"ადამიანს თუ რაღაც­ მიზანი და იდეალი არა აქვს, მარტო­ შემოსავალი არ უშველის, თუმცა­..." - კვირის პალიტრა

"ადამიანს თუ რაღაც­ მიზანი და იდეალი არა აქვს, მარტო­ შემოსავალი არ უშველის, თუმცა­..."

"ხელისუფლება სულ ილიას ახსენებს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახსენებს და ეს ხალხი ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ტყე-ტყე დაუწყებდა დევნას, საქმეების შეკერვას და კომპრომატების ძიებას. სასწრაფოდ დააორგანიზებდნენ ფეიკნიუსებითა და ბოტებით ამ ხალხის გაშავებას, ისევე, როგორც თავის დროზე ილიას აშავებდნენ", - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი და გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება.

- ძალიან მძიმე წელი იყო. თუ საზოგადოებას შეუძლია რეფლექსია მოახდინოს, დასკვნების გამოტანის და უფრო გონიერი მოქმედების შესაძლებლობა ექნება. შეიძლება სკეპტიკურად ჩანდეს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე მეტად ის გვიჭირს, გვქონდეს აქტიური მეხსიერება, გამოვიტანოთ დასკვნები, გვქონდეს რეფლექსია მიმდინარე მოვლენებთან, წარსულთან და ა.შ. ამიტომაც დავდივართ ერთ მანკიერ წრეზე. ქვეყნის განვითარება თამაშის წესებსა და დღის წესრიგშია. ჩვენ არა გვაქვს სწორი თამაშის წესები. იყო ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ ხელისუფლებამ უარი თქვა.

პროპორციული არჩევნები იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, ყველას თავი დაგვეღწია ამ მანკიერი წრისგან და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიგვეღო მონაწილეობა. როცა ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, ესე იგი, ისევ იმ წრეზე სიარული გვინდა, სრული ძალაუფლება გვინდა, ამას კი ეს შედეგი აქვს - გაუცხოება, გახლეჩილობა, ბრძოლა, კონფლიქტები...

- რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის პოლარული საზოგადოება, რა საკრალური წრეა ასეთი? - ეს რაღაც მანიას, ნარკოდამოკიდებულებას ჰგავს. ადამიანმა იცის, რომ თავს იღუპავს სხვადასხვა დამოკიდებულებით, ნარკოტიკი იქნება, სიგარეტი თუ სხვა, მაგრამ იმდენად დიდია ვნება, რომ გონივრული შეფასების შესაძლებლობის ზღვარს სცდება. მისთვის ეს აუცილებლობაა, ძალაუფლება ნარკოტიკივით "უნდა გაიკეთოს" ყოველდღე, რომ თავი იგრძნოს ბედნიერად. ძალაუფლებადამოკიდებული ხალხის პოლიტიკაშია მთელი უბედურება და დღითი დღე "დოზა" იზრდება.

- ხელისუფლებისთვისაც განსაცდელით სავსე წელიწადი იყო. - რასაკვირველია. ვართ ამ პოლიტიკურ კრიზისში. კრიზისი ბერძნული სიტყვაა და სასამართლოს ნიშნავს. მას მარტო ნეგატიური კონტექსტი არა აქვს.

ჯერჯერობით კრიზისის კვანძი არ არის გახსნილი, ის ძალიან ღრმაა და ვერ ვატყობ ხელისუფლებას, აქედან გამოსვლის გეგმა ჰქონდეს.

