ნანი ბრეგვაძე: "ბრეჟნევი ნანის მაგივრად ნონას მეძახდა..." - კვირის პალიტრა

ნანი ბრეგვაძე: "ბრეჟნევი ნანის მაგივრად ნონას მეძახდა..."

"არსებობენ კარგი მომღერლები, ძალიან კარგი მომღერლები და ნანი ბრეგვაძე", - ძნელია, ამ სიტყვების ავტორს არ დაეთანხმო.

- ახალ წელს ყოველთვის მომავლის იმედი და რწმენა გვემატება. ამ დღეს ჩემი ქალიშვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ჩემს სახლში ვხვდებით. მეკვლეები, ძირითადად, მეზობლები არიან. წელსაც ასე იყო.

- რაიმე სიმღერას თუ მღერით საგანგებოდ ამ დღესასწაულზე? - მომზადებული რეპერტუარი არა გვაქვს. რაც მოგვინდება, იმას ვიმღერებთ. ქართველებს ხომ მრავალხმიანობა გვიყვარს და ჩვენც გავიშლებით ხოლმე ხმებში.

- წინასაახალწლო სამზადისში თუ ხართ ჩართული?

- ეკა არაფერს მაკარებს. ამიტომ ჩემი საქმე ნაძვის ხის მორთვა და სუფრის გაშლაა.

- ახლახან ჩვეულზე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდით დათუნა სულიკაშვილის თეთრ კოსტიუმში. მთელი საქართველო აღფრთოვანებით განიხილავდა... - მართლა? თუ ასე ძალიან მოეწონათ, ამას რა სჯობია. მადლობელი ვარ. კარგი კაბა იყო, კარგი განათება, კარგი გადაღება და მთლიანობაში არაჩვეულებრივი გამოვიდა.

- გაგვიმხელთ თქვენი სილამაზის რეცეპტს? რედაქციაში გოგოებმა რომ გაიგეს თქვენთან ინტერვიუს ვგეგმავდი, მთხოვეს, იქნებ გვასწავლოს, როგორ ვიყოთ მისებრ დახვეწილი და ლამაზიო... - მართლა ასე თქვეს? სასიამოვნოა. ძალიან კრიტიკულად შეათვალიერონ საკუთარი თავი და რაც არ მოეწონებათ, დაფარონ: ფეხები არა გაქვს ლამაზი, გრძელი კაბები ატარე; შარვალი არ გიხდება, ნუ ჩაიცვამ; მკლავები არა გაქვს ლამაზი, სახელოებით დაიფარე, ყურების ფორმა არ მოგწონს, ვარცხნილობით დაიფარე... ათასი წვრილმანია, რომელზეც დიდი ყურადღების მიქცევაა საჭირო, ხოლო თუ ისედაც ლამაზი ხართ, მხოლოდ გაიღიმეთ.

- წონა როგორ მოვიწესრიგოთ?

- ყველას ვეუბნები - იმ დროს ადექით სუფრიდან, როცა ჯერ კიდევ გშიათ-მეთქი. არასოდეს დანაყრდეთ. მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ხორციანი ვიქნებოდი, რომ არა სცენა - გაიძულებს ფორმაში ყოფნას. ახლა ცოტა გასუქება მინდა და ვეღარ ვიმატებ...

არ არის ცხოვრება ისე მოწყობილი, როგორც გვინდა, თან როცა დიდი ოჯახი გყავს, სულ დასვენებული ვერ იქნები, მაგრამ ეცადეთ დღეში დროის გარკვეული ნაწილი მაინც დაუთმოთ თავს. მე ბევრი დრო მაქვს, გამომთიშეს საოჯახო საქმეებიდან და, ცოტა არ იყოს, არ მომწონს. თავს არ ვანებივრებ. მაგრამ ქალი რომ თავს უვლის, მიყვარს. მოვლილი ქალი ძალიან სასიამოვნო შესახედავია, ბედნიერიც...

