"როცა საქართველოს გუნება გამოუკეთდება, მაშინ ვიმღერებ!"
06-07-2009
"მშობლები გიტარის ყიდვაზე უარს მეუბნებოდნენ - ჯერ დაკვრას ისწავლი, მერე გალოთდებიო..."

წავიდა ჩემი ბიჭი გიორგი... მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე...

"ჭაღარა შვილი რომ მივიდოდი და მეტყოდა, - მოგიკვდეს დედა, როგორ დაიღალეო... ამას ვერაფერი შეცვლის"


ბოდიშს გიხდით, რომ ასე გულახდილად გიყვებით ყველაფერს და შეიძლება თავსაც გახვევთ ჩემს ცხოვრებას, - მეუბნება თემურ წიკლაური და ადრინდელ ფოტოებს დაჰყურებს. საოცარია, მაგრამ მისი ხმა სიმღერასავით ჟღერს მაშინაც, როცა არ მღერის და ძალიან სევდიან ამბებს
იხსენებს. ეს ბედისწერასავითაა. ვუსმენ, როგორ მიამბობს კოჯრის სკოლაზე, რომელიც წითლების შემოსვლის შემდეგ დანგრეული ეკლესიის ქვებით აუგიათ. მიყვება, როგორ ინგრევა ის სკოლაც, როგორ პოულობენ წყაროს უკან გადაყრილ ჩუქურთმიან ქვებს და როგორ მიაქვთ იქ, სადაც მათი ადგილია - ნაეკლესი
არზე. ქვები დუმან და თავის ჟამს ელიან...

თემურ წიკლაურს არ შეიძლება ეს ჟამი არ ენატრებოდეს... ცოტა ხანს ჩუმდება და გაოცებული ვხვდები: მასთან სიჩუმეც რაღაცნაირად სიმღერასავით ჟღერს...



ჩემი დილა


კოჯორში ვცხოვრობდი. VII კლასამდე ხუთებზე ვსწავლობდი. მშობლები დამპირდნენ, - თუ ხუთებზე ისწავლი, ველოსიპედს გიყიდითო. ეტყობა, მეგობრებში დავიტრაბახე - ნახეთ, მალე ველოსიპედი მექნება-მეთქი. მაგრამ მერე ისე გაუჭირდათ, ველოსიპედი კი არა, პურის ყიდვა აღარ შეეძლოთ. მეწყინა, პირობა რომ არ ამისრულეს და სწავლა მივატოვე. ახლა მეცინება, რომ მახსენდება...

ფიზიკური შრომა თუ გამომიცდია? როგორ არა! დიდი ბოსტანი გვქონდა, კარტოფილს ვთესავდით. 1000 კვადრატულ მეტრზე დამაყენებდნენ და ვთოხნიდი. ტყეშიც დავდიოდი შეშის მოსატანად... ფილმი "ტარზანი" რომ გამოვიდა, ბიჭები მივდიოდით ტყეში, ვკიდებდით თოკებს და იყო ერთი ტყაპატყუპი. დაჟეჟილები ვბრუნდებოდით შინ.

ერთხელ, 97 წლის პაპასთან დამტოვეს. მინდოდა, გავფრენილიყავი. ეზოში დიდი წაბლის ხე გვედგა. ავიტანე ორი-სამი ქოლგა ამ ხეზე, გავშალე და გადმოვხტი. ქოლგები დაიკეცა და მე ღობის ეკლიან მავთულს ჩამოვეკიდე მუცლით. დავიწყე ბღავილი. სანამ პაპამ გაიგონა და მოვიდა... კიდევ კარგი, გაიგონა. ახლაც, ამ ნაიარევს რომ დავხედავ ხოლმე, პაპა მახსენდება.

კოჯორში ნათელა პატარიძე ამოდიოდა თბილისიდან. სკოლაში ისეთი სიმღერის გუნდი შექმნა, ოლიმპიადებზე სულ პირველ ადგილზე გავდიოდით. მეუბნებოდა, - ხმა გაქვს და მიჰყევიო...

