"კარლო ხერგიანი მზეჭაბუკივით იყო. განსაკუთრებით უყვარდა სვანეთის მთები და უზომოდ უნდოდა მწვერვალზე ასვლა" - კვირის პალიტრა

"კარლო ხერგიანი მზეჭაბუკივით იყო. განსაკუთრებით უყვარდა სვანეთის მთები და უზომოდ უნდოდა მწვერვალზე ასვლა"

"ჩანთის გადაგდება ვერ მოუსწრია და ამიტომაც გასჭირვებია ამოძრომა"

"სამთო-სამაშველო სამსახურის გარეშე გაუთავებელი უბედურებების სერია გვექნება"

"თეთნულდი არ არის ხელწამოსაკრავი მწვერვალი, ერთ-ერთი მაღალი მწვერვალია კავკასიონზე, დაახლოებით 4600 მეტრს არის აცილებული"

"მწვერვალზე ორი კაცის ასვლა შეცდომა იყო"

13 დეკემბერს მესტია ტრაგედიამ შეძრა. ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე, თეთნულდის მწვერვალიდან დაშვებულმა ზვავმა ორი ახალგაზრდა მეკლდეური - მესტიელი კარლო ხერგიანი და გიორგი ნავერიანი ჩაიტანა. გიორგიმ სასწაულებრივად შეძლო თოვლის გორებიდან ამოსვლა, დიდხანს ეძახდა მეგობარს, თუმცა ამაოდ. 8 საათის შემდეგ, როგორც იქნა სოფელ მულახს მიაღწია.

კარლოს ძებნა ჯერ ადგილობრივი ძალებით დაიწყეს, შემდეგ - შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სპეციალური სამსახურების დახმარებით. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ცენტრალური სამაშველო განყოფილებიდან საგანგებოდ შეარჩიეს ყოფილი მთამსვლელები. გიორგის თქმით, კარლოს ტანსაცმელზე ლითონის ნივთი ჰქონდა დამაგრებული, თუმცა ლითონის მაძიებელი ხელსაწყო იმ ტერიტორიაზე არ რეაგირებდა, სადაც კარლო უნდა ყოფილიყო.

მაშველები მძიმე პირობებში მუშაობდნენ; ძებნის პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში შესაძლო იყო დაგროვილი თოვლის მასა ხელახლა წამოსულიყო ზვავად და დაკარგულის დღეში აღმოჩენილიყვნენ მაძებრებიც.

17 დეკემბერს კარლო ხევში იპოვეს. როგორც მესტიელები ამბობენ, დაცემის დროს თავი დაურტყამს. სავარაუდოდ, ამის შედეგად გონება დაკარგა. როდესაც ზვავი მომწყდარა, გიორგის ჩანთა გადაუგდია, კარლოს ვერ მოუსწრია და ამიტომაც გასჭირვებია მოძრაობა.

KvirisPalitra.Geკარლო ხერგიანი 27 წლის იყო; რამდენიმე წლის წინ მისი ერთ-ერთი და დაღუპულა. კარლოს ბაბუაც ზვავმა ჩაიტანა.

მესტიაში ყველგან ხერგიანების ტრაგედიაზე ლაპარაკობდნენ: "კარლო მზეჭაბუკივით იყო. ძალიან კეთილი, უაღრესად პატიოსანი, შრომისმოყვარე. განსაკუთრებით უყვარდა სვანეთის მთები და უზომოდ უნდოდა მწვერვალზე ასვლა".

ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მაშველად დაუწყია მუშაობა მესტიაში. კარლო მისმა უცხოელმა თანამშრომლებმაც გაიხსენეს: "უცნაური ბიჭი იყო, იტყოდა, სანადიროდ წავიდეთო და ისე მოგვატარებდა მთებს, ნადირს არ მოგვაკვლევინებდა, თვალი ანადირეთ, ისე კი დაინდეთ, თუ მწვადები გინდათ, ვაკეზეც ვნახავთო. ზოგჯერ ნადირობის აკრძალვის მიზეზად მარხვას ასახელებდა და ბუზღუნს რომ ვიწყებდით, გვეუბნებოდა, მთებში მარტო სანადიროდ ხომ არ უნდა იაროთო. ასე, სიცილით მოგვატარებდა კლდეებს, გვიყვებოდა სვანეთის ისტორიას და მითებს!"

მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიდმა,  ნათია გიგანმა მითხრა, ნადირობის კუთხესთან მისვლა მიმძიმსო. თურმე კარლო ხშირად დადიოდა მუზეუმში, დადგებოდა უძველეს სანადირო ატრიბუტებთან და ნათიას თავიდან ამეორებინებდა ათასჯერ მოსმენილს. მერე ულამაზესი ცისფერი თვალები გაუშტერდებოდა და დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მონუსხულივითო, - იხსენებდა ნათია და ცრემლებს ყლაპავდა.

