2019 წლის უნიკალური ოპერაციები საქართველოში - კვირის პალიტრა

2019 წლის უნიკალური ოპერაციები საქართველოში

განვლილი 2019 წელი ქართველმა ქირურგებმა ისეთი უნიკალური ოპერაციებით აღნიშნეს, რითაც უცხოეთის არაერთი სახლგანთქმული კლინიკა იამაყებდა.

ჩაფიძის ცენტრში პაციენტს 6 ოპერაცია ჩაუტარდა

2019 წლის 27 ივნისს აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრში ქირურგმა ზვიად ბახუტაშვილმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. პაციენტი ცენტრში თავდაპირველად შუნტირებისა და აორტის სარქვლის შესაცვლელად მივიდა, მაგრამ აორტის რკალი და არტერიები კარცინირებული და გაქვავებული აღმოაჩნდა. აორტის რკალიდან თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები გამოდის, შესაბამისად, ოპერაციისას ძალიან დიდი რისკი იყო, რომ თავის ტვინის სისხლით მომარაგება შეფერხებულიყო, რაც რამდენიმე წამითაც დაუშვებელია. თუმცა ქართველმა ექიმებმა სასწაული მოახდინეს - მათ ბარძაყისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიიდან სისხლის ხელოვნური მიმოქცევა უზრუნველყვეს. პაციენტს სულ 6 ოპერაცია ჩაუტარდა.

ეს ოპერაცია არა მარტო ქართული მედიცინის სიამაყეა, მსოფლიო მედიცინის წარმატებადაც ითვლება

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში ექიმებმა 78 წლის მამაკაცი სიკვდილს გამოჰგლიჯეს ხელიდან - ის კლინიკაში გულმკერდის ღრუში ორი გამსკდარი ანევრიზმით მიიყვანეს, მაგრამ მისვლისთანავე მუცლის ღრუში მეორე ანევრიზმა გაუსკდა. ანევრიზმაზე ერთდროულად ორი ოპერაცია მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში აღნიშნული არ არის, რის გამოც ეს ოპერაცია არა მარტო ქართული მედიცინის სიამაყეა, არამედ მსოფლიო მედიცინის წარმატებადაც ითვლება.

პაციენტს ერთბაშად ჩაეკერა ხელოვნური სისხლძარღვი გულმკერდის არესა და მუცლის ღრუში, რითაც უზრუნველყოფილ იქნა სისხლის ხელოვნური მიმოქცევა. ოპერაციისას თირკმლის უკმარისობა განვითარდა და პაციენტი ხელოვნური თირკმლის აპარატზე ჩართეს, მან 2,5 ლიტრი სისხლი დაკარგა, მაგრამ რეაბილიტაციის დროს ისევ ამუშავდა თირკმელი და ის კლინიკიდან გაეწერა.

აუტოიმუნური ჰეპატიტით დაავადებულ შვილს ღვიძლი დედამ მისცა

უნიკალურთა რიგს მიეკუთვნება ბათუმში 9 წლის გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. აუტოიმუნური ჰეპატიტით დაავადებულ შვილს ღვიძლი დედამ მისცა. დედა-შვილი 10 საათის განმავლობაში საოპერაციო მაგიდაზე იწვა. ათსაათიანი ურთულესი ოპერაცია გართულების გარეშე დასრულდა. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო ცენტრია, სადაც ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. აქ დღემდე ღვიძლის გადანერგვის 24 ოპერაცია გაკეთდა.

ძვლოვანი ქსოვილიდან გადანერგილი ტრანსპლანტატი

ასევე უნიკალური ოპერაცია ჩაუტარდა 55 წლის ქალს - მას ქვედა ყბის კეთილთვისებიანი სიმსივნე ამოჰკვეთეს და დარღვეულ ძვლოვან ქსოვილზე საკუთარი ძვლოვანი ქსოვილი გადაუნერგეს. ოპერაციის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს - საქართველოში ბოლო დრომდე წარმონაქმნის ამოკვეთის შემდეგ რეკონსტრუქცია (დეფექტის აღმოფხვრა) იმპლანტით ხდებოდა, რაც მხოლოდ კარკასის როლს ასრულებდა, ამ შემთხვევაში კი გადანერგილი ძვლოვანი ქსოვილი (ტრანსპლანტატი) მცირე წვივის ძვლიდან სისხლძარღვთან ერთად აიღეს და ყბაში ჩანერგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადანერგილი ტრანსპლანტატი ცხოველმყოფელობას განაგრძობს.

ექიმმა კუჭის სიმსივნით დაავადებულ გოგონას ლიმფოციტები გადაუნერგა

უნიკალური ოპერაცია ჩაატარა ექიმმა ალექსანდრე თავართქილაძემაც. ექიმმა, რომელსაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, კუჭის სიმსივნით დაავადებულ გოგონას ლიმფოციტები გადაუნერგა. მანამდე პაციენტმა არაერთი კლინიკა მოიარა განუკურნებლის დიაგნოზით, დღეს კი ის სრულად ჯანმრთელია.

აშშ-ში მსგავსი ოპერაცია მხოლოდ ახლახან ჩატარდა - ჯანმრთელი ლიმფოციტები პაციენტისავე დისგან აიღეს.