- თქვენი ლექსი გამახსენდა და მინდა გკითხოთ, საზოგადოება აპათიაშია? - ყველაფერი იდეალები და ღირებულებებია, რომლებსაც ზედაპირულად უყურებენ, ჰგონიათ, მთავარი მატერიალური წარმატებაა, მაგრამ იდეალები ქმნიან მატერიალურ წარმატებასაც. ადამიანს თუ რაღაც მიზანი და იდეალი არა აქვს, მარტო შემოსავალი არ უშველის, თუმცა ყველა ჩვენგანს სჭირდება ცხოვრების უზრუნველყოფა, მაგრამ მარტო მატერიალურ უზრუნველყოფაზე ფიქრი არ გამოდის. როდესაც იდეალები არა აქვს, ადამიანი ძალიან ცოდოა, მას იმუნიტეტი არა აქვს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ხომ გინახავთ შეყვარებული ადამიანი როგორი ანთებულია, მოტივირებული, სახე უნათის, ახალგაზრდებში ეს ძალიან ჩანს. ვართ ასე უსიყვარულო და უღირებულო მდგომარეობაში.

- "ფეისბუკმა" სოცქსელში ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ფეიკგვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა. ჩვენთან ინტერვიუში ამბობდით, რომ საარჩევნო წელი ძალიან მძიმე იქნებოდა ტროლებისა და ბოტების შემოტევებით. სულზე მოგვისწრო ცუკერბერგმა? - მძიმე ამბავი მოხდა - სრულიად აპოლიტიკურმა ორგანიზაციამ გააუქმა ასობით ფეიკგვერდი. სხვათა შორის, თვითონაც უკვირთ, როგორ შეიძლება სახელმწიფო ტროლებიც ებრძოდნენ თავის თავს, ანუ მყარ ფუნდამენტურ ღირებულებებს. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, ფინანსური ინსტიტუტები, მათი მდგრადობა, მაგრამ სახელმწიფო აფინანსებდეს თავის მომხრე ფეისბუკ-ტროლებს, რომლებიც ტროლავენ და ტეხენ ფინანსურ ინსტიტუტს, რომლის მდგრადობაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, ეს სრულიად გამაოგნებელი და მაშოკირებელი ამბავია. ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, ოფიციალურად დადასტურდა და ხელისუფლება სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, როცა შუბლის ძარღვი გაწყვეტილია, მაშინ რეაგირებაც იმგვარია, როგორიც აქვთ. ეს ისეთი სარეველაა, ახალი წარმონაქმნები ამოვა, ახალი ტროლ-ბოტი.

- გასულმა წელმა მოგვცა გმირიც -ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც სიმტკიცით მერაბ კოსტავას შეადარეთ. - ბატონ ვაჟას სრულიად ჩამოყალიბებული, გამართული პოზიცია და რწმენა აქვს. მე რასაც ვატყობ, როდესაც ადამიანები კარგად არიან, შემოსავალი აქვთ და ხელისუფლებაში არიან, განსაკუთრებით აღიზიანებთ პრინციპული ადამიანები. მათთვის გმირობა ძალიან დიდი დისკომფორტია - რა უნდა ამ ახირებულ კაცს, ანგრევს სქემას, მორალურ თუ ეთიკურ დისკომფორტს გვიქმნისო, დაახლოებით ასე ფიქრობენ მავანნი.…წარმოიდგინეთ, მერაბ კოსტავასაც გიჟს ეძახდნენ იმიტომ, რომ 70-იან წლებში, როდესაც ადამიანები ბედნიერები იყვნენ, რესტორნებში დადიოდნენ, ფული ჰქონდათ და ა.შ., მათთვის გაუგებარი იყო, ერთი კაცი რომ გამოდიოდა და მათთვის სრულიად უცხო და აბსტრაქტულ საქართველოზე ლაპარაკობდა. მაშინ ეს სრული აბსურდი იყო. მერაბ კოსტავა მარტო იჯდა ციმბირის გულაგებში და სასჯელს იხდიდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გამო და ვინ მოიგო ბრძოლა? მერაბ კოსტავამ და საქართველოს დამოუკიდებლობამ. მერე, როცა დამოუკიდებლობის იდეას ხორცი შეესხა, იმავე ხალხმა მერაბ კოსტავას სურათები დაიკიდა კაბინეტებში, მაგრამ მათი დამოკიდებულება, ცხოვრების წესი არ შეცვლილა, მხოლოდ ანტურაჟი შეიცვალა. დღესაც იგივე ხდება და ეს მძიმე ხვედრი ვაჟა გაფრინდაშვილს ერგო, თუმცა მტკიცეა, როგორც მერაბ კოსტავა. ეს არის პრინციპული საქციელი კონფორმისტულ საზოგადოებაში, სადაც მსგავსი ქმედება ყოველთვის შურის აღმძვრელია. კონფორმისტებს ვაჟკაცური საქციელის შურთ და აღიზიანებთ. ეს ვაჟასთან მიმართებაშიც ვნახეთ.

