"დავით წერედიანი მუდამ იქნება ნიჭიერების, ოსტატობის, გემოვნებისა და მწერლური თავდადების ერთ-ერთი ნიშანსვეტი" - კვირის პალიტრა

"დავით წერედიანი მუდამ იქნება ნიჭიერების, ოსტატობის, გემოვნებისა და მწერლური თავდადების ერთ-ერთი ნიშანსვეტი"

"ჩვენი სურვილია, დავით წერედიანი მთაწმინდის (ან დიდუბის პანთეონში მაინც) დაიკრძალოს"

2019 წლის 30 დეკემბერს, ქართველი პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1963 წლიდან დავით წერედიანი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი ცნობილი თარგმანებია ფრანსუა ვიიონის ლექსები, გოეთეს "ფაუსტი", რომლისთვისაც 2012 წელს ლიტერატურული პრემია "საბა" დაიმსახურა", ძმები გრიმების ზღაპრები. არის ლიტერეტურული ესეების, ნარკვევების და წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი. 2014 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "საბა" გადაეცა.

ქართველი მწერლებისა და ხელოვანების ერთი ნაწილი ქართველი მწერლის - პოეტისა და მთარგმნელის დავით წერედიანის მთაწმინდის, ან დიდუბის პანთეონში დაკრძალვას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია მწერლების მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც მწერალთა სახლის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"ქართველი მწერლების თხოვნა

2019 წელი უმძიმესი გამოდგა თანამედროვე ქართული ლიტერატურისათვის. სწორედ წლის მიწურულს დავით წერედიანის გარდაცვალებით დამთავრდა დიდი ლიტერატურული ეპოქა, რომლის შუაგულშიც უთუოდ იგულისხმებოდა ეს უაღრესად თავისებური პოეტი და უდიდესი მთარგმნელი, რომელიც მთელი თავისი შემოქმედებით მუდმივად ამდიდრებდა მშობლიურ ქართულ ენას და მის ახალ-ახალ შესაძლებლობებს ხსნიდა გასაოცარი სიზუსტითა და ოსტატობით. დავით წერედიანის მიერ ქართულად ამეტყველებული მსოფლიო ლიტერატურის შედევრები ორიგინალური მწერლობის განუყოფელ და ორგანულ ნაწილად იქცა, ურომლისოდაც დღევანდელი ქართული მწერლობა ისეთი ღრმა და მრავლისმომცველი ნამდვილად არ იქნებოდა, როგორიც დღეს არის. აქ უსათუოდ ცალკე გამოსაკვეთია დავით წერედიანის მიერ ფრანგულიდან ვირტუოზულად თარგმნილი ფრანსუა ვიიონის დიდი და მცირე ანდერძი; გერმანულიდან თარგმნილი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი"; ბოდლერის, ვერლენის, რემბოს არაერთი ლექსის კონგენიალური თარგმანები; ძმები გრიმების ზღაპრების უბრწყინვალესი სამტომეული თუ სულ ახლახან ესპანურიდან ბრწყინვალედ გადმოქართულებული ფედერიკო გარსია ლორკას "ბოშური რომანსერო". ეს ძირითად ნაშრომებს თუ ჩამოვთვლით, თორემ არ არსებობდა ტექსტი, რომელსაც დავით წერედიანის ხელის შეხება ქართული ლიტერატურის უშინაგანეს და უბრწყინვალეს ფაქტად არ აქცევდა. მაგალითისათვის შეგვიძლია, მისი თარგმნილი თანამედროვე ფრანგი ავტორის, პასკალ კინიარის "ყოველი დილა ქვეყანაზე" გავიხსენოთ, სადაც წერედიანის ნიჭმა სრულიად სხვა, არაამქვეყნიური დიდებულებით გაიბრწყინა. აღსანიშნავია, რომ დავით წერედიანმა სვანურიდან ქართულად თარგმნა სვანური ხალხური პოეზიის ნიმუშებიც. ცალკე უნდა ითქვას მასზე, როგორც დიდებულ პოეტზე, რომლის დანატოვარი მცირეა, მაგრამ რაც არის, ყოველგვარი მინარევების გარეშე და შეიძლება გადაუჭარბებლად შეფასდეს, როგორც უმაღლესი სინჯის პოეზია.

ამ წერილის ხელისმომწერნი, ქართველი მწერლებისა და ხელოვანების ერთი ნაწილი, ვფიქრობთ, გამოვხატავთ ჩვენი საზოგადოების ერთსულოვან აზრს და ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, შესაძლებლობის ფარგლებში ერთად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ ამ მართლაც დიდ პოეტსა და ლიტერატორს.

ჩვენი სურვილია, დავით წერედიანი მთაწმინდის (ან დიდუბის პანთეონში მაინც) დაიკრძალოს. თვითონ ახალშესვენებული მწერლისათვის ამას შეიძლება, არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. ეს გვჭირდება ჩვენ და მომავალ თაობებს, ვისთვისაც დავით წერედიანი მუდამ იქნება ნიჭიერების, ოსტატობის, გემოვნებისა და მწერლური თავდადების ერთ-ერთი ნიშანსვეტი", – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

წერილს ხელს აწერენ: პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, პოეტი ლია სტურუა, მწერალი კოტე ჯანდიერი, მუსიკოსი მანანა მენაბდე, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.