკარგოთ!

რაც შეეხება 2020 წლის მოდას, როგორც იქნა, სინაზისკენ მიდის ქალი როგორც ფერთა გამით, ასევე სილუეტით. დიდი სილუეტები მოდიდან გადავიდა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს. მხოლოდ მხრები რჩება განიერი, წელი კი საგრძნობლად დავიწროებულია.

აქტუალურია მამაკაცის თარგის პიჯაკიც, რომელსაც წელში ფიქსაცია მოჰყვება, ქამრით ან შარფით. ასეთი აქტუალური არასდროს ყოფილა მამაკაცის გარდერობიდან ნასესხები მთლიანი ლუქი - პიჯაკი შარვალსა და ჟილეტთან ერთად, რაც სექსუალურია და ვფიქრობ, ქალბატონები, რომლებიც მოდის ტენდენციებს მიჰყვებიან, ძალიან კარგად მოირგებენ. თხელი და სქელი მასალის სინთეზიც ძალიან აქტუალურია, მაგალითად, სქელი ჯემპერი და თხელი ქვედაკაბა.

- ტყავი ისევ აქტუალურია? - გააქტიურებულია ვეგანური ტყავი, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე ყველა ქალის გარდერობშია. ეს უფრო 90-იანი წლების ზეგავლენაა და დღევანდელობის გამოძახილი, რადგან ტყავი ძალიან კარგია და კარგად ითვისებენ ისინი, ვინც კლუბური ცხოვრებით ცხოვრობენ, და ის ახალი თაობა, რომელიც თავისუფლებისთვის თავს იმკვიდრებს.

- რაც შეეხება აქსესუარებს... - აქტუალურია ოქროსფერი მეტალის სამკაულები მარგალიტთან ერთად. ძალიან უხდება როლინგებს, პიჯაკებს.

- რა ფერის სამოსი იქნება 2020 წელს აქტუალური? - 2020 წელს მოდურია წინა წლებისგან განსხვავებული ტონალობები. უპირატესობა ბუნებრივ ფერთა გამას ენიჭება, კრემისფერს, თამბაქოსფერს... განსხვავებული ფერი, რომელიც მომავალი სეზონიდან შემოიჭრება, მჭახე ლურჯია. ასევე მოდურია ჭუჭყიანი ვარდისფერი, ნაცრისფრის, კრემისფრის გრადაცია, მუქი მწვანე, მუქი ბორდო... ამ ფერების სინთეზიც ძალიან ლამაზია. ძალიან აქტუალურია ცისფერი ბეჟთან. წელს ბუნებრივი სილუეტია მოდური - იქნება ეს ვარცხნილობა თუ მაკიაჟი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბუნებრივია, ერთი ტონალობის ტარება იოლი არ არის. ჩვენ მიჩვეული ვართ შავს მთლიან ლუქად, ვიდრე მთლიან ცისფერს, კრემისფერსა თუ ბეჟს. ასევე ძალიან აქტუალურია მათი დაშლა ტონალობებად. ღია, მუქი და უფრო მუქი ლურჯის, ყავისფრის ან ბეჟის სინთეზი მთლიან ლუქთან საინტერესოა. შავი მხოლოდ საქართველოში არა, მთელ ფეშენინდუსტრიაში დაბრუნდა და 2020-ში ჰიტად იქცევა, რაც ქართველ ქალებს ძალიან გაუხარდებათ. შავი ყველაზე იოლი გამოსავალია ჭარბწონიანებისთვის. კარგია, თუ მასთან გამოიყენებენ რომელიმე აქსესუარს, სამკაულს, შარფს, დიდ ფერად ყელსახვევს.

- ევროპაში მამაკაცებს ძალიან უყვართ ფერადი ტანსაცმელი. ჩვენთან თუ იზრდება მოთხოვნა მამაკაცის ფერად ტანსაცმელზე? - ქართველი მამაკაცებიც ძალიან თამამები გახდნენ, რასაც ოთხი-ხუთი წლის წინ არ იცვამდნენ, ახლა თამამად იმოსებიან. მე ეს ჩემს მამაკაცის ხაზზე გამოვცადე, რომლის მომხმარებლის 80% ქართველია. ძალიან მიხარია, როცა მიმოწერებში, პირად შეხვედრებზე აინტერესებთ, როდის იქნება ახალი რამ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ბოლომდე ფერადოვნება არც არის ქართველი მამაკაცისთვის დამახასიათებელი, ასე რომ, მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ მამაკაცებს.

- რაც შეეხება ქალის ფეხსაცმელს... კარგად დავიწყებული ოთხკუთხედი ცხვირები ისევ აქტუალურია? - დიახ, მაგრამ მგონია, რომ სილუეტს აუხეშებს. აქ დიდი არჩევანი გვაქვს. ყველა დიზაინერი, მათ შორის მეც, ვტოვებთ არჩევანს - სავალდებულო არ არის ოთხკუთხედი ცხვირი, თუმცა განსაკუთრებული ფეშენისტები უკვე დადიან ამ ფორმის ფეხსაცმლით.

- სამოსის შექმნისას ასტროლოგიას თუ ითვალისწინებთ?

- მე არ ვითვალისწინებ, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შეიძლება ამ წლის შესაფერისი ნივთი გაიკეთონ, მაგრამ არ არის სავალდებულო, კარიკატურას დაემსგავსონ, თუმცა ეს მათი ნებაა...