- წლის სკანდალად რას დაასახელებთ? - სკანდალი მართლაც ბევრი იყო. ერთი ყველაზე მძიმე ამბავი იყო "ფეისბუკში" ექაუნთების გაუქმება; ძალიან სამარცხვინო ამბავი იყო გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა; როცა შენი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს "უოლსტრიტ ჯორნალიდან" სიგნალს აძლევ, რომ შეიძლება გაუყინონ ანგარიშები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალური მოვლენა იყო და კიდევ არაერთი.

ყოველდღე ვხედავთ მმართველობითი ინსტიტუციების სრულ მოშლას, ხელისუფლებისა და სამართლიანი მმართველობის პრინციპების რღვევას. ეს ყოველდღიური ამბავია, დაწყებული გამომძიებლებით, რომლებიც ბავშვებს აშანტაჟებენ.

- პროგრესის იმედი გაქვთ? - იმედი მაქვს საზოგადოებრივი პროტესტის, მეტი კონსოლიდაციის, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებას დაუბრუნდეს ცნობიერება, ამის იმედი არა მაქვს.

- ილია საახალწლო წერილში "რა გითხრათ, რით გაგახაროთ", ამბობს: "ისე ხვდება ქართველობა ახალ წელს, სასიკეთო არც რამ გააჩნიათ და ვერც ვერაფერს ამჩნევენ საიმედოს". თითქოს ეს წერილი ჩვენს ყველა წელიწადს ეხმიანება. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ხვალინდელიც ნისლშია გახვეული? - დიახ... ილია, მუდამ აქტუალურია. ხელისუფლება სულ ილიას ახსენებს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახსენებს და ეს ხალხი ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ტყე-ტყე დაუწყებდა დევნას, საქმეების შეკერვას და კომპრომატების ძიებას. სასწრაფოდ დააორგანიზებდნენ ფეიკნიუსებითა და ბოტებით ამ ხალხის გაშავებას, ისევე, როგორც თავის დროზე ილიას აშავებდნენ (იმჟამინდელ პრესას თუ გადავხედავთ).

- "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი", - მეკვლედ მოსული ამბობს, მაგრამ სულ ღვთის წყალობის იმედზე ხომ არ ვიქნებით, ჩვენც უნდა ავმოქმედდეთ ჩვენი კეთილდღეობისთვის. რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თვითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს", - ისევ ილია... - ადამიანი უნდა მოერიოს თავის თავს, მოერიოს სიძულვილს, გვერდით მყოფი ადამიანი დაინახოს როგორც თავისნაირი, უარყოფითად არ უნდა იყოს განწყობილი სამყაროს მიმართ. ადამიანმა გამოცდილებად უნდა აქციოს თავისი წარუმატებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ცოდნა შეუყვარდეს. ავთანდილი ამბობს, "არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა", იმიტომ, რომ ცოდნა მოქმედი უნდა გახდეს. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ყოველდღიურობის ინერცია მარტივ ჭეშმარიტებებს გვავიწყებს და შეუძლებლად გვაჩვენებს მის განხორციელებას.

ვფიქრობ, რაღაცას მოვახერხებთ, იმედს უნდა ჰქონდეს არსებობის უფლება.