"მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად" - კვირის პალიტრა

"მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად"

"ტურბულენტური იყო ჩვენი ქვეყნისთვის 2019 წელი", - მითხრა ინტერვიუს დასაწყისში ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ. ჩვენი საუბარი წლის განმავლობაში მომხდარ სხვადასხვა მოვლენას შეეხო.

- ყოველ წელს იმედი მაქვს, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი შეიცვლება, იმიტომ, რომ ახალი წელი უკავშირდება საკრალურს, ადამიანისთვის იმედის მომცემს. ვისურვებ, რომ ეს წელი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე წინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა, 2019 წელი ჩემთვის მაინც უკავშირდება ვაჟა გაფრინდაშვილის სახელს. ვიღაცისთვის შეიძლება ის გმირია, ვიღაცისთვის - არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მოქალაქეა და მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გადამდები უნდა იყოს. ვაჟა გაფრინდაშვილი იმისთვის დასაჯეს, რომ არ ცნობს საზღვარს, რომელსაც არ ცნობს მისი ქვეყანა და ცივილიზებული მსოფლიო... სასიხარულოა, რომ ბატონი ვაჟას ამბავი კარგად დასრულდა. იმედია, მომავალი წელი სწორედ ამგვარი ამბების იქნება. ვგულისხმობ იმ სიხარულს, რომელიც ოჯახმა განიცადა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით. ვაჟა გაფრინდაშვილი არის კარგი სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაც არის.

- ამას წინათ ბრძანებდით, განათლების კვლევების თემაზე საუბრისას, პიზას კვლევების მიხედვით, საქართველო პიზის კოშკივით არისო. - ჩვენი პრობლემების მთავარი განმაპირობებელი არის ცუდი განათლების სისტემა, ამ ცუდი განათლების სისტემის მთავარი პრობლემა კი არის გაუმართავი სასკოლო რეფორმა, რომელიც ხშირად იწყებოდა, მაგრამ ბოლომდე არასდროს მიდიოდა. ზოგჯერ ეს იყო პოლიტიკური მიზეზი, ზოგჯერ - სხვა ტიპის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არ გვაქვს გამართული სასკოლო სისტემა. თუ, მაგალითად, ვიცით, რომ მასწავლებელი ძალიან სუსტი და ჩამორჩენილია საგანში, მას არ ცვლიან. ეს გამუდმებული ტრენინგები, ატესტაციები და ასე შემდეგ, ერთ ადგილზე ტრიალია.

მე არ ვარ მომხრე, რომ მასწავლებელთა მასობრივი დათხოვნა დაიწყოს, მაგრამ ის მასწავლებელი, რომელიც 10-15 ტრენინგის შემდეგაც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, არანაკლებ მავნებელია, ვიდრე, ვთქვათ, ცუდი ექიმი, რომელსაც შენს ჯანმრთელობას ანდობ. ამიტომაც მკაცრი ნაბიჯები უნდა გადაიდგეს. იგივე ეხება სკოლის მენეჯერებსაც და ა.შ.

- ერთი ფსიქოლოგი აღნიშნავდა, სკოლამ აღმზრდელობითი ფუნცია დაკარგაო. მაშინ თითქოს არ დავეთანხმე, მაგრამ 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა ამბავმა დაგვანახა, რომ ბევრი პრობლემაა და არა მხოლოდ სკოლაში... - ეს არის სისტემური პრობლემა და არ ეხება მხოლოდ სკოლას - ეხება პოლიციას, ოჯახს... ყველა ეს კომპონენტი მაინც ნაკლები განათლების შედეგია.

გაუნათლებლობა არაადეკვატურ მიდგომებსაც გულისხმობს, განსაკუთრებით - მოზარდებთან დაკავშირებით. ეს იწვევს იმ მოვლენებს, რომლებსაც ზოგჯერ ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ.

არ არსებობენ რთული ბავშვები. ვარსებობთ ჩვენ, რთული უფროსები, რომლებიც უცებ ვივიწყებთ, რომ გუშინ ზუსტად მათი მსგავსი ვიყავით. იმ ბავშვს ყველამ ერთად ვკარით ხელი და ყველა მკვლელი ვართ, ყოველგვარი ლიტერატურული კეკლუცობის გარეშე.

