"აქაურები მარტოობას არ მაგრძნობინებ" - ვინ არის ბიჭი, ვინც ყაზახები ქართულად ააცეკვა - კვირის პალიტრა

"აქაურები მარტოობას არ მაგრძნობინებ" - ვინ არის ბიჭი, ვინც ყაზახები ქართულად ააცეკვა

გვარით, გარეგნობით, სულითა და შემართებით აშკარად სვანია, თუმცა გარდაბანში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ კი ბედისწერამ ყაზახეთში მოახვედრა და დღესდღეობით მის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ყოფილ ასტანაში ცხოვრობს. სამი წელიწადია, იგი ჩეჩენ-ინგუშურ დიასპორაში მუშაობს, ანსამბლ "ვაინახის" მოცეკვავეა, პარარელურად კი, საკუთარი ცეკვის სტუდიაც აქვს, სახელად, "თემო". ამბობს, ჩემი ყაზახეთში მოღვაწეობა სრულიად შემთხვევითია და ხანდახან ფილმადაც კი მეჩვენებაო. რამ ჩაიყვანა ყაზახეთში და როგორ იქცა ქართული ხალხური ცეკვების მოცეკვავე ახალგაზრდა კაცი ქორეოგრაფად, ამას 28 წლის თეიმურაზ გასვიანი თავად გვიამბობს:

- 7 წლის ასაკიდან ვცეკვავ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობითაც ვიყავი დაკავებული, ბავშვობიდანვე არჩევანი მაინც ხელოვნებაზე გავაკეთე, ცეკვა სულით ხორცამდე გავითავისე და სწორედ ის გახდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. დიდი მადლობელი ვარ ჩემი პირველი ქორეოგრაფის - გია ქემაშვილის. მან შემაყვარა ცეკვა და ძალიან ვწუხვარ, რომ ნაადრევად დატოვა ეს წუთისოფელი. ვცეკვავდი ანსამბლ "სალაღობოში", ძალიან ვემადლიერები ჩემს ქორეოგრაფებს: გოდერძი მანჯაფარაშვილს და ჯული ბადაგაძეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩემს კარიერაში. ვცეკვავდი ანსამბლ "ხალიბშიც" და წილად მხვდა უდიდესი სიამოვნება, რაც სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს" უკავშირდება. "ერისიონში" ცეკვა ნამდვილად დაუვიწყარია ჩემთვის. იქ ყოფნისას საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო.

- თემო, როგორ მოხვდით ყაზახეთში და რატომ გადაწყვიტეთ, უცხო ქვეყანაში ქართული ცეკვები გესწავლებინათ. ერთია, მოცეკვავე იყო, მეორეა - ქორეოგრაფობას შეეჭიდო. ეს უკანასკნელი, ხომ, ზოგადადაც საკმაოდ რთული საქმეა და მით უფრო რთულია, რომ სხვა ეროვნების ადამიანები დააინტერესო და მართლაც რთულად შესასრულებელი ქართული ცეკვები ასწავლო კიდეც?

- ალბათ, ხვდებით, რომ ყაზახეთში ცეკვის გამო ნამდვილად არ წავსულვარ. წავედი და იქ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მეგობარმა ყაზახებისთვის ცეკვის სწავლება შემომთავაზა.

მანამდე ცეკვა არასდროს არავისთვის მისწავლებია, მითუმეტეს - ჯგუფისთვის. სხვა პრობლემაც მქონდა - გამართულად ვერც ყაზახურად ვლაპარაკობდი და ვერც რუსულად. მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე და გადავწყვიტე, სასინჯი რეპეტიცია ჩამეტარებინა. სხვათა შორის, ენასთან და პირველ რეპეტიციასთან დაკავშირებით კურიოზიც შემემთხვა. პირველ დღეს ყველა აშკარად ელოდებოდა გაცნობას, გასაუბრებას, მაგრამ მე სულ სხვაგვარად ვიმოქმედე: ჩავრთე მუსიკა და მოსწავლეებს ხმამაღლა გავძახე, - ნაბიჯები ჩემთან ერთად გაიმეორეთ-მეთქი! უცებ სარკეში 15 გაოცებულ სახეს ვხედავ... ჩანდა, დაიბნენ, მაგრამ მართლაც ძალიან ადეკვატური, წესიერი ჯგუფი შემხვდა - არც არავის ჩაუცინია, არც ირონიით შემოუხედავს, ეს კი ძალიან დამეხმარა და გამამხნევა. ამის შემდეგ სკოლის დირექტორმა ყოფილ ქორეოგრაფს დაურეკა და ქართულიდან რუსულზე თარჯიმნად მუშაობა სთხოვა. გაოცებულმა ქორეოგრაფმა უპასუხა, ქართული რომ არ ვიციო? დირექტორმა საქმე გაუმარტივა - მოცეკვავეები ხართ და ერთმანეთს გაუგებთო.