მიხარია, დღევანდელ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ. ჩვენ შეზღუდულები ვიყავით - აბა, იქით არ გაიხედო, იქ არ შეხვიდე, იქ არ გაიარო... დეკოლტე არ უნდა ჩაგეცვა, როგორ გეკადრება! მე ძველ ფოტოებში დეკოლტეთი ვერ მნახავთ...

- ცენზურას გაურბოდით თუ ახლობლებს? - ჯერ ჩემს ოჯახს... მოსკოვში ერთმა მსახიობმა აბრეშუმის კაბა მაყიდვინა. პარიზში მიდიოდა "ორერა" და იქ უნდა ჩამეცვა. თბილისში რომ ჩამოვიტანე, დედაჩემმა გადამიკეთა და გული ყელში მომაბჯინა. პარიზში კონცერტის წინ ყველას ჩაცმულობა შეცვალეს, ჩემი კაბა კი მოეწონათ, დედაჩემის გადაკეთებული მოშალეს მხოლოდ. რომ ჩამოვედით და დედაჩემმა კაბა ნახა, გული გაუსკდა, ასე გამოხვედიო?!.. ის კაბა არც ჩამიცვამს თბილისში.

- ცენზურა, ალბათ, ყოველ ნაბიჯზე დაგყვებოდათ.

- 1964 წელი იყო, პარიზში პირველად რომ წავედი კონცერტზე, "ორერამდე". ვითომ კულტურის სამინისტროს თანამშრომელი, სინამდვილეში "კაგებეშნიკი", სულ თან დამდევდა. კონცერტის მერე ჯარი იდგა და უამრავი საჩუქარიც მომიტანეს, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვეკარებოდი. პარიზში ჩემი მეუღლის დეიდა ცხოვრობდა, მარიამ ღოღობერიძე, რომელიც ემიგრაციაში დედა ტერეზას სახელით იყო ცნობილი, ბევრს გაუმართა ხელი. ერთხელ ვთხოვე გოსკონცერტის ხელმძღვანელს და შემახვედრეს. მასთან მერეც ხშირად მიშვებდნენ, იმიტომ, რომ დარწმუნდნენ, არსად დამრჩენი არ ვიყავი. მოგვიანებით შევიტყვე, თურმე რატომ დამდევდნენ ასე გაფაციცებით, ვიღაცას დაუწერია, ნანი საფრანგეთში დარჩებაო. წარმოგიდგენიათ, გათხოვილი ქალი, 3 წლის შვილით, ჭკუას ვკარგავ ოჯახზე, მეგობრებზე, ჩემს თბილისზე და იქ დამრჩენი ვიყავი?

ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, უკვე დიდი ხნის დაშორებული ვიყავით, ის რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, 2-3-თვიანი გასტროლები გვქონდა და რომელი ქართველი კაცი აიტანდა?! ორჯერ დაგვენგრა ოჯახი - პირველად რომ დავშორდით, მალევე დაიჭირეს რაღაც სისულელეზე... რომ გამოვიდა, შევრიგდით, რადგან ეკას მამა უნდოდა, რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ და...

- რაც წლები გადის, ეკა მით უფრო გემსგავსებათ. - კი. მეც ზოგჯერ სარკეში რომ ვიყურები ან ფოტოზე, ან ტელევიზორში, ვეკითხები, ეს შენ ხარ თუ მე-მეთქი? ნატალია თითქოს მამამისს ჰგავს, მაგრამ ჩვენკენაა.

ეკა, ალბათ, ჩემთვის დაიბადა ამ ქვეყანაზე, რაც წლები მემატება, დამკანკალებს. დამირეკავს, წამლებს მომიტანს, ჩაის მომართმევს საწოლში, წამიყვანს, წამომიყვანს. ახლა ნამეტანი მოუვიდა, გამოდის, ისე დავბერდი, არაფრის თავი აღარ მაქვს, მარტოსაც არ მიშვებენ არსად. ჩემი შვილიშვილიც ასეა, ნატალია, ეკაზე ნაკლები კი არ არის, მირეკავს, ჩამოხვედი კიბეზე? უკვე მიხვედიო? ბედნიერებაა, ასეთები რომ მყავს, მაგრამ ნამეტანს შვრებიან. ხალხიც რომ დიდ ყურადღებას მაქცევს, სად წავიდე, არ ვიცი, მრცხვენია. დედაც ძალიან მანებივრებდა. რომ წავიდა ამ ქვეყნიდან, 1 წელი ვერ ვიმღერე და მახსოვს, სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე მოვიდნენ, აბა, ახლავე აიყვანე თავი ხელშიო! სოფიკომ ისეთ დღეში ჩამაგდო, რას ჰგავხარო?! მომიყვანეს ნელ-ნელა ჭკუაზე.