- თქვენ როგორ ხვდებით ახალ წელს? - საერთოდ არ ვფიქრობ, რა მაცვია. მთავარია, კომფორტულად ვიყო. ახალ წელს მიყვარს ირმებიანი სვიტერები, კომფორტული პიჟამა კუბოკრულ-წითელ ფერში, რაც შინაურულ სიტუაციასთან ასოცირდება. ჯობია, ასე ჩაცმული შეხვდე ახალ წელს, ვიდრე მოდის ბოლო ტენდენციების მიხედვით გამოწყობილი, რადგან მე ვთვლი, რომ ახალი წელი ძალიან ინტიმური და ოჯახური დღესასწაულია.

- საახალწლო წვეულებებისთვის ბრჭყვიალა სამოსი აქტუალურია? - სადღესასწაულო განწყობას ყოველთვის უხდება, მაგრამ ბრჭყვიალა ტანსაცმელი ძალიან ფრთხილი ჩასაცმელია, რომ არ დაემსგავსო დისკობურთს, რომელიც ღამე ანათებს, თუმცა, თუ ასეთ ხასიათზე ხარ, ესეც ძალიან კარგია. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ ბრჭყვიალა უნდა ეცვას, მაშინ ბრჭყვიალა სამკაული ზედმეტია; ან თუ ფეხსაცმელი გაცვია ბრჭყვიალა, ჯობია, სამკაულიც ბრჭყვიალა იყოს, ტანსაცმელი კი ნეიტრალური. ბრჭყვიალა კაბა მსუბუქი მაკიაჟით უნდა გავანეიტრალოთ. მხოლოდ ის შემიძლია გირჩიოთ, რომ წარსულის ცუდი მომენტები დაივიწყოთ, ნათელი მომავალი წარმოიდგინოთ და ასე შეხვდეთ ახალ წელს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვაკეთებ. ძალიან მორიდებული ვარ იმისთვის, რომ ადამიანებს რამე ვურჩიო. მე სათქმელს ჩემი კოლექციებით ვამბობ.

2020 წლის მაკიაჟი და ვარცხნილობა

თათა ჭინჭარაული, ვიზაჟისტი: - 2020 წელს მოდური იქნება ნატურალური, ბუნებრივი მაკიაჟი. ამიტომ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი ბზინვარე და მქრქალ ეფექტს შორის. წამყვანი მოდის სახლები 2020 წელს რუჟის მოხმარების ორ ვარიანტს გვირჩევენ - ყვრიმალებზე გადანაწილებული მოვარდისფრო ეფექტი და რუჯისფერი, რომელიც ამონათებული იქნება ე.წ. ჰაილაითერით. 2020-ში მოდური იქნება ბუნებრივი წარბები, დამატებითი მკვეთრი და გასქელებული კონტურების გარეშე. რაც შეეხება თვალს, აქტუალური იქნება სმოქის ეფექტი, ხოლო ახალი წლის ღამეს მბზინავი თვალის ჩრდილები გამოიყენეთ.

ძალიან მოდურია გასული საუკუნის 60-იანი წლების "ტვიგის" სტილი - შეღებილი წამწამები, როგორც ზედა, ისე ქვედა ქუთუთოზე, თუმცა სიფრთხილე გმართებთ, რადგან ინტენსიურად შეღებილ წამწამებს ერთგვაროვანი, სადა მაკიაჟი და ღია ფერის პომადა უხდება. "ტვიგი", იგივე ლესლი ჰორბნი, ბრიტანელი სუპერმოდელი, მსახიობი და მომღერალია. ის 60-იანების სახე იყო და მსოფლიოში უამრავი გოგონა ჰბაძავდა. რაც შეეხება ტუჩებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მკვეთრად შეღებილ თვალებს ღია ფერის ტუჩსაცხი უხდება და პირიქით - თუ ტუჩს მკვეთრი ფერის ტუჩსაცხით გამოვყოფთ, თვალები მსუბუქად უნდა შევიღებოთ. ბოლო წლებში წამყვანი მოდის სახლები ტუჩებდაბერილ მოდელებს აღარ იწვევენ სარეკლამო სახედ, მოდელი რაც შეიძლება ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, ამიტომ ქალბატონებს ვურჩევ, არ დაიბერონ ტუჩი!

ასევე ვურჩევ თმის რეტროსტილის ვარცხნილობას. 2019-20 წლების ჰიტია თჰე Mონეყ Pიეცე თმის ღებვის ტექნიკა, რაც გულისხმობს ყავისფერი ან მოყავისფრო თმის სახესთან ახლოს ამონათებას - ანუ აქცენტი კეთდება თმის წინა ნაწილზე, რომელიც ღია ფერის შტრიხებით სახეს მეტად მიმზიდველს ხდის. თმის ღებვის ამ მეთოდს მიმართავენ ბიონსე, ჟიზელი. 2020-ში კვლავ მოდური იქნება მელირება, მზეზე გახუნებული თმის ეფექტით. თუ მზად ხართ ექსპერიმენტისთვის და გსურთ თამამად მიჰყვეთ მოდას, შეარჩიეთ ვარდისფერი, იისფერი, მწვანე ტონები - ამ ფერთა პალიტრა 2020 წელს ტრენდულია. ამასთან, თეთრი თმის ბუმი გრძელდება... მაგალითად, ელონ მასკის დედა თმას არ იღებავს და ჭაღარით გვაწონებს თავს.

ხათუნა კორთხონჯია