"ზოგს თავისი შვილი არ უყვარს და არ ზრუნავს მასზე, მან კი სხვისი შვილი შემიკედლა" - 23 წლის ბიჭის საოცარი ისტორია - კვირის პალიტრა

"ზოგს თავისი შვილი არ უყვარს და არ ზრუნავს მასზე, მან კი სხვისი შვილი შემიკედლა" - 23 წლის ბიჭის საოცარი ისტორია

პარაფეხბურთელი რუსლან ჩილაშვილი 23 წლისაა და უკვე არაერთი განსაცდელი გამოიარა. იყო პერიოდი, როდესაც ქუჩაში ცხოვრობდა, მერე ვიღაცის გაუფრთხილებლობამ უარესობისკენ შეცვალა მისი ბავშვობა, მერე ბავშვთა კრიზისულ ცენტრში ცხოვრობდა... როდესაც დავუკავშირდი, თავდაპირველად მითხრა, ჩემ შესახებ საუბარი არ მიყვარსო, მაგრამ საბოლოოდ ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა.

- 8 წელია, ჩემს დედობილთან ვცხოვრობ, რომელმაც შვილივით გამზარდა. მამა გარდაცვლილი მყავს, დედას სხვა ოჯახი აქვს. ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა დედას ხშირად ვნახულობ. რამდენიმე წელი ბავშვთა კრიზისულ ცენტრში ვცხოვრობდი, გლდანში.

- რთული პერიოდი გაგივლია. - შეიძლება, ასეც ითქვას. მძიმე ბავშვობა მქონდა, პრობლემებით სავსე - ქუჩა, ეს ტრაგიკული შემთხვევა, ბავშვთა სახლი... ამ ტრავმის შემდეგ თავგზა სულ ამერია.

- რა შეგემთხვა? - დაცვას იარაღი გაუვარდა. ჩემს სახლთან ახლოს ბავშვები ვწუწაობდით, ვითომ ჩვენი შეშინება უნდოდა, იარაღი გამოიტანა და გაუვარდა. კარგად ვიცნობდი იმ კაცს. დაახლოებით მეტრ-ნახევრიდან მომხვდა ტყვია. გონება არ დამიკარგავს და როგორც კი ჩემს ფეხს დავხედე, მაშინვე მივხვდი, რაც მელოდა. ექიმს რომ ვუთხარი, ალბათ ფეხს მომკვეთენ-მეთქი, რას ამბობო, დამამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. მაშინ 12 წლის ვიყავი. შოკი იყო ჩემთვის, რაც დამემართა, მაგრამ მაინც რეალურად შევხედე მომხდარს.

- იმ კაცმა პასუხი თუ აგო? - არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ. მისი ოჯახის წევრები 2 თვე დადიოდნენ საავადმყოფოში ჩემს სანახავად, მერე ჩვენ ჩვენი გზით წავედით.

- იმის წარმოდგენაც კი რთულია, რაც გადაიტანე. როდის გააკეთე არჩევანი, რომ უნდა გებრძოლა და გეცოცხლა? - ერთი მეგობარი მყავდა, ბარში მუშაობდა ის გოგონა, ჩემზე უფროსი იყო. მან მითხრა კრიზისული ცენტრის შესახებ. მინდოდა ცხოვრება შემეცვალა და კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე მისვლა. სწორედ იქ გავიცანი ნანა მასწავლებელი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ზოგს თავისი შვილი არ უყვარს და არ ზრუნავს მასზე, მან კი სხვისი შვილი შემიკედლა... დაგეგმილად არაფერი მომხდარა, ხშირად მივყავდი ხოლმე თავისთან. როგორც შვილი, ისე მიმიღეს და მეც როგორც დედა, ისე მიყვარს. მათი გვარი მაქვს.

