"შვიდი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა, ბავშვს მამა პატრონობს. ნინის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება" - კვირის პალიტრა

"შვიდი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა, ბავშვს მამა პატრონობს. ნინის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება"

14 წლის ნინი დიაკონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას უმძიმესი ხარისხის სქოლიოზი აქვს. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. მოზარდი წლებია მკურნალობს, თუმცა უშედეგოდ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქართველმა ექიმებმა ნინის ოჯახს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ურჩიეს. ნინის გადასარჩენად მხოლოდ 22 ათასი დოლარია საჭირო. თურქეთის კლინიკა მას უკვე ელის, თუმცა უსახსრობის გამო ოჯახი თურქეთში ოპერაციისთვის მის გადაყვანას ვერ ახერხებს.

kvirispalitra.ge ნინის ბიცოლა, მაია ცირეკიძეს დაუკავშირდა. "ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ, ყველას გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ნინის მდგომარეობა. მისთვის ყოველი დღე, წუთი მნიშვნელოვანია.

ნინის ოჯახი თერჯოლის რაიონის სოფელ "ალისუბანში" ცხოვრობს, გოგონა შვიდი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა, ბებია, მამა და ბაბუა ზრდიდა, თუმცა ორი წლის წინ ბებიაც გარდაიცვალა და ბავშვს მამა პატრონობს. 84 წლის ბაბუა ასევე მოვლას საჭიროებს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, ბავშვს პენსია აქვს, მათი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ოჯახი ნინის ოპერაციის თანხას ვერანაირად ვერ აგროვებს. არადა გოგონას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ბავშვს უჭირს გადაადგილება, სუნთქვა. უჭირს წოლა, ჯდომა, დგომა. ქართველი ექიმი, ლევან ნარეშელი ყველაფერს აკეთებს ნინის დასახმარებლად. სოციალურ ქსელში ვრცელდება მსახიობების, მომღერლების ვიდეო მიმართვები ნინის გადასარჩენად, რომელიც ასევე ლევანი ექიმის დახმარებით გავრცელდა. "

ლევან ნარეშელი ნინი დიაკონიძის მკურნალი ექიმი: ნინის ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხი დგას დღის წესრიგში. ყოველ დღე არის იმის საფრთხე, რომ რომელიმე სასიცოცხლო სისტემის დისფუნქციამ (გულსისხრძარღვთა ; სასუნთქი და ა. შ) მდგომარეობა კრიტიკულად დაამძიმოს. შესაძლოა დადგეს ფატალური შედეგი. ნინი საქართველოში ბევრმა სპეციალისტმა ნახა, მათ ოჯახს ურჩიეს, რომ ოპერაცია თურქეთში ჩატარდეს. ამ ოპერაციას სჭირდება გამოცდილი სპეციალისტების გუნდი, შემდგომ კი საჭიროა ინტენსიური თერაპიის სწორი მიმართულებით მკურნალობა, გამართული აპარატურით და გამოცდილი სპეციალისტებით. გთხოვთ, დავეხმაროთ ნინის."

ოჯახი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ თანხა შეგროვდეს და დროულად მოხერხდეს ნინისთვის ოპერაციის გაკეთება. მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ჩვენ შევძლებთ ვიხსნათ პატარა გოგონა.

საქართველოს ბანკი: GE69BG0000000681827700 მიმღები მარიამ მჭედლიძე

თიბისი ბანკი: GE86TB7908845061100067 მიმღები მარიამ მჭედლიძე

დახმარება ზარითაც არის შესაძლებელი: 0901701381 - 1 ლარი

ლამუნა ირემაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)