"როდესაც იცი, რომ ახალ წელს ვიღაც ბედნიერი შეხვდება, იმაზე აღარ გვეფიქრება, რომ გცივა ან დაიღალე" - კვირის პალიტრა

"როდესაც იცი, რომ ახალ წელს ვიღაც ბედნიერი შეხვდება, იმაზე აღარ გვეფიქრება, რომ გცივა ან დაიღალე"

"ამ ბავშვების ბედნიერი თვალები ყველაფრად ღირდა"

თბილისის ქუჩებში, საღამოს საათებში, ალბათ, შეგიმჩნევიათ გოგო-ბიჭები ხურჯინითა და სათამაშოებით ხელში. ეს ადამიანები, კეთილი "მოხალისე სანტები" არიან, რომლებიც სრულიად უანგაროდ თავიანთ თანატოლებს სწავლის საფასურის მოგროვებასა და განათლების მიღებაში ეხმარებიან. თეონა გაიხარაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია და უკვე მესამე წელია სხვა 150 სტუდენტსა და სკოლის მოსწავლესთან ერთად "მოხალისე სანტაა", ამ და სხვა თემებზე თეონა გაიხარაშვილი გვესაუბრა:

- მოგვიყევით თქენს შესახებ, საიდან გაჩნდა იდეა "მოხალისე სანტები" გამხდარიყავით?

- 4 წლის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსკა კვიციანმა და თორნიკე ჩიქოვანმა, თავიანთი ინიციატივით გადაწყვიტეს, რომ სხვა სტუდენტებს დახმარებოდნენ და პატარა დაჯგუფება "მოხალისე სანტები" შექმნეს. დახმარების სურვილი ათმა სტუდენტმა გამოთქვა, ერთი კვირის განმავლობაში სათამაშოები გაყიდეს და ამ მოგროვებული თანხით თავიანთ მეგობრებსა და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს დაეხმარნენ. შემდეგ წელს მსურველების რაოდენობამ იმატა, ასევე გაიზარდა თანხის მოგროვებისთვის გამოყოფილი დრო და უკვე 10 დღე იმუშავეს, ყოველ წელს მატულობდა სანტების რაოდენობა. წელს ბევრად მეტი ვართ, დავდივართ წყვილებში, თოვლის ბაბუ და ბებო. საბოლოოდ კი, ჩვენი მოგროვებული თანხით სტუდენტებს სწავლის მთლიან ან ნახევარ წელს ვუფინანსებთ.

- რამდენი ადამიანია ჩართული ამ საქმიანობაში? - სულ 150 მოხალისე სანტა ვართ, თუმცა თავიდან 10 სტუდენტით დავიწყეთ, შემდეგ წელს 50-მდე გაიზარდა და უკვე ბევრნი ვართ, წელს რამდნიმე სკოლის მოსწავლეც კი შემოგიევრთდა.

- საზოგადოება როგორ ხვდება თქვენს ინიციატივას? - ძირითადად დადებით ემოციას ვიღებთ, საზოგადოებას უხარია, როდესაც იგებენ, რომ ეს არის ორმაგი ქველმოქმედება. ყოფილა წინააღმდეგობა და სულ გვქონდა მაგის შიში, თუ როგორ მიიღებდა ხალხი ამ ინიციატივას, თუმცა გვაქვს გვერდი სოციალურ ქსელში და ვისაც კითხვა უჩნდება, ვაჩვენებთ და ვთხოვთ ხოლმე რომ თვალი გვადევნონ სოციალურ ქსელში. იქ იდება სურათები ამ დაფინანსებული ბავშვების სია, გადახდილი თანხის ჩეკები და ყველა დეტალი ჩვენს შესახებ.

- როგორც ახსენეთ, ეს ყველაფერი ორმაგი ქველმოქმედებაა, რას გულისხმობთ? - ჩვენ ვეხმარებით, ისეთ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ვერ იხდიან სწავლის გადასახადს, ასეე ვეხმარებით ერთ-ერთ შშმ პირთა ორგანიზაციას, "კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" ისინი ამ პროქტისთვის საკუთარი ხელებით ამზადებენ, დაახლოებით 5000 სათამაშოს, რვეულებსა და ზღაპრებს, რომელსაც იგივე ფასად ვყიდულობთ და ვყიდით, რომ საბოლოოდ შეკრებილი თანხით სტუდენტები დავაფინანსოთ.

