ილია მეორე: "მინდა მივმართო პუტინს - უნდა დამთავრდეს ოკუპაცია ცხინვალისა და აფხაზეთისა"
ილია მეორე: "მინდა მივმართო პუტინს - უნდა დამთავრდეს ოკუპაცია ცხინვალისა და აფხაზეთისა"
"მადლობა უწმინდესს, რომ ყველაფერს გვპატიობს..."

4 იანვარს საქართველოს კათო­ლიკოს-პატ­რიარქს 87 წელი შეუსრულდა. ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ სკანდალებს უწმინდესი­ მოთმინებით­ ადევნებდა თვალს, რასაც მეუფეები მისი სიბრძნითა და სათნოებით ხსნი­დნენ­. "ის ყოველთვის ყველას აძლევს­ შანსს, რომ სწორ გზას დაუბრუნდნენ", - ამბობდნენ ისინი.

საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა ილია II-ის ახალი წლის მილოცვას - მან რუსეთის პრეზიდენტს მიმართა: "...მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმირ პუტინს, უნდა დამთავრდეს ოკუპ­აცია აფხაზეთისა და
ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა..."
"კვირის პალიტრა" ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტს, მეუფე დანიელს ესაუბრა, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი პატრიარქთან ერთად გალია...

- რამდენიმე ათეული წელია ერთად მოვდივართ. უამრავი რამის მოგონება შემიძლია მის საოცარ თვისებებსა და ხასიათზე. დავიწყებ მისი ბავშვობით, რომელზე საუბარიც
მას ძალიან უყვარს. 87 წლის იუბილეზე მეუფეებთან შეხვედრაზეც გაიხსენა, ბავშვობიდან მასწავლეს, რომ ოჯახის წევრებს შორის ძალიან ფაქიზი ურთიერთობა უნდა იყოს, ეს პიროვნებას განსაზღვრავს, ჩვენს ოჯახში ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენო. იხსენებდა, რომ მათთან ხშირად მიდიოდნენ სტუმრები, მათ შორის სასულიერო პირები. პატრიარქს კარგად ახსოვს წლები, როდესაც ადამიანები­ მრწამსის გამო იდევნებოდნენ და მათ ჩვენი ოჯახი იფარებდაო. ასევე უთქვამს, სხვა რელიგიის ადამიანებიც გვსტუმრობდნენ, მაგალითად, მუსლიმანები. ნავახშმევს მშობლები მათ ცალკე ოთახს უთმობდნენ, რათა თავიანთ ნებაზე ელოცათო. არ გვილხინდა, განსაცდელიც ბევრი გვქონდა, მაგრამ ოჯახი ისე არასდროს ვიძინებდით, რომ არ გველოცა, მამა ნაკურთხ­ წყალს გვასხურებდა. როდესაც ყველა დასაძინებლად მიდიოდა, ერთ კუთ­ხეში გვქონდა დიდი ხატი - "საქართველოს იმედი", რომელზეც 200-ზე მეტი წმინდანია გამოსახული, და მამაჩემი გიორგი ყველა მათგანის წინაშე სათითაოდ იყრიდა­ მუხლსო.

- ვიცი, რომ 80-იანი წლებიდან ერთად მოდიხართ. თუ გახსოვთ მასთან შეხვედრის პირველი შთაბეჭდილება?
- 1978 წლის ბოლოს, უცხოეთიდან რომ დავბრუნდი, მასზე ბევრი მქონდა მოსმენილი და მისი ნახვა ძალიან მაინტერესებდა. პატრიარქის ქადაგებას რომ დავსწრებოდი, სიონის საკათედრო ტაძარში წავედი. მაშინ ერში ვიყავი, ჟურნალისტად ვმუშაობდი და ილია II-მ შემომთავაზა, საპატრიარქოს გამომცემლობაში მემუშავა. კარგად მახსოვს მისი გაცნობის პირველი შთაბჭდილება - ეს იყო ძალიან თავდაჭერილი და დახვეწილი ადამიანი როგორც გარეგნულად, ასევე ბუნებით. მშვიდად, დამაჯერებლად საუბრობდა და არასდროს ღალატობდა ნებისყოფა. მაშინ ახალგაზრდა იყო, მაგრამ სულ მიკვირდა, საიდან ჰქონდა ასეთი სიდინჯე და თავდაჭერილობა. ეს შთაბეჭდილება არც შემდეგ შემცვლია... მას შემდეგ ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა, უამრავი ქარტეხილისთვის გაგვიძლია, მაგრამ პატრიარქი იმ უმძიმეს დღეებშიც სიმშვიდეს ინარჩუნებდა. შეუძლია ნებისმიერ დროს დაჯდეს და მოგისმინოს, მშვიდად აგიხსნას ნებისმიერი ემოციური საკითხი და სრულიად სხვა მხრიდან დაგანახოს.

