"ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოკვლევა უნდა დაიწყოს" - კვირის პალიტრა

"ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოკვლევა უნდა დაიწყოს"

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოკვლევა უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

როგორც ალაფიშვილმა აღნიშნა, თავისუფლების ქარტიით გათვალისწინებულია ტოტალიტარული სიმბოლიკის აკრძალვა, რომლის გამოყენებაც ჟეტონად ან სხვა ფორმით, კანონდარღვევაა.

"შესაბამისად, ეს არის სუს-ის შესწავლა-რეაგირების საგანი. ფაქტი სუს-ის კომისიამ უნდა დაადგინოს და თუკი რეალობა დადასტურდა, უნდა გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სსრკ, ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების აღმოსაფხვრელად. თავისუფლების ქარტიის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი სუს-ის კომისიას ასეთი ფაქტების დადგენის ვალდებულებას აკისრებს და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარების უფლებამოსილებასაც ანიჭებს", - განაცხადა ალაფიშვილმა.

ცნობისთვის, ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ ხურდა ფულს - რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ. მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგირო, სადაც საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება, მათი მენეჯმენტის ქვეშ არ არის.

"ინტერპრესნიუსი"