ბიჭები ამოვიდნენ კოჯორში, გიტარაზე დაკვრას ასწავლიდნენ, მათ მასწავლეს დაკვრა. პირველად ეს სიმღერა ვისწავლე: "შემომხვდი და გამიფრინდი, ჩემო თოლია". გიტარა არ მქონდა. მშობლები ყიდვაზე უარს მეუბნებოდნენ - ჯერ გიტარაზე დაკვრას ისწავლი, მერე გალოთდებიო. ჩუმად ვიყიდე და ტყეში ვმალავდი. მივდიოდი და იქ ვმეცადინეობდი.

1964 წელს უცხო ენების ინსტიტუტში ჩავირიცხე.

თბილისში ორი წლით პროფესორმა ოთარ ზენაიშვილმა შემიფარა - კოჯორში ისვენებდა ხოლმე ჩვენთან...ბატონი ოთარი და მისი მეუღლე თავს მევლებოდნენ, რომ კარგი ადამიანი დავმდგარიყავი... დიდად დამეხმარა ინსტიტუტის პრორექტორი გოგი შიოშვილიც. იქაც გუნდში მოვხვდი. ჩვენი დეკანი ნელი კრავეიშვილი მირჩევდა, - კონსერვატორიაში ჩააბარეო... ვერა და ვერ გადამაწყვეტინეს. რატომღაც დიპლომატობა მინდოდა სოფლელ ბიჭს და ამისთვის ენა უნდა მესწავლა.

ოჯახი დღეში მანეთს მაძლევდა. კვირაში 7 მანეთით როგორმე თავი უნდა გამეტანა. კიდევ ვიმეორებ, მადლობა უფალს, რომ მიფარავდა. მეგობარმა მომაკითხა - არნოლდ ნანობაშვილმა: პლეხანოვზე, უნივერმაღს ანსამბლი ჰყავს და იქ თუ ვიმღერებთ, ხელფასს მოგვცემენ, 66 მანეთსო. მივედით დირექტორთან - ასლან ხარბედიასთან, ყოფილი ფეხბურთელი იყო. რომ გვნახა უწვერული ბავშვები, მე გალანტერიის საწყობში გამაფორმა მუშად. ხელფასს სტიპენდიაც ემატებოდა და 100 მანეთი კი გამომდიოდა. ეს დიდი ფული იყო! უკვე შემეძლო, გოგოებისთვის საჩუქრებიც კი მეყიდა. ყოველ დილით მივდიოდი საწყობში, ვმუშაობდი, ცხრის ნახევარზე ინსტიტუტში გავრბოდი, იქიდან - რეპეტიციაზე მოვდიოდი... მერე ისეთ განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც გეგმა სრულდებოდა და ხელფასიც 100 მანეთამდე გამიზარდეს.

1967 წელს სოსო ებრალიძემ შექმნა ანსამბლი "ციცინათელა" და მეც მიმიწვია. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს ლილი ზღვაურს.  გაგვიჩნდა ქეთევანი...

სამი კურსი ფრიადოსანი ვიყავი... "ციცინათელასთან" ერთად გასტროლებზე წავედი და ხელიდანაც წავედი. უკვე თავის გამოჩენა მომინდა, სიმღერა გახდა მთავარი... ბევრი ივიშვიშა ჩემმა დეკანმა, - ისწავლე, ხომ შეგიძლიაო, მაგრამ ვერ მიმაბრუნა აუდიტორიაში... როგორღაც მაინც დამამთავრებინა ...



ჩემი შუადღე

სცენაზე გასვლა ყოველთვის ძალიან მიჭირდა. სიცილით კვდებიან, ოფლად რომ ვიღვრები, სიტყვები მავიწყდება, მგონია, ხმა დავკარგე. გავალ სცენაზე და ყველაფერი კარგად მიდის...

