"ბედნიერების ფორმულა კარგა ხანია შესწავლილია: 50% გენეტიკაზე მოდის, დანარჩენი კი..." - რას გვირჩევს ფსიქოლოგი?
"ბედნიერების ფორმულა კარგა ხანია შესწავლილია: 50% გენეტიკაზე მოდის, დანარჩენი კი..."  - რას გვირჩევს ფსიქოლოგი?
"გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, არსებობს მიუღებელი გადაწყვეტილებები"

ალბათ, თქვენც იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც წუწუნებენ, რა ბედნიერი არიან იმ ქვეყნის მცხოვრებნი, რომელთაც არ იციან და არც აინტერესებთ, ვინ რომელ სამთავრობო პოსტზეა და ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი. ჩვენთან კი პოლიტიკურ დაპირისპირებებს ბოლო არ უჩანს, რაც, ბუნებრივია, უარყოფითად აისახება თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენი რესპონდენტია ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე.

- 30 წელია, ქრონიკულ სტრესულ სიტუაციაში ცხოვრობს მთელი ერი... ომები, ტერიტორიების დაკარგვა, მთავრობების ცვლა... როგორ მოქმედებს
ადამიანზე სტრესი, ამაზე საუბრით არ დაგღლით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც უნდა უცნაური იყოს, ძლიერი და ერთჯერადი სტრესი ბევრად ადვილად გადასატანია, ვიდრე გახანგრძლივებული ქრონიკული სიტუაცია, რომელიც ვერა და ვერ დასრულდა. ზაფხულის მერე საზოგადოების ნაწილს ისეთი განცდა აქვს, რომ გამოსავალი არ არსებობს.

როდესაც მოგვმართავენ ადამიანები და გვიყვებიან,
რა არ უნდათ - მაგალითად, "აღარ მინდა ასეთ ოჯახში ცხოვრება! აღარ მინდა ასეთი სამსახური! აღარ მინდა ასეთი­ შემოსავალი!"
ვეკითხებით, რა გინდა? როცა ზუსტად იცის, რა უნდა, მერე იწყება ძიება და თანდათან გამოსავალიც ჩნდება. დღევანდელ რეალობაში ასეთი პრობლემა გვაქვს - რა არ გვინდა, კარგად ვიცით და რა გვინდა, აღარ ვიცით. შეიძლება ვიცოდეთ, რომ გვინდა კარგად ვიყოთ, გვინდა ევროპასთან, გვინდა მშვიდობა, ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ეს ზოგადია, კონკრეტულად რა გვინდა, არ ვიცით. ასეთ დროს ადამიანი ცხოვრობს იმ რეალობაში, რაც სხვამ მოახვია თავს. ეს არ არის მისი არჩევანი!

სოციალურ ფსიქოლოგიაში ცნობილია,­ რომ ადამიანი საკუთარ თავს თვლის ცოტა უფრო ბედნიერად, ვიდრე დანარჩენი მასა, ცოტა უფრო მდიდრად, უკეთესად, ვიდრე დანარჩენი მასა... შეიძლება ვითარება ძალიან მძიმეა ქვეყანაში, მაგრამ მე არა მიშავს, ცოტა უკეთ ვარ. წესით, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ეტყობა, ბოლო დროს ამ სტრესებმა, ნიჰილიზმმა, უიმედობამ ეს შეცვალა - როგორც წესი, ყველა ცუდად­ არის. თუ ცუდად არა ხარ, გრცხვენია თქმა, რომ კარგად ხარ, ყველა წუწუნებს. ბედნიერი ვარ, კარგად ვარო, ბოლოს ვინმესგან გაიგონეთ? ცხოვრების ხარისხი რომ გაგვიუარესდა, ამას ექსპერტები არ სჭირდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმედი აღარ ჩანს. ეს არის ყველაზე საშიში­ ერისთვის, თითქოს გამოსავალს ვეღარ ვხედავთ. არადა, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს, არსებობს მიუღებელი გადაწყვეტილებები. ამიტომ ადრე თუ გვიან გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს.

საით და როგორ, არ ვიცი. ისიც მჯერა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. უბრალოდ, ეს კრიტიკული სიტუაცია ჯერ არ დამდგარა. არ ვიცი, ინსტინქტების დონეზე ვართ, კოლექტიური მეხსიერების ამბავია, წარსულია, გენეტიკაა თუ ყველაფერი ერთად, კრიტიკულ სიტუაციაში სწორად ვიქცევით. არ არის გასაკვირი, რომ ამწუთას ბედნიერების ხარისხი ძალიან დაბალია. ფინანსურად ჩვენი ყოფა გაუარესებულია, გაძვირებულია პროდუქტები, შემოსავალი იგივეა, პენსიაც. რიგითი მოქალაქე მაღაზიაში რომ შედიხარ, თითქმის ორჯერ მეტს ხარჯავ, ვიდრე 5-6 წლის წინ. უმუშევრობა გაიზარდაო, ვერ ვიტყვი, არის პროფესიები, სპეციალისტები სჭირდებათ და არ გვყავს, ნებისმიერ სფეროში კარგი სპეციალისტის პოვნა პრობლემაა. განათლების დონე იმდენად დაბალია, ეს კიდევ ცალკე თემაა... ხომ უნდა გვქონდეს განცდა, რომ რაღაცით კარგად ვართ. სიმშვიდე აღარ არის, შფოთვა დაგვჩემდა, მუდმივი შფოთვა მომავალზე.