17 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათზე მაშველებმა კარლოს ცხედარი წანერი-ტვიბერის ქედიდან ჯერ მულახში, შემდეგ კი მესტიაში,  საკუთარ სახლში გადმოასვენეს.

ალპინისტები ფიქრობენ, რომ ბიჭებს გაუფრთხილებლობით დაემართათ უბედურება. ამიტომაც, სპეციალისტების აზრით, საჭიროა ზომების გატარება, რათა ტრაგედია აღარ განმეორდეს.

გაგი მხარაძე, ალპინისტი: - ალპინიზმი სერიოზული სპორტია და არა გატაცება, ამიტომაც ძალიან კარგად სჭირდება შესწავლა.  გამოცდილი და  კომპეტენტური მთამსვლელი ახალ თოვლზე მთის დასალაშქრად არ გავა, მით უფრო თეთნულდზე, თანაც სოფელ მულახის მხრიდან, მყინვარისკენ, საიდანაც ყველაზე წყლიანი მხარეა და თავზე კლდეები გადგას. შეცდომაა, ასეთი კლდეების ძირში გახვიდე და ზევით აჭრა ახალი თოვლი, რომელიც მოძრაობს. ამასთან, ალპინისტი უნდა იყოს ჩაბმული მეწყვილესთან. თუ ორივეს მოიყოლებს ზვავი და ერთი გამოვა, მეორესაც გამოათრევს.

როდესაც უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, პირველად ითქვა, რომ ეს ბიჭები მონადირეები იყვნენ, ამიტომაც ჩემთვის უფრო გასაგები იყო მომხდარი, მაგრამ მერე ითქვა, რომ ბიჭები მწვერვალის დასალაშქრად მიდიოდნენ. შესაძლოა, ინფორმაციის შეცვლის მიზეზი ის იყო, რომ ჯიხვზე ნადირობა  კანონით აკრძალულია და ბრაკონიერობად ითვლება. თუმცა არის ელემენტარული წესები, რომლებიც ალპინისტმაც უნდა იცოდეს და მონადირემაც.

გადარჩენილი გიორგი ნავერიანი ამბობდა, თოვლიანი ფერდის ქვეშ გავდიოდით და ზევით ვჭრიდით თოვლსო. ეს გაუმართლებელია, გინდა სანადიროდ იყო წასული და გინდა მწვერვალის დასალაშქრად. ადგილი, რომელიც  ტელევიზორის ეკრანზე ჩანდა, ძალიან სახიფათოა. დიდი ღარია კლდეში, საიდანაც საფრთხე მაშინაც კი მოსალოდნელია, საუკეთესო ამინდი რომ არის.  ამიტომაც ქვემოდან უნდა მოუარო, ახლოს არ უნდა მიხვიდე, ან დილაუთენია და საღამოს უნდა გაიარო, როცა ყველაფერი გაყინულია და ჩამოსასვლელი თოვლის მასა უკვე ჩამოცლილია.

- ზვავის წამოსვლისას რამ შეიძლება დაგიცვას?

- დიდ ზვავში ვერაფერი გიშველის, პატარაში კი შესაძლოა რაღაც მეთოდებს მიმართო. ზვავი წყალივით მოდის, ამიტომაც ხშირად გადარჩენის ერთადერთი ხერხია ცურვა, რომ როგორმე ზევით დაიჭირო თავი. ეტყობა, ნავერიანი ასე  მოჰყვა ზემოთ და ამიტომ გამოვიდა თოვლიდან.

თოკი რომ ჰქონოდათ, ზვავი მას ვერ გაწყვეტდა; გადარჩენილი თუ ვერ გამოქაჩავდა, გათხრიდა მაინც ამ თოკს და ბოლოს მიაგნებდა. სამწუხაროდ, ამ ბიჭებს არც თოკი ჰქონდათ და ვერც უსაფრთხოების წესების დაცვა შეძლეს. ჯერ ერთი, ზვავში არ უნდა მოხვდე, ან იქ მოხვედრის შესაძლებლობა მინიმუმამდე უნდა შეამცირო.

მაგრამ თუ მაინც მოყევი, ცურვის ხერხი თუ ვერ გაჭრის, თავის წინ უნდა დაიჭირო ორივე ხელი ისე, რომ პირველი ნახევარი საათის განმავლობაში პატარა საჰაერო ჯიბე მაინც გქონდეს. მერე ნერწყვის მოძრაობის ტრაექტორიის მიხედვით უნდა განსაზღვრო ზედა და ქვედა მხარე;

ზედა მხარეს უნდა დაიწყო თხრა, თუ, რა თქმა უნდა, შეგიძლია ეს და  ტანზე მიბმული წერაყინიც თან გაქვს. გადარჩენისთვის უნდა იბრძოლო, ამისთვის კი ფსიქოლოგიური მდგრადობაა საჭირო. ალპინიზმის სწავლა იმასაც გულისხმობს, რომ სწავლის პროცესში სწორედ ფსიქოლოგიურ მდგრადობას ეჩვევი.

