ძლიერებისა და მარადიული სიცოცხლის ხე უთავო გმირის საფლავზე - კვირის პალიტრა

ძლიერებისა და მარადიული სიცოცხლის ხე უთავო გმირის საფლავზე

მიუხედავად იმისა, დრო არც ისე ბევრი რამისთვის გვყოფნის, ხულო, ალბათ, ყველა ქართველმა უნდა ნახოს. პატარა დაბაში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ იმ ხალხის შთამომავალი ცხოვრობს, ვინც უძველესი ქართული ქალაქი და ძველი აღმოსავლეთის მეორე რომი, არტანუჯი ააშენა. ხულოც კლდიან ფერდობებზე სწორედ არტანუჯივით არის შეფენილი. სწორედ აქ ჩამოდიან თითქმის ორი საუკუნის წინ გარდაცვლილ სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები სელიმის საფლავის მოსანახულებლად. უთავოდ დაკრძალული სამშობლოს შეწირული სელიმ-ბეგის საფლავზე ის უცნაური ხე ამოვიდა, რომლის მსგავსი, ალბათ, არც არსად არის - ხე, რომელიც ერთდროულად ნაძვიც არის და მუხაც. მას ერთი ფესვი და ტანი აქვს, ცალ მხარეს მუხა იზრდება, მეორეზე კი ნაძვი. ამ საფლავის ხილვისას ის გულწრფელი ცრემლიც მოგადგება, რომელიც სხვა დროს იქნებ არც არაფრისთვის გაიმეტო.

იმ წინაპართა მოგონება, რომლებმაც თურქების ბატონობის სამას წელიწადს გაუძლეს, გვაამაყებს. ეს სხვა სიამაყეა - ცეცხლში გამოტარებული, რომელმაც საქართველო დღემდე მოიტანა და რომელზეც ხულოელი იზო სურმანიძე გვესაუბრება. მათ ნაამბობს გულგრილად ვერ ვისმენდი, ორივეს ცხელ მჭადზე ბებიების ხელით გამოყვანილი ჯვარი გუშინდელ დღესავით ახსოვს.

იზო სურმანიძე: - ბებიაჩემს ასიე ერქვა. ტაფაზე მჭადს დააკრავდა თუ არა, ხელის მტევნებით ისე სწრაფად გამოიყვანდა ზედ ჯვარს, გეგონებოდათ, სადღაც გარბისო. არადა, არსად არ გარბოდა, ეს იმ წარსულიდან გამოყოლილი ჩვევა იყო, როდესაც ჩვენს წინაპრებს ჯვარი უნდა დაემალათ, რომ სიცოცხლის ფასად არ დასჯდომოდათ. ნამდვილი ჯვრები აღარ ჰქონდათ, თავიანთი ქრისტიანობა სიმბოლოებში გადაიტანეს და შეინახეს, რომ თაობიდან თაობისთვის გადაეცათ რწმენა. არაბულად წერდნენ, მაგრამ ისეთი კალიგრაფიით, რომ არაბულ ასოებში ქართული ქრისტიანული სიმბოლოები ჰქონდათ ჩახატული. დღეს ზემო აჭარაში ისევ აქვთ 200-300 წლის ბუხრები, რომელთა ფასადებზე არაბულ ასოებში ქართული სიმბოლიკაა ჩაქსოვილი. მხოლოდ თურქობაში კი არა, წინდებში ჯვრების ჩაქსოვის ხელოვნება ახლაც გვაქვს შემორჩენილი - ჩვენი ქალები წინდებს რომ დაუქსოვენ შვილიშვილებს, შიგ ფერადი ძაფებით ჯვრებს აქსოვენ ისეთი ხელოვნებით, რომ მათი მთხვევა მოგესურვილება, თითქოს სალოცავად გიწვევენ. ჩვენმა ქალებმა ფანტასტიკური შრომა იციან, უცხოობაში მხოლო შრომა და მიწა იყო მათი პატრონი.

ჩვენი წინაპრები მიცვალებულებსაც უდგამდნენ საფლავის თავსა და ბოლოში ჯვრის მსგავსად გამოთლილ ხეს, თავისიანებს იმ ქვეყნად სიმბოლური ჯვრის გარეშე არ უშვებდნენ, ხსოვნაში ჰქონდათ, რომ მარადიულობისკენ უსათუოდ ჯვარი უნდა მიუძღოდეს ადამიანს, ან გაშლილ მაკრატელს დაადებდნენ გულზე, მასაც ხომ ჯვრის ფორმა აქვს.

- რწმენა სიმბოლურ ნიშნებში გადაიტანეს. აჭარელი ქალები თურმე გამხმარი ცომისგან ქართულ ანბანს ძერწავდნენ და მერე სამკაულივით ეკიდათ გულზე. ამის მიუხედავად, ამბობენ, რომ აჭარელი ქალისთვის ჩადრის მოხდა გაძნელდა. - ადვილი როდია, საუკუნეობით შეთვისებულ ცხოვრების წესს დაემშვიდობო, მით უფრო, რომ ქართველი ქალების ჩადრი თურქეთში ისეთი არ იყო, ჩვენ რომ ჰიჯაბს ვეძახდით.