- თქვენ და სოფიკო მეგობრები იყავით... - მე და ნინა მესხიშვილს ბაკურიანიდან ჩამოსულმა გიორგი შენგელაიამ გვახარა, სოფიკო მიყვარსო. სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავდექით, სოფიკო ისე მოგვწონდა. მალე დავმეგობრდით. ის მე-5 ქალთა სკოლაში სწავლობდა, მე პირველ ქალთაში. სოფიკო გიჟი იყო, ნამდვილი ალქაჯი, ბევრი საერთო გვქონდა. ბევრ რამეში ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ მე მასავით აქტიური და ლიდერი არ ვყოფილვარ. როცა ნიკუშა დაიბადა, ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდით. ახლაც როგორია... სოფიკო გიჟი დედა იყო, მეორე შვილი რომ ეყოლა, მთლად გაგიჟდა, გადაღებაზე ბავშვებიც თან დაჰყავდა.

- როგორ მოგმართავდათ?

- ბრეჟნევივით ნონას მეძახდა. ბრეჟნევი რომ თბილისში იყო ჩამოსული, დიდი სამთავრობო შეხვედრა გაუმართეს. მაშინ მჟავანაძე იყო ცეკას მდივანი. ბრეჟნევს რომანსები უყვარდა და მეც წამიყვანეს შეხვედრაზე. ჩემ პირდაპირ იჯდა. ხუმრობდა. რომელიღაც სიმღერა მკითხა, იციო? მჟავანაძემ, იცის, იცისო. მართლაც ვიმღერე და ბრეჟნევი მოხიბლული დარჩა. მაშინ გამიცნო და ნანის მაგივრად ნონას მეძახდა. იმის მერე სოფიკოსთვისაც ნონა გავხდი...

- თქვენი სიმღერით მოხიბლულმა ირანის შაჰმა მართლა დაგასაჩუქრათ? - მაროკოში ვიყავით გასტროლებზე და ჰასან მეორემ დაგვპატიჟა თავის ზღაპრულ სასახლეში. გვიმასპინძლა, ვიმღერეთ, საჩუქრები გადმოგვცა და დიდი ფულიც გადაგვიხადა. ის ფული გოსკონცერტმა წაიღო. საჩუქრები კი დაგვიტოვეს. მე რაღაც ქაღალდში გახვეული გადმომცეს. სანამ იქ ვისხედით, თითით გავხვრიტე ქაღალდი, რომ ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა მიღება, რომ მენახა.

- რა გაჩუქათ?

- ჭკუის დასაკარგავი ხავერდის კაბა, ოქროს ძაფებით მოქარგული - ძალიან ლამაზი, ახლაც მაქვს. ჰარამხანის კაბა ჰქვია.

- გეცვათ სადმე ის კაბა? - ერთხელ ამერიკაში ამ კაბით გამოვედი კონცერტზე, მაგრამ ისეთი მძიმეა, სცენაზე გასვლა არ შეიძლებოდა, ვერც ხელი ავწიე და ფეხიც ძლივს გადავდგი. ვის გავაგიჟებდი, ძეგლივით მდგარი...

ქართველებს და ჩემს საქართველოს სიმშვიდეს ვუსურვებ. იმედი ნუ გაგიცრუოთ ღმერთმა. იყავით ბედნიერები და ერთმანეთის მიმართ კეთილად განწყობილი.

იხილეთ ასევე: დედამ დაარწმუნა ნანი, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლადო - ვინ იყო ნანი ბრეგვაძის მეუღლე?