- პატრიარქი უამრავი უმძიმესი მოვლენის შემსწრე იყო, მათ შორის სამოქალაქო ომისა...
- მაშინ პატრიარქი შეეცადა, მხარეები შეერიგებინა. მისი ინიციატივით საპატრიარქოში შეხვედრებიც უნდა გამართულიყო, თუმცა შეთანხმება ვერ მოხდა. ერთადერთი, რაც მაშინ პატრიარქმა შეძლო, ის არის, რომ სამოქალაქო ომი ისე დასრულდა, პირველმა პრეზიდენტმა ქალაქი ცოცხალმა დატოვა. ეს პატრიარქის დამსახურებით მოხდა. იმედია, ერთ დღეს ყველაფრის განხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა, რათა კამათი დასრულდეს...

მას აფხაზი მოსახლეობაც ძალიან დიდ პატივს სცემდა. მას ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა, იქნებოდა კრემლი, აფხაზი ლიდერები თუ ინტელიგენცია. უამრავი აფხაზი ნათლული ჰყავდა და ძალიან ბევრი გააკეთა იქ დაძაბულობის შესამცირებლად, მაგრამ... დაპირისპირება კარგად იყო ორგანიზებული მესამე ძალის მიერ...

როდესაც მე აფხაზეთში ჩავედი, შობის წინა პერიოდი იყო. თავზე ტყვიების წვიმა გადაგვდიოდა, მაგრამ აფხაზი მრევლი მოდიოდა­ და "მამაო ჩვენოს" აფხაზურ ენაზე კითხულობდა. ქართველებსა და აფხაზებს შორის განხეთქილება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა, თუმცა იქ დღემდე ცხოვრობენ პატრიარქის ერთგული ადამიანები, რომლებიც მისთვის ლოცულობენ და ელიან იმ დროს, როდესაც პატრიარქი სალოცავად აფხაზეთში დაბრუნდება. ფარულად, თუმცა მაინც აქვთ კავშირი პატრიარქთან და ეს ბევრს ნიშნავს, რადგან სანამ სულიერი ურთიერთობები­ არსებობს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ხელოვნურად აღმართული ბარიერი ადვილად დაიმსხვრევა. პატრიარქი აქედან ლოცულობს მათთვის დიდი მონატრებითა და სიყვარულით...
უწმინდესზე უამრავი რამის გახსენება­ შემიძლია, თუმცა გამოვარჩევდი ჩუმად ნაკეთებ სიკეთეს. დაახლოებით 30 წლის წინ თბილისში ერთ ოჯახში ხანძარმა ორი მოზარდი, 9 და 7 წლის და-ძმა იმსხვერპლა. ხანძრის დროს მშობლები შინ არ იყვნენ. პატრიარქი ოჯახს ესტუმრა და თავისი სახარება, რომელიც მუდამ თან ჰქონდა, სანთლებთან ერთად აჩუქა... დიდხანს ესაუბრა მშობლებს. შემდეგ ისინი იხსენებდნენ, როდესაც პატრიარქმა გვითხრა, თქვენი შვილები­ ცოცხალი არიანო, ამ სიტყვებმა ძალა შეგვმატაო. პატრიარქის სიტყვებს უფლის ძალა აქვს, მას აქვს უნარი, ადამიანები სულის უკვდავებაში დაარწმუნოს...

- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც არ არსებობდა ჰუმანიტარული­ დერეფანი, პატრიარქმა ბრძოლის ველიდან უამ­რავი დაჭრილი და დაღუპული ადამიანი გამოიყვანა. როგორ გაიხსენებთ იმ მძიმე დღეებს?
- პატრიარქი ყოველთვის პოულობს თავის თავში სიმშვიდეს, რათა ეს განწყობა­ სხვებსაც გადასდოს, თუმცა იმ დღეებში ძალიან ბევრჯერ ვნახე ბავშვივით ატირებული. ჰუმანიტარული დერეფნის არარსებობა და დაძაბული პოლიტიკური ვითარება დაჭრილებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალებასაც არ იძლეოდა. ერთადერთი, ვისაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, პატრიარქი იყო, უნდა შევიდე და ჩემი ხალხი გამოვიყვანოო. გენერალი ბორისოვი თავად დაჰყვებოდა, რათა მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. არასდროს დამავიწყდება, როგორ დადიოდა ჩვენი უწმინდესი და მინდორში გაფანტულ დაჭრილებსა და დაღუპულებს ეძებდა... როდესაც მათ სატვირთო მანქანის ძარაზე ვაწვენდით, ატირებულმა პატრიარქმა ანაფორა გაიხადა და დაღუპულ ბიჭებს დაუფინა. ამის დანახვაზე მეც მიღალატა მოთმინებამ და ვიტირე... იქ რამდენიმე დღე დავრჩით და იმ ხნის განმავლობაში არაერთხელ ვნახე, როგორ ტიროდა ჩუმად, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ცრემლი არ შორდებოდა თვალზე. იმ მძიმე დღეებში ნიქოზშიც ჩაბრძანდა, სადაც მეუფე ისაია იყო. მან იქაურობა­ მაშინაც კი არ დატოვა, როცა რეზიდენციას ბომბავდნენ. რამდენიმე ოთახში ჭერი ჩამოინგრა და დაიწვა, თუმცა არც მრევლი ტოვებდა იქაურობას. პატრიარქი მათთან გასამხნევებლად ჩავიდა.