მე და ლილი ვმუშაობდით და ამოვისუნთქე... ახლა რომ ვაკვირდები, რა იყო ეს ამოსუნთქვა? არაფერი. სიყვარულის კვალად გაჩენილი თავდაჯერება, რომ არაფერი გვაკლია. მაგრამ რა დამავიწყებდა იმას, რაც გამოცდილი მქონდა. ახვედი თუ ჩამოხვედი კიბის საფეხურებზე, მნიშვნელობა არ აქვს. შენ ხომ იცი, რა არის გაჭირვება, განსაცდელი, როცა კუჭი "თავისას ითხოვს", ან ჩასაცმელი არაფერი გაქვს. ეს რომ არ გამევლო, ძნელი იქნებოდა სულის დაამება!

ჯემალ ბაღაშვილს კოჯრიდან ვიცნობდი. დასასვენებლად ამოდიოდა, უკრავდა ხოლმე.  ძალოსანი იყო. კრივიც იცოდა. თბილისში რომ ჩამოხვალ, ყველაფერი უნდა შეგეძლოსო და დამაწყებინა ვარჯიში. თბილისში რომ შევხვდით ერთმანეთს, "ციცინათელაში" ვმღეროდი. "ივერია" უნდა შევქმნათ და ჩემთან წამოდიო...

"ივერიასთან" ერთად მოვიარე მსოფლიოს 80 ქვეყანა. დავდგით 4 მიუზიკლი, 165 კონცერტი,გვქონდა 22 საკონცერტო პროგრამა...

ყველა ჯურის ხალხს შევხვედრივარ, ყველანაირი გზა მაქვს გავლილი... ხშირად გვიხდებოდა კოლონიებში კონცერტების ჩატარება. შემდეგ მივხვდი, ეს ქრისტიანულია: პატიმარიც უნდა მოინახულო და ავადმყოფიც.

სხვათა შორის, კონცერტის მერე პურმარილი იშლებოდა... ახლა რომ ამბობენ, ციხეში კარგად ვინც მოიქცევა, ხუთდღიანი შვებულებით შინ გაუშვებენო, იმ დროს ჩვენ შევდიოდით სამსაათიანი ქეიფისთვის ციხეში და ეს იყო მათი "ხუთდღიანი სამი საათი".

ჩემი შვილის წასვლა დიდი ტკივილი იყო. მაშინ "არგონავტებს" ვდგამდით. მე აიეტის როლი მქონდა. ვფიქრობ, ასეთი კარგი მიუზიკლი სხვა არც არის, მაგრამ მძიმე მოგონებას გვიღვიძებს და ამიტომ აღარ მივბრუნებივართ... "ფიროსმანი" უნდა დაგვედგა. ჯემალმა - აბა, შენ იცი, ფიროსმანი შენ ხარო... გადავწყვიტე, 21 დღე მეშიმშილა, რომ მივახლოებოდი ნიკალას სულის მდგომარეობას, როცა შიმშილობდა, როცა არავის უნდოდა... მივდიოდი კოჯორში, ჩემს წყაროზე. იქიდან მომქონდა დასალევი წყალი. ის სიჩუმე და მარტოობა განსაკუთრებულია ჩემს ცხოვრებაში. 21 დღის მერე, პირველად რომ შევდგი ფეხი ფილარმონიაში, ჯემალმა: აი, ფიროსმანი მოვიდაო.

უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ დარჩენა არსად მნდომებია. კა-გე-ბე დაგვყვებოდა. ღამით გარეთ არ გვიშვებდნენ. ქართველი თუ მოვიდოდა ვინმე, არ უნდა მივსალმებოდით - სამშობლოს მოღალატეაო. ჩვენ კი გამარჯობასაც ვეუბნებოდით და ვილხენდით კიდეც.

ვენესუელაში ვიყავი 6 თვე ტრიო "საუნჯესთან" ერთად. კონცერტები ხულიო იგლესიასის მენეჯერმა დაგვიგეგმა... მაგრამ ვაი, ამ ყოფნას - გასკდა თავი, გული! შინ მინდოდა... შემომთავაზეს დარჩენა - მსოფლიო სახელი გექნებაო... არაფრით ვქენი. მხოლოდ ერთი წელიო. არ შემიძლია-მეთქი...

