"მხოლოდ ბედნიერება მემეტება ჩემი ქვეყნისთვის" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ბედნიერება მემეტება ჩემი ქვეყნისთვის"

კარგი იქნებოდა, თოვლის ბაბუის უფროსებსაც გვჯეროდეს, მაშინ, ალბათ, უფრო ბედნიერები ვიქნებოდით. თუმცაღა ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ პატარებს არ მოვუშალოთ ბედნიერების განცდა.

ასე რომ, რაც უნდა თოვლის დეფიციტი იყოს ახალ წელიწადს, რაც უნდა პრობლემები გვქონდეს, მთავარია, თოვლის ბაბუამ კართან მაინც დააწყოს საჩუქრები. თუ კარზეც დაგვიკაკუნებს და შინ ქართული ხურჯინით ან სანტა კლაუსის წვეტიანი ქუდით შემობრძანდება, ბავშვებისთვის (მგონი, დიდებისთვისაც!) საახალწლოდ ამაზე სასიხარულო რაღა იქნება. ჩვენც და თოვლის ბაბუა-სანტა კლაუს რატი ნავაძესაც ხომ სწორედ ეს გვინდა!

რატი 11 წელია პატარებს ახალისებს, ჰოდა, ჩვენც საახალწლო ამბების მოყოლა ვთხოვეთ და ისიც ხალისით დაგვთანხმდა.

- ბავშვებს თოვლის ბაბუის ნაღდად სჯერათ! მოზარდ მაყურებელთა და საბავშვო თეატრების მსახიობი გახლავართ! თოვლის ბაბუა-სანტა კლაუსი პირველად 11 წლის წინ გავხდი. იმ ახალ წელიწადს ისე მეშინოდა, რომ ბავშვებს ვერ დავაჯერებდი, მთელი კვირა ვემზადებოდი.

- მსახიობს ეგ როგორ უნდა გასჭირვებოდა? - არც ასეა საქმე. ბავშვები დიდი კრიტიკოსები არიან და ყველაფერს მშვენივრად გრძნობენ!.. მაგრამ გამომივიდა, ის კი არა, ჩემმა შვილებმაც ვერ მიცნეს. როდესაც თოვლის ბაბუის `აღჭურვილობას~ სადმე მივმალავდი და შინ დავბრუნდებოდი, ყიჟინით შემომეხვეოდნენ, იცი, მამიკო, აქ ვინ იყოო! ახლა იმდენად გაიზარდნენ, რომ მეშინია, არ მიმიხვდნენ. ამიტომაც აღარ ვარ მათი თოვლის ბაბუა, სამაგიეროდ, სხვისი ვარ!

- ფანტაზიის განვრცობაში, ალბათ, ბავშვებიც გაშველებენ ხელს, პატარებს ამის ნიჭი ნამდვილად აქვთ... - ბავშვები ყველაფერს მშვენივრად ხვდებიან. თუ ნაღდად მოგიწონეს, მხიარულ ყიჟინას ატეხენ...

არასოდეს დამავიწყდება ერთი ახალი წლის ღამეს ორი პატარა დაიკოს სიხარული. მშობლებს თოვლის ბაბუის მოსვლის წინ რაღაც მოემიზეზებინათ და მეზობელთან `მიმალულიყვნენ~. ასე რომ, ბავშვები იმწუთას მარტონი იყვნენ და კარიც მათ გამიღეს. რომ დამინახეს, მთელი სადარბაზო მოირბინეს სიხარულის წივილი-კივილით. მერე შინ შემიყვანეს, ნაძვის ხე მაჩვენეს და მთელი სახლი ყირაზე დააყენეს.

- მეც დავდგებოდი ყირაზე, ახალი წლის ღამეს მარტო რომ ვყოფილიყავი და თოვლის ბაბუა მომდგომოდა საჩუქრებით. - ამ დროს თოვლის ბაბუაც ბედნიერია. მისი გულიც სიხარულით სცემს და ცელქობს. ერთხელაც ერთმა ოჯახმა ბოდიშით დამირეკა, მამიკო ვერ ასწრებს თქვენთვის საჩუქრების გადმოცემას, ეგებ რაიმე მოახერხოთ, 10 წუთი დაელოდოთო! მეც ლიფტის უკან დავიმალე, საიდანაც მოპირდაპირე ბინების აივნებს შევცქეროდი. ამასობაში ერთ-ერთ აივანზე ასე, 10-12 წლის ბავშვი გამოჩნდა, მე სამალავიდან საგანგებოდ გამოვედი, ამ დროს სადარბაზოს ციფრულმა ნათურამაც გამაჩახჩახა და ბავშვი შინ ყვირილით შევარდა, დედა, აქ თოვლის ბაბუააო! როდესაც დედა გამოჩნდა, მე ისევ `ვიცელქე~ და დავიმალე. დედიკომ ვერსად დამინახა და ხელი ჩაიქნია, შვილო, აქ თოვლის ბაბუას სად ხედავო! თუმცა ცოტა ხანში, როდესაც დედიკო აივანზე კვლავ გამოვიდა, სამალავიდან ისევ `გამოვხტი~. ასე რომ, ახლა უკვე დედიკომ მამიკოს დაუძახა, უიმე, მართლა ყოფილა თოვლის ბაბუა ჩვენს კორპუსშიო! მეც დავიმალე და გულში მიხაროდა, ამ ოჯახში ამაღამ სულ ჩემს ხსენებაში იქნებიან-მეთქი. ამასობაში ჩემი პატარების მამიკოც მოვიდა, საჩუქრები მომაყარა და მეც უკვე მათ კარზე ავტეხე კაკუნი.

- კიდევ ბევრ კარზე ბევრჯერ დაგეკაკუნებინოთ და ყველგან ბედნიერი ფეხით შესულიყავით... - მე კი მინდა, რომ ყველა ახალ წელს ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. ესე იგი, მაშინ ყველა უფროსიც ბედნიერია, ბავშვები ხომ უფროსების განწყობას ყოველთვის გრძნობენ. მხოლოდ ბედნიერება მემეტება ჩემი ქვეყნისთვის და ღმერთმა ინებოს, ასე იყოს!