ქართველი ფსიქოლოგების ჯგუფი დაახლოებით 10 წლის წინ იკვლევდა შფოთვის დონეს საქართველოში და გამოიკვეთა, რომ მომავალზე შფოთვა ჩვენ გამორჩეულად გვაქვს. არაფრის გარანტია აღარ გვაქვს, არაფრის დაგეგმვა აღარ შეგვიძლია. უახლოესი 5 წლის გეგმაც ვერ წარმოგვიდგენია - ბავშვებს როგორ განათლებას მივცემთ, თავად როგორ განვვითარდებით, როგორი სამსახური გვექნება, შემოსავალი გაგვეზრდება თუ არა. არ ვიცით, როგორი სიბერე გვექნება, პენსია გვეყოფა თუ არა. ვხედავთ, რომ დღეს მოხუცებს ძალიან უჭირთ და ბედნიერება რაღამ უნდა მოგვანიჭოს?

- შფოთვა და არასტაბილურობის განცდა გადამდებია?
- სოციალურ ფსიქოლოგიაში დადასტურებულია - როცა სხვადასხვა განწყობის მქონე ადამიანები - გაღიზიანებული, ბედნიერი, ნაწყენი და ა.შ. - ერთ სივრცეში ხვდებიან, დაახლოებით 2 საათში მათი გულისცემის რიტმი ერთნაირი ხდება. ჩვენ ერთმანეთს გადავდებთ ემოციებს. საბედნიეროდ, ყველაზე ადვილად გადადის სიცილი, ღიმილი, ხარხარი, დეპრესია და მძიმე განწყობა კი ძნელად, მაგრამ ემოციები მაინც გადამდებია. თუ 100 კაციდან 80 გაჭირვებულია, წუხს, უბედურია, შეუძლებელია დანარჩენი 20 ბედნიერი და ლაღი იყოს.

- არიან ადამიანები, რომელთაც მდიდრის ფსიქოლოგია აქვთ, და არიან ღარიბი ფსიქოლოგიისა. ჩვენ რომელს მივეკუთვნებით დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?
- მდიდრის ფსიქოლოგიის მქონე­ ადამიანი შორ პერსპექტივაზე აკეთებს გათვლას. სხვადასხვა კომბინაციის გადათამაშებას ცდილობს, რომ მომავალში ბევრად მეტი მოგება ნახოს თავისი საქმისგან, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ასეთი შფოთვაა, მომავლის გათვლა ჭირს. ამის კარგი მაგალითია საპენსიო რეფორმა. გვეუბნებიან, რომ ფული უნდა დავაგროვოთ და სიბერე ბევრად უზრუნველი გვექნება. ამან ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ჩვენ ამის მოლოდინი არა გვაქვს. არ ვიცი, დღეს რომ ვაგროვო, ხვალ რა დამხვდება. ჩვენმა თაობამ მსგავსი რამ არაერთხელ იწვნია... იმასაც მოვესწარით, ჩვენი მშობლები მუშაობდნენ, მაგრამ ხელფასებს ვერ იღებდნენ... ამიტომ, როცა შორეულ პერსპექტივას გვიგეგმავენ, გვიჭირს დაჯერება და, ბუნებრივია, ასეთ რეალობაში მდიდარი ადამიანივით ვერ ვფიქრობთ. ვფიქრობთ როგორც ღარიბი - დღეს რაც გვაქვს, ის მოვიხმაროთ, ხვალ რა იქნება, ღმერთმა იცისო. ამასობაში ქაოსში, დაპირისპირებასა და ნეგატივში 30 წელი გაგვეპარა.

