ქართველმა მეცნიერმა ფანტასტიკის სფეროს გასაღები აღმოაჩინა - კვირის პალიტრა

ქართველმა მეცნიერმა ფანტასტიკის სფეროს გასაღები აღმოაჩინა

"თუ ჩვენ გვექნება მაღალტემპერატურული ზეგამტარების ისეთი სადენები, რომლებშიც ელექტროენერგია ოთახის ტემპერატურაზე გაივლის, შეგვეძლება დავხარჯოთ 15-20%-ით ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე დღეს ვხარჯავთ"

უცხოეთში ბევრი ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს და მათ შორის 32 წლის სოხუმელი ზურაბ გუგუჩიაც არის - ადამიანი, რომელმაც სკოლა ზუგდიდში 15 წლის ასაკში ვუნდერკინდის "სტატუსით" დაამთავრა, დღეს კი, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტში უწოდებენ, მეცნიერების "ამომავალი ვარსკვლავია". ამჟამად შვეიცარიის პრესტიჟული სამეცნიერო ინსტიტუტის მუდმივი თანამშრომელია - ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერმა ისეთი მაგნიტური ზეგამტარები აღმოაჩინა, რომელთა კრიტიკული ტემპერატურა ორჯერ მაღალია იმ ზეგამტარების ტემპერატურასთან შედარებით, რომელთა საფუძველზე 30 წლის წინ კომპიუტერული ტომოგრამის აპარატურა შეიქმნა. თავის დროზე ამ აღმოჩენისთვის მეცნიერები ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ... ზურაბ გუგუჩიამ თავისი აღმოჩენით ყველაფერი "ააყირავა" - 2019 წელს აშშ-ის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, რომ აღმოჩენილია ნივთიერება, რომელსაც მეცნიერება ასე ელოდა, რაც ფიზიკური მეცნიერების სენსაციად იქცა, ჩვენთვის კი სასიამოვნო მიზეზად, რომ ახალგაზრდა მეცნიერს შვეიცარიაში დავკავშირებოდით.

- ციურიხის უნივერსიტეტში 5 წელიწადს ვსწავლობდი. 25 წლისამ უკვე დოქტორის ხარისხი მივიღე, რის შემდეგაც აშშ-ის კოლუმბიისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში მიმიწვიეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ციურიხის შერერის მაღალტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა მიმიწვია და შვეიცარიაში დავბრუნდი სამუშაოდ. პარალელურად ვკითხულობ ლექცია-სემინარებს აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტებში. ვარ 75 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. თუმცა ყველაფერ ამის კვალდაკვალ მუდამ ვფიქრობ სამშობლოში დაბრუნებაზე.

- თქვენ ისეთი რამ აღმოაჩინეთ, რასაც მეცნიერება 30 წელი ცდილობდა - ბევრად მაღალტემპერატურული ზეგამტარი. - ზეგამტარულ მასალებში დენი ყოველგვარი წინაღობის, ასე ვთქვათ, დაძაბულობის გარეშე მოძრაობს. ცხადია, ასეთი ზეგამტარებით გაკეთებულ ტექნიკას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს. დღეს ჩვენს ხელთ არსებული ზეგამტარული ტექნოლოგიები ძალიან დაბალ ტემპერატურაზე მუშაობს. მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურას მხოლოდ -70 გრადუსზე მუშაობის უნარი აქვს. თუკი მეცნიერები აღმოაჩენენ ისეთ ზეგამტარებს, რომლებიც ოთახის ტემპერატურაზე იმუშავებს, მსოფლიო მიიღებს ბევრად გრანდიოზულ პროგრესს, ვიდრე დღეს გვაქვს. მაგალითად, თუ ჩვენ გვექნება მაღალტემპერატურული ზეგამტარების ისეთი სადენები, რომლებშიც ელექტროენერგია ოთახის ტემპერატურაზე გაივლის, შეგვეძლება დავხარჯოთ 15-20%-ით ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე დღეს ვხარჯავთ. დღევანდელი მეცნიერების "ფრონტის ხაზი" სწორედ მაღალტემპერატურული ზეგამტარების აღმოჩენაზე გადის, რაც არც ისე იოლია.

- თქვენ ხომ შეძელით და ორჯერ მაღალი ტემპერატურის ზეგამტარი მასალა აღმოაჩინეთ. სად შეიძლება მისი გამოყენება? - ამ ზეგამტარის გამოყენებაც ელექტრონიკაში იგეგმება. ამ მასალიდან შესაძლებელია დამზადდეს კვანტური კომპიუტერის სადენები, რომლებიც ელექტროენერგიას მიაწოდებს კვანტურ კომპიუტერებს.

- ბევრი ფიქრობს, რომ კვანტური ტექნიკა სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადამიანს ჩაანაცვლებს. - ხელოვნური ინტელექტი ვერ იარსებებს კვანტური კომპიუტერების გარეშე. თუმცა, ვფიქრობ, ადამიანის ჩანაცვლება კომპიუტერით შეუძლებელია. დავალებასაც ხომ ყოველთვის ადამიანი იძლევა...

სამწუხაროდ, მსოფლიო ენერგეტიკაში მზის ენერგიის მხოლოდ 1-2% მოდის, დანარჩენი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების წილია. აქედან ატომური სადგურების წილი გაცილებით ცოტაა. თვით ისეთ განვითარებულ ქვეყანაზე, როგორიც შვეიცარიაა, ატომური სადგურების ენერგიის წილი მხოლოდ 40%-ია, დანარჩენი ჰესია. იმიტომაც არის, რომ მაღალტემპერატურული ზეგამტარების აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... და კიდევ, ამ მასალებს ახასიათებს კიდევ ერთი თვისება, რაც შეიძლება დღეს ფანტასტიკად წარმოვიდგინოთ: მათ არ "მოსწონთ" მაგნიტური ველი, შესაბამისად, თუ ჩვენ ძლიერ მაღალტემპერატურულ სადენებს დავამზადებთ, ისინი "განდევნიან" სხეულებს, აიძულებენ, მოძრაობისას არ შეეხონ და მათ თავზე, ჰაერში რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე იმოძრაონ.

- ისევე, როგორც იაპონურ რკინიგზაზე დადის მატარებელი, რომლის ბორბლები ლიანდაგს არ ეხება? შეიძლება ავტომანქანებმა თუ მატარებლებმაც იტივტივონ ჰაერში? - დაახლოებით... თუმცა ეს სულ სხვა ტექნიკა იქნება. სრულიად სხვა, ფანტასტიკურ სფეროზეა საუბარი, რომელზეც მეცნიერები ჯერ მხოლოდ ფიქრობენ. თუმცაღა ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ფიქრის რეალობად ქცევა შესაძლებელია.