- პატრიარქმა საახალწლო მილოცვაში პუტინსაც მიმართა, რომ უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. რა იკითხება უწმინდესის ამ სიტყვების მიღმა, მით უფრო, მას ასეთი მიმართვა არასდროს გაუკეთებია?
- ამ სიტყვების მიღმა ძევს ის, რომ ერის მამა, რომელსაც ერის სულიერი თუ ფიზიკური წყლულები სტკივა, უფლის სახელითაც­ მოქმედებს. ეს მოთხოვნა იყო და არა თხოვნა, რომლის ინტონაციაში იგრძნობოდა, რომ არ შეიძლება ამ საკითხის გადადება. თითქოს ამით პატრიარქმა უფლის ნება გამოხატა, რადგან თავად ეს პიროვნება აღმსარებლობით მართლმადიდებელია, მისთვის ეს სიტყვები უფლის ბრძანებად უნდა იყოს აღქმული! პატრიარქის სიტყვები ის განაცხადია, რომლის შემდეგაც მთელი საქრისტიანოს წინაშე დადგა პუტინის პას­უხისმგებლობა, როგორ მოიქცევა ის და რამდენად გულისხმაყოფს ქრისტიანულ სამყაროში ძალიან ავტორიტეტული ადამიანის სიტყვებს. ამ სიტყვებით მან პუტინს­ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და არ არის ადვილი ამის უგულებელყოფა. შესაძლოა ოფიციალური არხებით არ მიუმართავს, მაგრამ ასე ხმამაღლა­ პირველად უთხრა და გამოხატა, რომ ამას უფალი ითხოვს.

- ფიქრობთ, რომ ამ მიმართვას სასიკეთო­ ძვრები მოჰყვება, ანუ კონფლიქტის რეგიონებში ვითარება შერბილდება?
- შესაძლებელია მოჰყვეს, რადგან ასეთი სიტყვის მიღება ადვილი არ არის, ეს მისთვის ერთგვარი განცდაა სარწმუნო­ებრივად. დიდი მოლოდინი არა მაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს პუტინისთვის მორალური პასუხისმგებლობაა, რადგან სიმართლე და საღვთო სამართალი ჩვენს მხარესაა­ და, ადრე თუ გვიან, ის მაინც იზეიმებს. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მხოლოდ ჩვენთვის კი არა, რუსეთისთვისაც კარგი იქნება.

- პატრიარქი 87 წლის გახდა..
- მადლობა უფალს, რომ 87 წლის წინ ინება ისეთი პიროვნების მოვლინება, რომელსაც უმძიმესი მისია დააკისრა, მან კი ეს მისია ღირსეულად ატარა და დასრულდება მაშინ, როდესაც დედაეკლესიის წიაღში ერი დაბრუნდება, სულიერად და შემდეგ ტერიტორიულად გამთლიანდება. ის სულიერად და ფიზიკურად დაღლილია, მაგრამ საოცარი უნარი აქვს აღდგენის, რადგან ქრისტიანობა ჯვარცმისა და აღდგენის რელიგიაა. ეს რწმენა პირნათლად მეორდება მასში და მეტი სიკეთის კეთების უნარს ავლენს... ვილოცოთ, რომ ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი. ფსალმუნში არის ასეთი სიტყვები: "განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი..." არაერთხელ მინახავს, როგორ განახლდება მასში ეს სულიერი ენერგია და ამდენწლიანი ტვირთის მიუხედავად, ის ფიზიკურადაც უძლებს... მადლობა, რომ ყველაფერს გვპატიობს და ლოცულობს როგორც მოსე, რომელმაც გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტის მონობიდან, მაგრამ უმადურობით პასუხობდნენ მას, თუმცა ის იდგა ღმერთის წინაშე და გულწრფელად ლოცულობდა, რომ ებრაელი ერი არ დაესაჯა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?