სანამ არ ვისწავლით, რომ სხვადასხვა მოზარდთან ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვანაირად დაისმის, არაფერი გვეშველება და ვიდგებით ასე უდროო და სასტიკ სიკვდილთან პირისპირ და მიხურულ კარზე ვაკაკუნებთ.

ახლა რაც შეეხება იმ სლოგანს, რომელსაც არ გავიმეორებ... მეგობრებო, არამეგობრებო, მოკეთეებო და მტრებო! მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს სადილად მსხდომმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, წადი, ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინაც მივირბინე... შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქციელი მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.

არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო - ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოჩანს. ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელსაც "ფეისბუკის" სურათზე ის სლოგანი უწერია, რომელსაც კვლავ არ გავიმეორებ, წიგნები ჩავუტანე და ვუთხარი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი და როცა შეამჩნევს, რომ ის საშინელი ხდება, ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოს.

მესმის ყველას განცდა და მეც მონაწილე ვარ თქვენი სასოწარკვეთისა თუ გაბრაზების, მაგრამ ამ ცხოვრების არა, "იმ ცხოვრების დედაც", სადაც ჩვენ - მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელ-გამომძიებლები ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად. ეს, უპირველეს ყოვლისა, გავაკეთოთ ლუკასთვის და სხვა ლუკას ტოლების გადასარჩენად!

- ხანდახან მეჩვენება, რომ ღირებულებები აირია. თქვენც გქონიათ ასეთი განცდა? - ეპოქების ცვალებადობასთან ერთად ღირებულებების ნაწილი ყოველთვის იცვლება. არის ნაწილი, რომელსაც ადამიანი ინარჩუნებს, ნაწილს ასწორებს და არის ტრადიცია, რომელსაც განზე დებს. მაგალითად, ოდესღაც ვიღაც მკლავს აჭრიდა მოკლულ მტერს და აივანზე კიდებდა... ჩვენც ამ ცვლილებების ნაწილი ვართ...

- ძალიან დაშორდნენ ერთმანეთს ადამიანები. შეიძლება გვერდით ოთახში გყავდეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ სოციალურ ქსელში უძღვნიდე სასიყვარულო სტატუსს. - მსოფლიოში ბევრი იწერება ამაზე - როგორია ვირტუალური ადამიანი და როგორია მისი შეგრძნებები ვირტუალურ სივრცეში. ზოგი ამბობს, რომ ის იგივეა, მხოლოდ ფორმაა განსხვავებული, ზოგი ამბობს, რომ ფორმა და თვისებრიობაც განსხვავდება. ვნახოთ, რა დასკვნამდე მივლენ.

- ეს იგივე თემაა, შეცვლის თუ არა ელექტროწიგნი ქაღალდის წიგნს... - მგონია, რომ საკითხი ასე რთულად არ დგას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს ტრადიციულ გამოცემებსაც, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ელექტრონული წიგნების კითხვას ირჩევენ. ტექსტი იგივეა იქაც და აქაც. მთავარია, ვიკითხოთ.

- ვირტუალურ ურთიერთობებზე საუბრისას ტროლებს გვერდს ვერ ავუქცევთ. - სიმართლე გითხრათ, ეს მე მაინცდამაინც არ შემხებია, მაგრამ სადაც შემხებია, დასაცინი და არაფრისმთქმელი იყო.

ტროლებზე ძველი მხატვრული საბავშვო პერსონაჟები მახსენდება, სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, ადამიანისადმი მტრულად განწყობილი არსებები, მთის სულები... თავიდან მე ასეთი ტროლი ვიცოდი, მერე კი გაჩნდა ინტერნეტტროლები, რომლებიც ჩემთვის საინტერესო არ არიან.

- ოცნება, რომელიც გინდათ, რომ ახალ წელს აუცილებლად აგისრულდეთ... - ვოცნებობ, არ გვყავდეს მშიერი ბავშვები და მათ განათლების მიღების მეტი საშუალება ჰქონდეთ. თუ მაინცდამაინც პიროვნულ ოცნებაზე ვისაუბრებთ, მინდა, რომ ფილმი, რომელსაც შევეჭიდეთ, მალე გადავიღოთ. უკვე ვმუშაობ ლევან კოღუაშვილთან ერთად სცენარზე, რომელიც 90-იანი წლების გურიას გააცოცხლებს "გურული დღიურების" მაგალითზე.