როგორც ჩვენი ბებიები ამბობდნენ, მათი ჩადრი პირბადესავით იყო, რომელსაც ყაისნაღით ქსოვდნენ და ნაჩვრეტები ჰქონდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, უფრო სქელი იყო. როგორც კი ჩადრის მოხდა დაიწყეს ქალებმა, მერე ვეღარავინ შეაჩერა. სხვათა შორის, ამაზე დოკუმენტური ფილმიც არსებობს, 1929 წელს როგორ წვავენ ქალები ჩადრებს - ქუჩაში ჩადრებით მიდიან, მერე ჩადრებს იხდიან და კოცონში ყრიან. რაც უფრო მეტად აცნობიერებდა აჭარელი ქალი, რის გამო ეხურა ჩადრი, მით უფრო ადვილად ელეოდა მას. პირველი უჩადრო მასწავლებლები უკვე 2019 წელს გაჩნდნენ ხულოში, მოიხადეს ჩადრი და გამოაჩინეს ქართული სილამაზე.

ბეგი სელიმ ხიმშიაშვილი განათლებული კაცი რომ არ ყოფილიყო, სამშობლოს თურქობისგან გამოხსნას არ განიზრახავდა. ის თურქებს დიდ პატივში ჰყავდათ, მის ვაჟკაცობაზე ფაშაც ლაპარაკობდა, მაგრამ სელიმმა თურქების მონობას სიკვდილის ხიდზე გადავლა ამჯობინა და თურქებს ბრძოლა გაუმართა - ხიხანის ციხეში გამაგრდა და მტერს იქიდან უტევდა. თურქებმა სხვა რომ ვერაფერი გააწყვეს, აჭარის სოფლების გადაწვა დაიწყეს. როდესაც სელიმს უთხრეს, მტერი ხალხს დაერია, იარაღი აიხსნა, მე ჩემს ხალხს ვერავის გავაწყვეტინებო და, ციხიდან გამოვიდა. ჯიბეში რამდენიმე ოქრო ეგდო, როდესაც ჯალათი ჯიბეს გამისინჯავს, წყევლას არ გამომიგზავნის, მადლიერებას გამატანს იმ ქვეყნადო. ამბობენ, თურქეთის ფაშამ სელიმის დამატყვევებლებთან კაცი გამოგზავნა, სელიმს არაფერი დაუშავოთ, ცოცხალი მომგვარეთო, მაგრამ მსტოვარმა ამბის მიტანა ვეღარ მოასწრო და სელიმს ვიღაც არტანუჯელმა სომეხმა მოჰკვეთა თავი. გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც სელიმს თავი მოჰკვეთეს, მოვიდა სულთნის ფირმანი, რომლითაც ის მაჰმუდ ფაშას სელიმ ბეგის სტამბოლში ცოცხლად ჩაყვანას სთხოვდა.

სელიმის ნაცვლად მაჰმუდ ფაშამ სულთანს სელიმის თავი ჩაუტანა. სულთანს უკითხავს, რატომ არ გაითვალისწინე ჩემი ბრძანებაო. სიკვდილის შემდეგ მოვიდა ფირმანიო, უთქვამს მაჰმუდ ფაშას. რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არც დაგენანა, არც მე დამენანებიო, უთქვამს სულთანს და მაჰმუდ ფაშასთვის თავი მოუკვეთია. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული. ტანი ჯერ ხიხანის ციხესთან ახლოს, სოფელ შიგანაში დაასაფლავეს. მოგვიანებით კი სელიმის მეუღლემ, ელმასხანუმ სურმანიძემ ნიგაზეულში გადაასვენა და წყანიშურის უბანში, საგვარეულო სასაფლაოზე დამარხა. გამოხდა ხანი და მის საფლავზე ერთი ფესვიდან მუხაც ამოვიდა და ნაძვიც - პირველი ძლიერების სიმბოლოა, მეორე კი მარადიული სიცოცხლის. იმასაც ამბობენ, რომ სიკვდილის წინ სელიმმა თურქებს უთხრა, მე კი მომკლავთ, მაგრამ გურჯების თავისუფლების სურვილი არ მოკვდება, თქვენს მონობას არასოდეს შეეგუებიან, ეს ჩემს შთამომავლობას დავუბარეო. მართლაც, როდესაც აჭარა თურქებისაგან გათავისუფლდა, სელიმის ვაჟი შერიფ ხიმშიაშვილი თეთრი დროშით დახვდა რუსი იმპერატორის არმიას. ხიმშიაშვილებს არც რუსები მოსწონდათ, რასაკვირველია, მაგრამ შერიფი თურქების ბატონობას დაპყრობიდან 300 წლის შემდეგაც ვერ შეეგუა და შური მამისთვისაც იძია. ამით ყველაფერი ნათქვამია და არა მხოლოდ აჭარაზე.