თუ ზვავში მოყოლის შემდეგ სამოქმედო წესები არ იცი, კი არ გაიყინები, გაიგუდები. თოვლის ქვეშ თბილა და ადამიანი შესაძლოა 4 დღე იყოს უვნებლად, თუ ჰაერიც აქვს. ყოფილა ასეთი შემთხვევები, როცა დაზარალებული შესაბამისად იყო აღჭურვილი და ჩაცმული და ჰაერიც ჰქონდა.

შოთა მირიანაშვილი, მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი: - ამ ტრაგედიის მიზეზი ისიც არის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური სამთო-სამაშველო სამსახური, რომელსაც პუნქტები ექნება სვანეთში, ხევსურეთში, სადაც  მწვერვალებზე ასვლაა შესაძლებელი. ამ პუნქტებში რეგისტრაციის გარეშე მთაში ასვლა დაუშვებელი უნდა იყოს.

მთიან ზონაში შეუთანხმებლად წასვლაც კი უნდა იკრძალებოდეს. მარტო უშბაზე არის დაახლოებით 30-მდე სხვადასხვა სირთულის მარშრუტი; ამიტომაც განსაცდელში მყოფ ჯგუფს ვერ მოვძებნით, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ მარშრუტზე მოძრაობენ.

- ვინ უნდა შექმნას ეს სამსახური საქართველოში?

- ვინ განაგებს სპორტს და ტურიზმს? სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ტურიზმის დეპარტამენტი. ორივე უწყებას უნდა ჰქონდეს სამთო-სამაშველო სამსახური, რადგან  ალპინიზმსა და სამთო ტურიზმს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს, სხვადასხვა კატეგორიისა და კვალიფიკაციის ხალხი სჭირდება. თუ ამ უწყებებთან არა, სამაშველო სამსახური უნდა იყოს მთამსვლელთა ფედერაციასთან მაინც და მას სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს. თუ გვინდა, რომ დახმარება ოპერატიული და ეფექტური იყოს, აუცილებელია ასეთი ცენტრალიზებული სამაშველო სამსახურის შექმნა.

- ამ შემთხვევაში სამაშველო სამსახურებმა როგორ იმუშავეს?

- ადგილობრივმა სამაშველო სამსახურებმა იმუშავეს ისე, როგორც შეეძლოთ; თითქმის შიშველი ხელებით. ეს ვერასოდეს შეგვაძლებინებს სამთო-საძიებო სამუშაოების ჩატარებას უმაღლეს დონეზე. ასეთი ოპერაციის დროს მარტო ხალხი ხომ არ გჭირდება, საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა, ტრანსპორტი, ხშირად ვერტმფრენიც - დაზარალებულის ევაკუაციისთვის.  თუ ეს ყველაფერი არ გაქვს, მაშინ მაშველიც ვერ ხარ.

- პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტი, მათაც არ ჰყავთ შესაბამისი სპეციალისტები?

- ეგ სამაშველო სამსახური სხვა სპეციფიკის არის და გათვალისწინებულია გლობალური კატასტროფების დროს დახმარების აღმოჩენისთვის. ამ სამსახურს არ შეუძლია დახმარება გაუწიოს რომელიმე რთულ მარშრუტზე გასულ ალპინისტურ ჯგუფს.

ხერგიანს და ნავერიანს, როდესაც გადიოდნენ მესტიიდან, ოფიციალური უწყებისთვის უნდა დაეტოვებინათ ინფორმაცია; ასე არ უნდა გაერისკათ.

- თეთნულდი როგორი სირთულის  მწვერვალია?

- კავკასიონზე ყველა მთას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აქვს იოლი და რთული მარშრუტები. თეთნულდს აქვს იოლი, მეორე კატეგორიის  მარშრუტები და აქვს საკმაოდ რთულიც. თეთნულდი არ არის ხელწამოსაკრავი მწვერვალი, ერთ-ერთი მაღალი მწვერვალია კავკასიონზე, დაახლოებით 4800 მეტრს არის აცილებული, ამიტომაც, თუ ის ბიჭები მწვერვალზე მიდიოდნენ, ორი კაცის ასვლა შეცდომა იყო.

ორი კაცის  გასვლა დამხმარე ჯგუფის გარეშე, რომელიც მათ მარშრუტს ადევნებს თვალყურს, კატეგორიულად აკრძალულია. ეს არის არაჩვეულებრივი თოვლის პირამიდა, იშვიათი სილამაზის; დანახვისთანავე გიჩნდება მასზე ასვლის სურვილი, თუმცა ეს სილამაზე მკაცრ პირობებთან არის შერწყმული. თეთნულდს დრო უნდა შეურჩიო, როდესაც თოვლი დაჯდება; სხვა შემთხვევაში თეთნულდზე ასვლა დაუშვებელია.

P.S. "კვირის პალიტრა" თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახს.