"დღეს ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი" - ქრისტეშობას გილოცავთ! - კვირის პალიტრა

"დღეს ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი" - ქრისტეშობას გილოცავთ!

ეს არის ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი

7 იანვარს (ძვ.წ. 25 დეკემბერს) ქრისტეშობის ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულებს განსაკუთრებული სიხარულით ხვდება ყოველი ქრისტიანი. ლიტანიობის სადღესასწაულო მსახურება აღესრულება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში. შობის ღამეს, ყველა ქრისტიანის ოჯახში, სარკმელთან მაცხოვრის შობის სიმბოლოდ და ღვთისმშობლის მოსახმობად დანთებული სანთელი, საშობაო "ალილოს" უძველესი ტრადიცია, რომელიც V-VI-სს-დან იღებს სათავეს საქართველოში, წლების განმავლობაში მივიწყებული იყო, ათეული წლებია, კვლავ აღდგა და ალამაზებს შობის დიდებულ დღესასწაულს.

თეთრსამოსიანი მახარობლები საწინამძღვრო ჯვრების, ხატებისა და დროშების თანხლებით, ქრისტეშობას მრევლთან ერთად, გალობით ახარებენ მოსახლეობას.

თეატრალიზებულ მსვლელობას წინ ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი პატარები მიუძღვებიან. მათ მწყემსები მოჰყვებიან, რომლებიც მახარობლებს განასახიერებენ. სოფლებიდან ჩამოყვანილ ხარ-კამეჩშებმულ ურმებზე საშობაოდ შემოწირული ნობათი გროვდება მზრუნველობამოკლებული მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის. ხარ-კამეჩს დეკორატიულ სპილოებსა და აქლემებზე შემომსხდარი მოგვები მოჰყვებიან, მოგვებს - ბაირაღებითა და დროშებით ხელში თეთრსამოსიანი სტიქაროსნები. მათ უკან მოაბრძანებენ ქრისტეშობის ხატს, რომელსაც კეთილსურნელოვანი საკმევლის კმევით მოჰყვებიან სასულიერო პირები მრევლისა და ჩოხოსანთა გუნდის თანხლებით. უკვე ათეული წლებია, ასე ვზეიმობთ მაცხოვრის შობას საქართველოში. თბილისში, სადღესასწაულო რიტუალში მონაწილე ასობით ადამიანი, ცენტრალური ქუჩების გავლით მიემართება სამების საკათედრო ტაძრისაკენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შესახვედრად. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ამ ბრწყინვალე დღესასწაულის უძველესი ტრადიციების აღდგენა და განახლება. მაცხოვრის აღდგომისა და შობის საუფლო დღესასწაულებთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, ყოველ წელს, საგანგებო ეპისტოლეებით მიმართავს სულიერ სამწყსოს:

"დღეს ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი, დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა, ევას გლოვის დასასრულისა და ჩვენი მეოხისა და მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამობრწყინებისა.

მაშ, მივუძღვნათ ჩვენი გული ბეთლემში შობილ ყრმას და შევიყვაროთ იგი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ და ვიხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!"

შობა ქრისტესი, ესაა დღესასწაული მშვიდობისა და თავგანწირული სიყვარულისა, ესაა დღესასწაული ღვთისა და ადამიანის ურთიერთობისა; ესაა დღესასწაული, როდესაც ადამიანმა ღმერთი არა მარტო სულიერად იხილა, არამედ ხორციელადაც; როდესაც კაცობრიობის წინაშე გაიხსნა ზემიწიერი ნათელი ღვთიური გონებისა, რომელმაც შექმნა სამყარო თავისი რთული კანონებით.

ბეთლემს დაიწყო მადლმოსილი გზა

ბეთლემს დაიწყო გზაი იგი სიმართლისაი და ეს გზა, აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა რწმენეს იგი.

რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი მშვენიერებით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ...

ბეთლემში იშვა იესო ქრისტე. "მის თანა ცხოვრებაი იყო და ცხოვრებაი იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოანე, 1, 4-5).

ეს ღვთიური ნათელია, ნათელი მარადიული სიმართლისა და სიყვარულისა, ჩვენი გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა, რომელიც წყაროა სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა, რათა, ყოველთვის მზად იყოს მასთან შესახვედრად.

ქრისტეს შობის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიცნობთ, რომ იესო ქრისტე ისტორიაში არის განსაკუთრებული რეალობა, დროების შემობრუნების ნიშანსვეტი, ახალი ადამიანის საწყისი. შეხედულებანი მის პიროვნებაზე განსხვავდებოდა და ამჟამადაც განუწყვეტლივ სცილდება ერთმანეთს. მისთვის და მისი რწმენის გამო იღვრებოდა სისხლი და ცრემლი იმიტომ, რომ "ეს არის მოწმობა, რამეთუ საუკუნო სიცოცხლე მოგვცა ჩვენ ღმერთმა, და ეს სიცოცხლე მის ძეშია" (იოანე, 5, 11).

ახალშობილმა ყრმამ დაჩრდილა საქართველოში მანამდე არსებული წარმართული რელიგიები და სულიერად გარდაქმნა ადამიანი. ამჟამად საქართველოს მიწა წმინდაა. მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი. ივერია არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. აქ ქადაგებდნენ მოციქულნი - ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთასწორმა და ქართველთა განმანათლებელმა, წმინდა ნინომ. აქ ბევრი წამებული გვირგვინოსანი ქმნა. ივერია ბრწყინავს მღვდელმთავართა და წმინდა მამათა ღვაწლით. ამ მიწაზე გვესმის ჩვენ საიდუმლო სიტყვები, რომლებიც ოდესღაც მოისმინა ღვთისმხილველმა და დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ: "გაიხადე ფეხსაცმელი ფერხთაგან შენთა, რადგანაც მიწა, რომელზედაც დგახარ, ადგილი წმიდა არს".

"რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელთა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი" (იოანე, 3, 16).

სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გაიაზრო ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს; მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის, რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება"! მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა.

განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახლადშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში. და, არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთა უწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.

ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს შეიტყობ იმას, თუ სასწაულმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასოდეს მოგწყურდება, შესვი და შენ წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას.

დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.