- რამდენმა სტუდენტმა მიღო უკვე დაფინანსება? - ამ დროისთვის 10-მდე სტუდენტია დაფინანსებული, წელსაც 2 ან 3 მიემატება, ხშირად ლოკაციები გვერევა და ერთ ოჯახში რამდენჯერმე მივსულვართ. ეცინებათ ხოლმე, ჩვენთან უკვე იყავითო.

- როდის არის საბოლოო დაჯილდოება და როგორ ხდება კანდიდატების არჩევა? - ბოლო გასეირნება 7 იანვარს გვაქვს, შემდეგ თანხებს დავითვლით, გადავანაწილებთ და 12-ში იქნება დაჯილდოება. დაფინანსებას სპეციალური ბლანკის შევსების შემდეგ მიღებენ. აუცილებელია სტუდენტს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდეს და მნიშვნელოვანია ის, რომ უნდოდეთ სწავლა, მაგრამ სახსრების გამო ვერ ახერხებდნენ. ბოლო გასვლითი დღის შემდეგ ჩვენ, მოხალისე სანტები ვიკრიბებით, ვკითხულობთ ყველა ბლანკს და განვიხილავთ ვის უფრო მეტად სჭირდება ეს. არჩეულ ადამიანებს უნივერსიტეტში ვიბარებთ და თავიდან არ ვუმხელთ მოსვლის მიზეზს, მოსვლის შემდეგ ადგილზე იგებენ, რომ სწავლას აგრძელებენ და თან სრულიად უფასოდ. ეს საოცარი სიხარულია, როდესაც ხვდები, რომ ამდენი სიარული, სიცივე და წვალება გიფასდება, სხვის ბედნიერ სახეს რომ ხედავ, შენც ბედნიერი ხარ.

ეს ენით აღუწერელი სიხარულია ჩვენთვის, ხშირად ვისაც ვაფინანსებთ, იმათზე მეტადაც კი გვიხარია. როდესაც იცი, რომ ეს ყველაფერი ქველმოქმედებისთვის კეთდება, ახალ წელს ვიღაც ბედნიერი შეხვდება და შანსი ექნება რომ ისწავლოს, იმაზე აღარ გვეფიქრება, რომ გცივა ან დაიღალე. ამას რომ ვიაზრებთ, სხვა დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება.

- სახლებში სიარულის დროს რაიმე საინტერესო ამბავი თუ გადაგხდენიათ? - ხშირად ცნობილი ადამიანები გვხვდებიან ხოლმე და განსაკუთრებით, ნანიკო ხაზარაძეა ამ საქმიანობაში ჩართული. გვგულშემატკივრობს, ყოველ წელს სოციალურ ქსელში ჩვენს სურათებს აზიარებს და სულ უხარია მასთან სახლში რომ მივდივართ. რთულია უცხო სახლში მისვლა, არ ვიცით როგორ დაგვხვდებიან, მაგრამ არ ველოდი ამდენი ადამიანი თუ გამოთქვამდა დახმარების სურვილს.

ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, მე და ჩემ მეწყვილეს ერთ-ერთ ოჯაში 4 ბავშვი და მამა დაგვხვდა, დედა ცუდად ყავდათ და სახსრები არ ჰქონდათ საახალწლო საჩუქრები რომ ეყიდათ. ჩვენ იქვე, ერთხმად გადავწყვიტეთ და სიმბოლურად საახალწლო ნიღბები ვაჩუქეთ. თოვლის ბაბუმ ამოიღო და აჩუქა, ამ ბავშვების ბედნიერი თვალები ყველაფრად ღირდა, თითქოს ყველაფერი დიდი ჯაჭვია, და ეტაპობრივად ბევრი რამ კეთდება.

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)