- სპორტით, კონკრეტულად ფეხბურთით როდიდან დაინტერესდი? - კრიზისულ ცენტრში ყოფნის დროს შევხვდი ადამიანს, რომელმაც მითხრა პარაფეხბურთელთა გუნდის არსებობის შესახებ, შეგიძლია, შენც მოხვიდე და ივარჯიშოო. არ გამჭირვებია, რადგან სწრაფი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ხიფათიანიც, სხვათა შორის. ადრე კიკბოქსზე დავდიოდი, ფეხბურთი მაინცდამაინც არ მომწონდა. ამჟამად ვთამაშობ თბილისის "თბილისში". მხოლოდ ერთხელ ავიღეთ მესამე ადგილი, საქართველოს ჩემპიონატს, თასს, სუპერთასს სულ ჩვენ ვიგებთ. სანაკრებო დონეზე შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, სამომავლოდ უკეთესი შედეგები გვექნება. მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგისთვის ვემზადებით. კვირაში მხოლოდ ორი დღე ვვარჯიშობთ. ცუდია, რომ არ გვაქვს სტადიონი, სადაც ყოველდღე შევძლებთ შეკრებას.

- რატომღაც, ტრაგედიის მერე უფრო ვაფასებთ ხოლმე სიცოცხლეს. შენ რა გასწავლა მომხდარმა?

- ასეა, ჩემს თავში ვიყავი დაკარგული მანამდე. სიცოცხლეც დავაფასე და სწორისა და არასწორის ერთმანეთისგან გარჩევაც მასწავლა ამ შემთხვევამ, ადამიანობა ვისწავლე. მართალია, წარსულით არ უნდა იცხოვროს კაცმა, მაგრამ არც უნდა დაივიწყო. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, ვინ იყავი და ვინ ხარ. ზოგჯერ მიფიქრია, რომ არა ეს შემთხვევა, ვინ იცის, რა შარში გავეხვეოდი-მეთქი.

- ნათესავები, მეგობრები ვინ გყავს? - 2 და მყავს, ერთი გათხოვილია, 24 წლის, მეორე 18 წლისაა, მათთან მაქვს ურთიერთობა. ბავშვობიდან ერთადერთი მეგობარი მყავდა და ისიც, უბრალოდ გაქრა. ახლა კი ისეთი მეგობრები მყავს, ბევრს რომ შეშურდება.

- გარდა სპორტული კარიერისა, რას საქმიანობ? - სამწუხაროდ, არ ვმუშაობ. ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვნახე, რადგან განათლება არ მაქვს. რაც მეხერხება, იმ საქმეს კი ვაკეთებ (იცინის) - ფეხბურთს ვგულისხმობ. მინდა მეტს მივაღწიო და ქვეყანა ვასახელო.

- რუსლან, რას ურჩევდი სხვებს, ვისაც ახლა უწევს ასეთი რთული ეტაპების გავლა? - ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და გასავლელი. ვურჩევდი, თავს ძალა დაატანონ, ადამიანი თუ მოინდომებს, შეუძლებელი არაფერია, ცხოვრება გრძელდება, არც ამით დაწყებულა და არც ამით დამთავრდება. უმეტესობა ჩაკეტილია იმიტომ, რომ ხალხის რეაქცია აშინებთ. დედობილთან ერთად ფიქრობენ, ქუჩაში თუ გავალ, ყურებას დამიწყებენ, როგორც საცოდავსო. მეც მიგრძნია ასეთი მზერა და ახლა მეცინება, მაგრამ თავიდან ძალიან მაღიზიანებდა. არ გიცნობენ, როგორი ხარ, რა შეგიძლია და ერთი შეხედვით ასე რომ გაფასებენ, ამაზე ვბრაზდები. მიფიქრია კიდეც, აბა, ერთი გვერდით დამიდგეს და რასაც მე გავაკეთებ, ის გააკეთოს, თუ შეძლებს-მეთქი. საწყალი და საცოდავი ის არის, ვისაც მეგობარი და ახლობელი არ ჰყავს.

- გული გწყდება რამეზე? - (ფიქრობს) არასდროს ვფიქრობ, რაღა მე, ნეტავ, ასე არ მომხდარიყო და ა.შ. ალბათ რაც დაბადებისას გვიწერია, ის არ აგვცდება. ბედნიერი ვარ, რადგან ცოცხალი გახლავართ და საყვარელი ადამიანები მყავს გვერდით. იხილეთ სრულად

ნინო ჯავახიშვილი