- რა კადრებიც ვნაზე, თქვენს მოსწავლეებს ცეკვა აშკარად კარგად გამოსდით, არადა, ერთია, ილეთები ასწავლო და ცეკვა დაადგმევინო, მაგრამ იოლი არ არის, ის სულისკვეთება შესძინო უცხო ერის შემსრულებლებს, რაც თუნდაც თავად გაქვს, როდესაც ქართულს, მშობლიურს ცეკვავ. ძალიან ხომ არ გაუჭირდათ და როგორ ასწავლით - უხსნით ხოლმე თითოეული ცეკვის შინაარსს?

- ანსამბლ "ვაინახში" 6 წლიდან 16 წლამდე მოსწავლეები მყავს. მათთან დავდგი ცეკვა "ყაზბეგური" და პირდაპირ ეთერში სწორედ "ყაზბეგურით" მივულოცეთ მთელ საქართველოსა და ქრისტიანობას გიორგობა. ზოგადად, ქართული ცეკვებიდან დავდგი "ყაზბეგური", "აჭარული" და "რაჭული". ძალიან რთულია ჩვენი ცეკვების შესწავლა და მისი შესრულება მიმიკითა და ემოციით. ილეთს ადამიანი ისწავლის, მაგრამ მთავარია მისი ემოციურად შესრულება. ცეკვისას სულიერი მდგომარეობა ილეთით გამოხატულ გარეგნულ ფორმად უნდა აქციო, რათა მაყურებლისთვისაც გასაგები და სასიამოვნო იყოს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ვიფიქრე, რით დამეწყო სწავლება, სტაბილური სტუდიები რომ შემენარჩუნებინა და მეტი მოსწავლე მომეზიდა. საბოლოოდ კავკასიურ ცეკვაზე შევჩერდი და სწავლებას ყველასთვის ცნობილი "ლეზგინკით" ვიწყებ ხოლმე, მართალია - ქართული არ არის, მაგრამ აქაურებისთვის უფრო იოლად აღსაქმელი და შესასწავლადაც ასე თუ ისე ადვილია, ვიდრე ქართული ცეკვები. თემო საქართველოში, დედასთან ერთად

ლეზგინკის შემდეგ უკვე გადავდივარ ბევრად უფრო რთულ პროგრამაზე და ვიწყებ ქართული ცეკვების დადგმას. აქ ისე არ ხდება, რომ ერთი წელიწადი იარონ და ელოდონ იმ რეზულტატს, რომლის შედეგადაც მოსახერხებელი იქნება, სცენაზე იხილონ ბავშვი. ქართული ცეკვები პატარა დროში ვერ შეისწავლება, მითუმეტეს - სასცენოდ.

ასევე, მყავს მოყვარულთა ჯგუფები. ამ ჯგუფებში დიდები ცეკვავენ - მოსწავლეთა ასაკი 25 წლიდან ჯერჯერობით 50 წლამდე არის. მათთან ძალიან რთულია მუშაობა, მაგრამ ძალიან მონდომებულები არიან.

გვქონდა გასტროლები ყაზახეთის რეგიონებში, ასევე, ბულგარეთში, რუსეთში. გრან-პრიც კი მივიპოვეთ. ზაფხულში ვემზადებით სოლო კონცერტისთვის ბულგარეთში.

ანსამბლ "ვაინახს" 5 თვის წინ სახალხო ანსამბლის წოდებაც მიანიჭე. ძალიან სასიამოვნოა, რომ იმ რეზულტატის ჩვენება შევძელით, რის გამოც წილად გვხვდა სახალხო წოდება.

- ქართული ოჯახები ცხოვრობენ თქვენს ქალაქში? და ქართველი მოსწავლეებიც ხომ არ გყავთ ან პატარებთან, ან დიდებთან? - ნურ-სულთანში ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან ცოტა ისეთი, ვისაც ოჯახიც აქ ჰყავს. მე ვისაც ვიცნობ, მათი ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან ცეკვისთვის. მხოლოდ ერთი ქართველი ბავშვი დადის ჩემს სტუდიაში, ისიც - მეგობრის შვილია და უკვე ერთმანეთს ნათელიმირონით დავუკავშირდით.

- და კიდევ: საქართველოში დაბრუნებას ჯერ ალბათ არ გეგმავთ, ხომ?

- საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. მაგრამ დაბრუნება ჯერჯერობით არ დამიგეგმავს. საერთოდ, რა თქმა უნდა, სირთულეების გარეშე არაფერი ხდება. რთულია უცხო ქვეყანაში დამკვიდრება, მითუმეტეს, როდესაც ცდილობ, საკუთარი საქმე იქონიო; რთულია, როდესავ მშობლები და ადამიანები , ვინც თუნდაც ერთი წვეთი სიმართლე და სიყვარული მასწავლა და მითანაგრძნო, ახლოს არ მყავს; რთულია იმ მეგობრების გარეშე, ვისთან ერთადაც დღის უდიდეს ნაწილს ვატარებდი და უცებ არც ერთი ახლოს არ არის, მაგრამ ჩვენი ერი, ჩვენი კულტურა ყველასთვის სასიყვარულოა და აქაურები მარტოობას არ მაგრძნობინებენ. თითოეული მოსწავლე მოუთმენლად ელოდება, როდის მოახერხებენ საქართველოში ჩამოვლას.

ნახეთ ვიდეო, თუ როგორ ცეკვავენ ყაზახი ბავშვები ქართულ ცეკვებს