რას ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ბაკურიანში საბაგიროებზე ბილეთის ნაცვლად რუბლს აძლევენ - კვირის პალიტრა

რას ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ბაკურიანში საბაგიროებზე ბილეთის ნაცვლად რუბლს აძლევენ

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე რუსული რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას უწყებაში განუცხადეს, მთის კურორტები კურირებს საბაგიროებს "დიდველი", "მიტარბი" და "კოხტა".

"ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. "დიდველის", "მიტარბისა" და "კოხტას" საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები", - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად რუსულ ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.

"ინტერპრესნიუსი"