დადგა დრო და ოპერას მივმართე. ალექსანდრე ხომერიკის დახმარებით შევძელი ეს. "აიდაში" ამონასოს პარტია მზად მაქვს, "ტრავიატას" ვამუშავებ... ამონასო უნდა მემღერა, მაგრამ აირია ყველაფერი. როცა საქართველოს გუნება გამოუკეთდება, მაშინ ვიმღერებ. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. სული და გული არ უნდა დაბერდეს.

ორი წლის წინ დავობლდი... 96 წლის დედა გარდამეცვალა. ის იყო ჩემი იმედი, ძალაც, სიმშვიდეც... მინდოდა, დედაჩემი და მისი დედმამიშვილები ერთად შემეყარა და ყველასთვის მომევლო. ჭაღარა შვილი რომ მივიდოდი და მეტყოდა, - მოგიკვდეს დედა, როგორ დაიღალეო... ამას ვერაფერი შეცვლის.

უკან რომ ვიხედები, ყველაზე მეტად იცით, რა მიხარია? იერუსალიმში შევიძინეთ 600 კვადრატული მეტრი მიწა სოსო ხარებოვის დახმარებით და საპატრიარქოს გადავეცით. ახლა იერუსალიმში ქართულ ეკლესიას თავისი ღამის გასათევი აქვს.

სოსო ხარებოვის დახმარებით გაიხსნა "სოსლენდი", ფართი ვასილ ბოლაშვილმა დამითმო, სადაც 1500 ბავშვს ვასწავლეთ და მათგან 200-ს უკვე სამსახური აქვს. ხომ ბედნიერებაა?..



ჩემი საღამო

უზარმაზარი გზა გავიარე თავისი აღმართებით და დაღმართებით. ახალგაზრდა ვიყავი და დროს ყურადღებას არ ვაქცევდი... ახლა დრო აჩქარდა. ახალი წელი გაივლის და უცებ მეორე ახალი წელი მოგადგება კარს...

მიმწუხრს მომავალში არ ველოდები, როცა სიკვდილმა პირი მაჩვენა, მივხვდი, მწუხრი რა არის. შევიცანი, რომ უნდა გარდავიცვალო. აქ მოსულს არაფერი მომიტანია და აქედანაც ვერაფერს წავიღებ...

1983 წელს წავიდა ჩემი ბიჭი გიორგი... მას მერე მისი სულის ძებნა დავიწყე. ვეძებდი ყველგან - დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. მერე მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი... მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა...

ხვალ არ ვიქნები... მერე რა? ყველაფერს ვაკეთებ, რომ დღეს ასე თუ ისე, სრულფასოვანი ვიყო, ვაკეთო ის, რაც შემიძლია.

ვცდილობ, ვიცხოვრო ფიქრსავსე და სულიერებით სავსე ცხოვრებით.

იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი...

მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა... არ უნდა დანებდე, უნდა შეებრძოლო.

რა მენატრება?..

გაზაფხულზე, იების ამოსვლის წინ მიწა რომ გაიბერება, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სუნი დგას ტყეში. ვერა და ვერ მოვახერხე, ადრე გაზაფხულზე რომ ტყეში ვიბოდიალო.

და კიდევ: ჩემს შვილიშვილს - ანდრიას ვზრდი ისე, რომ ჯერ უფალი უყვარდეს, მერე ქვეყანა და მერე ჩვენ... ისიც ჩემსავით სტიქაროსანია. ლურჯ მონასტერში ვდგავართ ერთად და ვემსახურებით უფალს. ანდრიამ უნდა იცოდეს, რა არის უფლის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ხალხის სიყვარული.



გზავნილები

ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამბროსი ხელაიას სიტყვების განმეორება შეგეძლოს კაცს: სული ჩემი - ღმერთს, გული - საქართველოს, ხორცს კი რაც გინდათ, ის უყავით!




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?