როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან - კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან

არსებობს 5 მარტივი წესი: ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური აცრა, რეგულარულად დაიბანეთ ხელები, ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს, მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს, თუ ავად ხართ, დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმ-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი პრევენციისთვის გვირჩევს 5 მარტივი წესის დაცვას, რომლებიც გავრცელებული ვირუსებისგან თავის არიდებაში დაგვეხმარება.

- საზოგადოებაში პანიკაა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდაო. რა ვირუსი გვიტევს ამჟამად და გვაქვს თუ არა პანიკის საფუძველი?

- ამ სეზონზე ყოველთვის მატულობს ვირუსები. ისინი გაცივების ან-გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევენ. ბუნებაში ამგვარი ვირუსების 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და ხშირად ისინი თანაცირკულირებენ, თანაცირკულაციაში მონაწილე ვირუსთა ნაირსახეობა კი პერიოდულად იცვლება.

- რა თავისებურება ახასიათებს, რამდენ ხანს გრძელდება და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას? - ვირუსთა ჯგუფს, რომელიც გრიპისმაგვარ დაავადებებს იწვევს, მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს და მათ მხოლოდ სპეციალისტი თუ ამოიცნობს. ექიმები ვირუსის სახეობის იდენტიფიკაციისთვის იყენებენ კლინიკური ნიშნების შეფასების, დიფერენცირების, ლაბორატორიული კვლევებისა და ეპიდსიტუაციის შესაძლებლობებს. რაც შეეხება კონკრეტულად გრიპს, ის იწყება მაღალი ცხელებით და თან ახლავს თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი და ხველა. სხვა რესპირაციული სიმპტომების გამომწვევ ვირუსებსაც იგივე სიმპტომები აქვს, ოღონდ სხვადასხვა ინტენსივობით გამოხატული, ზოგიერთს ახასიათებს დამატებითი სიმპტომებიც - სურდო, კონიუნქტივიტი და სხვა.

- რა ხერხი არსებობს პრევენციისთვის. - არსებობს 5 მარტივი წესი: ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური აცრა, რეგულარულად დაიბანეთ ხელები, ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს, მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს, თუ ავად ხართ, დარჩით სახლში.

- ხომ არ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტის საფრთხე?

- ანტივირუსული პრეპარატების მარაგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, არა ვარ კომპეტენტური. ვაქცინა კი საკმარისადაა მაღალი რისკის ჯგუფების ასაცრელად.

- რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა? - 2019-2020 წლების სეზონისთვის შემოტანილი გრიპის ვაქცინა ოთხვალენტიანია და მისი შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მოიცავს A და B გრიპების 2-2 შტამს.

- ვინც უკვე გადაიტანა გრიპი, არის განმეორების საშიშროება?

- დიახ, გრიპის ვირუსის ერთი ქვეტიპის გადატანით სხვა ქვეტიპებისადმი იმუნიტეტი არ ყალიბდება.

- ვინც უკვე გადაიტანა გრიპი, აცრის გაკეთებას აქვს აზრი? - დიახ, აქვს. გრიპის გადატანის შემდეგ მას იმუნიტეტი აქვს მხოლოდ ერთი კონკრეტული შტამის მიმართ. აცრა კი სხვა შტამებისგან დაიცავს.

- როგორ მოვიქცეთ, თუკი აცრა დაგვიანებულია? - აცრა არასდროს არის გვიან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის.

- რა შემთხვევაში ვიძახებთ "სასწრაფოს"? - თუ დაიწყება სუნთქვის გაძნელება, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, სისხლიანი მინარევი ნახველში, ტკივილი გულმკერდის არეში, ბავშვებში აგზნებულობა ან მივარდნა, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

- შარშან ამ დროსთან შედარებით მატება იგრძნობა თუ კლება? - გრიპის შემთხვევები მომდევნო კვირებში მაღალი ალბათობით მოიმატებს, მაგრამ არა საგანგაშოდ.