"ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ 2019 წლის სექტემბერში" - რა განუხადეს "ინტერპრესნიუსს" "ფეისბუქის" ადმინისტრაციაში ყალბ გვერდებთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ 2019 წლის სექტემბერში" - რა განუხადეს "ინტერპრესნიუსს" "ფეისბუქის" ადმინისტრაციაში ყალბ გვერდებთან დაკავშირებით

"ფეისბუქის" ადმინისტრაცია საქართველოში ე.წ. ბოტებისა და ტროლების გამოვლენის საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

სოციალურ ქსელში "ფეიქ გვერდების" დაბლოკვის საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსმა" "ფეისბუქის" ადმინისტრაციას შეკითხვებით მიმართა, რაზეც სააგენტომ საპასუხო წერილი მიიღო.

"ფეისბუქის" ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოში ე.წ. ბოტებისა და ტროლების გამოვლენაზე მუშაობა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყეს, რა პროცესიც არ დასრულებულა და უსაფრთხოების მკვლევარებთან ერთად მუშაობენ, რათა მსგავსი ოპერაციები კვლავ გამოავლინონ.

"ჩვენ ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ 2019 წლის სექტემბერში, კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის გამოვლენის კვლევისას რეგიონში. ჩვენი ანალიზისას ასევე ვსარგებლობდით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ღია მოხსენებებით. ჩვენი გუნდი "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" პროაქტიულად ეძებს უარყოფით აქტორებს და მათ მოქმედებებს ამ პლატფორმაზე. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და უსაფრთხოების მკვლევარებთან ერთად, რომ ვიპოვოთ და გამოვავლინოთ მსგავსი ოპერაციები", - ნათქვამია "ფეისბუქის" ადმინისტრაციის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ 39 ქართული "ფეისბუქ" ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი, 22 "ინსტაგრამ" ანგარიში დაბლოკა.