"იმ ასაკში ეს მართლა ტრაგედია იყო ჩემთვის" - კვირის პალიტრა

"იმ ასაკში ეს მართლა ტრაგედია იყო ჩემთვის"

"ჩემთვის ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია"

"მასტერშეფის" პირველი სეზონის მონაწილემ, თათია თექთურმანიძემ პროექტის დატოვების შემდეგ გაამხილა, რომ მისით კომპანიები დაინტერესდნენ და მალე ექნებოდა "იუთუბარხი", სადაც დადებდა ვიდეობს, მოამზადებდა დესერტებს, კერძებს და დიასახლისებს ასწავლიდა, როგორ შეიძლება სახლის პირობებში გემრიელი სადილებისა და სასუსნავების კეთება. პირველი გადაცემა სწორედ წინა კვირას ჩაწერა.

- "იუთუბსა" და "ინსტაგრამზე" იქნება კულინარიული რეცეპტები ვიდეობლოგის სახით. მოვამზადებ არა მარტო ქართულ კერძებს, არამედ იმას, რაც მაყურებელს დააინტერესებს - ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოდან შევარჩევთ რაიმე ისეთს, რის გაკეთებასაც დამწყები მზარეული სახლის პირობებშიც მოახერხებს. ერთი სიტყვით, კულინარია ჩემთვის უკვე ძირითადი საქმიანობა გახდა.

- წარმატებებს გისურვებ! ახლა კი ახალი წლის ბავშვობის დროინდელი ემოციები გაიხსენე. - საახალწლო სამზადისში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული. რა თქმა უნდა, მამაც აქტიურად მონაწილეობდა. საქმე განაწილებული გვქონდა. იყო კერძები, რაც დედას განსაკუთრებით გემრიელი გამოსდიოდა, ზოგ რამეს მამა უკეთესად ამზადებდა.

- თქვენს საახალწლო სუფრას რომელი კერძი ამშვენებს? - სუფრაზე აუცილებლადაა ტრადიციული კერძები: საცივი, გოჭი და ინდაური, ასევე ტოლმა, რომელსაც ყოველ წელს მამა ამზადებს, რადგან გემრიელი გამოსდის; მხალეული, ნამცხვრები და გოზინაყი. ბოლო რამდენიმე წელია, სუფრას ჩემი გამომცხვარი ნამცხვრებიც შეემატა. საახალწლო სუფრა დესერტებით უფრო გავამრავალფეროვნე, მაგრამ ნდობა ჯერ ვერ დავიმსახურე, კერძის მომზადებაში მშობლებთან ერთად რომ ჩავერთო. აი, ტკბილეულს კი, გოზინაყით დაწყებული, ნამცხვრით დამთავრებული, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ. თაფლის ნამცხვარი გვიყვარს და ყოველ ახალ წელს ვაცხობ. მინდა, ჩემს მაყურებელსაც ჩავაწერინო "მედოკის" განსხვავებული რეცეპტი.

- გოზინაყს როგორ ამზადებ? - ზოგს უფრო მუქი ფერის, კარამელიზებული გოზინაყი მოსწონს - რომელიც იღეჭება და იწელება, ზოგს ღია ფერის, ნაკლები თაფლითა და მეტი ნიგვზით. ამიტომაც, ნაწილს უფრო ადრე ვიღებ ცეცხლიდან, ვიდრე თაფლი ძალიან გამუქდება, ნაწილს კი დიდხანს ვტოვებ და გრილიაჟისებური გამოდის. რბილ გოზინაყში მცირე დოზით ამატებენ ხოლმე სოდასაც, რადგან თაფლთან რეაქციაში შედის და უფრო ღია ფერს აძლევს მას.

- თათია, ბავშვობისას თოვლის ბაბუა თუ განებივრებდა საჩუქრებით?

- 12-13 წლისამ გავიგე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. ოჯახის წევრები ისე კარგად ასრულებდნენ ამ რიტუალს, მართლა მჯეროდა. მახსოვს ის ახალი წელი, როცა პირდაპირ მითხრეს, - შვილო, გაიზარდე და უნდა იცოდე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობსო. მე მაინც ჯიუტად ვიჯექი ნაძვის ხესთან და ველოდებოდი, მოვა-მეთქი. იმ ახალ წელს არავინ მოვიდა და არც არაფერი მაჩუქეს. ჰოდა, მივხვდი, რომ ამდენი წელი ჩემმა მშობლებმა (იცინის) ტყუილში მაცხოვრეს. იმ ასაკში ეს მართლა ტრაგედია იყო ჩემთვის. მანამდე ჩემი თანატოლები სულ მეუბნებოდნენ, თოვლის ბაბუა არ არსებობსო, მაგრამ ვუმტკიცებდი, - როგორ არ არსებობს, ჩემთან ყოველ წელს მოდის-მეთქი. აბა, კარზე ვინ აკაკუნებს და საჩუქრებს ვინ მიტოვებს-მეთქი? გულწრფელად რომ ვთქვა, ახლაც მჯერა, სადღაც ლაპლანდიაში მაინც არსებობს. ზღაპარი ხომ ლამაზია და მინდა, მჯეროდეს.

- სად ხვდები ახალ წელს? - არ მახსენდება არც ერთი ახალი წელი, როცა ოჯახისგან შორს ვიყავი. ტრადიციულად, 12 საათზე ყველა ერთად ვართ, მერე მეგობრებთან მივდივარ და მათთან ერთად აღვნიშნავ. რომც მოვისურვო და მამას ვუთხრა, ახალ წელს სახლში არ შევხვდები-მეთქი, შეიძლება, ჩემი ბოლო ახალი წელი იყოს (იცინის), თანაც, თვითონაც ასე მინდა, რადგან ჩემთვის ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამ ახალ წელსაც ასე იქნება.

- განსხვავებული ახალი წელი გაიხსენე. - როცა მე ვიყავი თოვლის ბაბუას როლში. ჩემი ძმა ჩემზე 11 წლით უმცროსია, მასაც ჩემსავით დიდხანს სჯეროდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა თოვლის ბაბუას ველოდებოდი, რომ მინდოდა, მისთვისაც დიდხანს გაგრძელებულიყო ეს პერიოდი.

- თათია, რას უსურვებ საქართველოს, ქართველებს? - ყველა ქართველს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას! გამიხარდება, ბევრად ნაკლები გაჭირვებული ადამიანი თუ იქნება ქვეყანაში და მოხუცებულებს უზრუნველი სიბერე ექნებათ!

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"