- როგორია ბედნიერების ფორმულა?
- ბედნიერების ფორმულა კარგა ხანია შესწავლილია: 50% გენეტიკაზე მოდის - თუ ბავშვს მშობელი, დედა ან მამა ბედნიერი ჰყავს, დიდი ალბათობით, მასაც დაჰყვება ბედნიერების განცდა. მოკლედ, ბედნიერ მშობლებს ბედნიერი შვილები ჰყავთ. 10% მოდის იმაზე, თუ რა რეალობა დაგხვდა, როცა დაიბადე - როგორია საახლობლო წრე და გარემო. 40% მოდის იმაზე, რა არჩევანს ვაკეთებთ, რა საქმეს მოვკიდებთ ხელს, როგორ სამეგობრო წრეს ავირჩევთ­ - ანუ თუ გაგვიმართლა და მშობლებისგან დაგვყვა ბედნიერების განცდა და ჩვენც შევცვალეთ რაღაც-რაღაცები, დიდი ალბათობით, შევძლებთ ბედნიერი ვიყოთ.
ქართველები ლაღი ხალხი ვართ. ძალიან კრიტიკულ სიტუაციაშიც სულ მაქვს განცდა, რომ საბოლოოდ სწორად ვიქცევით. უბრალოდ, სად გადის ზღვარი, ცოტა ძნელი დასაჭერია, რადგან ამდენი სტრესისა და ემოციისგან ცოტა მოჩლუნგებული გვაქვს საფრთხის განცდა. ქართველები მაინც ოპტიმისტები ვართ. მოვა ახალი წელი და ყველა რაღაცას მოახერხებს, ბედნიერად ჩაათავებს დღესასწაულს. დღეს ვიცით, რა არ გვინდა, მაგრამ თუ გავიგებთ, რა გვინდა, მერე ყინულიც დაიძრება.


მედეა
23 იანვარი 2020 10:56
ბედნიერების განცდა როგორ დაგეუფლება, როცა ამდენ ტელეგადაცემებში სამეცნიერო აღმოჩენებზე, სასიკეთო ცვლილებებზე, თეატრებსა და კინომსახიობებზე გ ა დ ა ც ე მ ე ბ ს ვერსად წააწყდები სულ რომან გოცირიძეს, სალომე სამადაშვილს, გია ვოლსკის და მითუმეტეს გიგა ბოკერიას--მტერმა უცქირა და უ ს მ ი ნ ა. მაღალპროფესიონალურ გადაცემებს იშვიათად შეხვდები და სიამოვნებით მოუსმენ,მაგრამ ც ო ტ ა ა, ძირითადად უარყოფით ტალღაზეა მორგებული საინფორმაციო ვ ე ლ ი, არ სურთ ხალხს დარდი შეუმსუბუქონ, დაამშვიდონ, ჯანსაღი იუმორითა და ხუმრობებით დაატკბონ. დაეცა გ ე მ ო ვ ნ ე ბ ა , მხატვრული შედევრები აღარ იქმნება, ან გ ვ ი მ ა ლ ა ვ ე ნ, აწყობთ საზოგადოების დაბეჩავება, მისაბაძი გმირის არ არსებობა, გააქრეს ავტორიტეტები, ჭორებს უფრო აქვს სარბიელი-ვიდრე ჭეშმარიტებას. ხანდახან აჭარის ტელეარხზე წააწყდები შემეცნებით საინტერესო გადაცემას და ხარობ! ეს ალბათ, ხდება მ ი ზ ა ნ მ ი მ ა რ თ უ ლ ა დ. ხალხის ასეთი მდგომარეობა- ალბათ, პოზიციასაც აწყობს და ოპოზიციასაც, რუსეთსაც და ამერიკასაც!
მანჩო
23 იანვარი 2020 08:04
ქართველი, მაინც სულ სხვა ფენომენია! დააკვირდით როგორ შეუსაბამობაშია ქართველი და კანონი! ქართველი და დისციპლინა! როცა მიიჩნევ, რომ კანონი იმისათვის არსებობს რომ უნდა დაირღვეს, ამიტომაცაა ჩვენი ქვეყანა და ხალხი ამ მდგომარეობაში! ყველაფერი ამის შემხედვარემ, პირადად მე იმედი დავკარგე! იმედი, და არა უფლისადმი რწმენა!!!
თამარი
22 იანვარი 2020 08:38
90 ა წლებში რატომ ვიყავით უფრო ბედნიერნი და რატომ არ. ვართ ახლა ალბათ გვიკვირს პასუხი ერთია ამდენი ნეგატიურს ინფორმაცია ს არ ვეცნობოდით 24 საათის განმავლობაში ინტერნეტით . კიდევ კარგი უშუქობა იყო და ამასაც გადაგვარჩინა. ახლა კი ამდენ დაზადრულ იმფორმაციით ვკვდებით.
ამერიკის თაობები 99 წლამდე უფრო აგრესიულნი და უიმედონნი იყვნე როცა საბჭოეთ ხალხზე მეტი ჰქონდათ ვიდრე საბჭოთა ხალხს . რატომ ???იმიტომ რომ ტელევიზიით ატომურ ომებზე ყოველ დღიურად არ გადაიცემოდა ამბები.
ნეგატიურ. ამბები ს მოსმენას და გამოშვების შევეშვათ და ხალხიც უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი იქნება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-02-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები