"კალიფორნიაში დაბრუნებული მივხვდი, რომ გელას გარეშე ძალიან მიჭირდა და საქართველოში დავბრუნდი" - კვირის პალიტრა

"კალიფორნიაში დაბრუნებული მივხვდი, რომ გელას გარეშე ძალიან მიჭირდა და საქართველოში დავბრუნდი"

დენეი ოლსენი კალიფორნიელი მასწავლებელია, რომელიც რადმენიმე წლის წინ საქართველოში, კერძოდ კი ჭიათურაში ბავშვებისთვის ინგლისურის სასწავლებლად ჩამოვიდა, უბნის აღწერის დროს კი თავისი მომავალი მეუღლე გელა ამყოლაძე გაიცნო. ერთ წელში გელამ დენეის ხელი სთხოვა და ახლა წყვილს 4 წლის ვაჟი დავითი ჰყავს, მათი სიყვარულის ისტორიაზე დენეი გვესაუბრება:

- წარმოშობით სონოროდან ვარ, თუმცა ამჟამად საკრამენტოში ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. ჩემი მეუღლე აქ, ქართველ ბიჭებთან ერთად, ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობს. ძალიან მოხერხებულია, თითქმის ყველაფერი გამოსდის, როდესაც სამსახურში არ არის, სახლს არემონტებს, მეც ხშირად ვეხმარები როგორც შემიძლია, სახლს ვასუფთავებ, ვღებავ და ა.შ. ჩვენი შვილი დავითი 4 წლისაა, პარალელურად ვმუშაობ და მის აღზრდაში დედა მეხმარება, კვირაში 3-ჯერ ის იტოვებს, 2 დღე კი ბაღში დადის.

- როგორც ვიცი, წლების წინ საქართველოში საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩამოხვდი, რატომ აირჩიე საქართველო? - ადრე მშვიდობის კორპუსში ვმუშაობდი მოხალისედ, სადაც ჩვენ სხვა ქვეყნების მოსახლეობას მცირედით ვეხმარებოდით, მაგალითად: წყლის სანიტარიული ნორმების დარეგულირებაში, ბიზნესის განვითარებასა და ინგლისურის სწავლაში. ინგლისურის სასწავლად 60 ქვეყნიდან სრულიად შემთხვევით საქართველო შემხვდა, ეს ქვეყანა არ ამირჩევია, მის შესახებ არაფერი ვიცოდი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჭიათურაში გამაგზავნეს და მე-4 საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა - ბავშვებს ინგლისურს ვასწავლიდი, გელაც ჭიათურაში გავიცანი.

- მოგვიყევი თქვენი სიყვარულის ისტორია? - საქართველოში ერთი წლის ჩამოსული ვიყავი და ჭიათურაში, ნიკოპოლის ქუჩაზე ვცხოვრობდი, სადაც გელა სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა - უბნის ინსპექტორი იყო და ერთმანეთს ოჯახების აღწერის დროს შევხვდით. თავიდან მისით არ დავინტერესებულვარ, არ მინდოდა ქართველ მამაკაცთან ურთიერთობა დიდად, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ბევრისგან განსხვავებული იყო. მცირე დროით, ერთად ვვარჯიშობდით ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე, თან მე ინგლისურს, ის კი ქართულს მასწავლიდა. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად, ერთმანეთი უფრო გვიყვარდებოდა, თავიდან რთული იყო ურთიერთობა, მე ქართული არ ვიცოდი და გელაც კარგად ვერ საუბრობდა ინგლისურად, თუმცა საბოლოოდ გავუგეთ და ერთმანეთის მიზნები და სურვილებიც გავაერთიანეთ.

როდესაც ჩემს კონტრაქტს ვადა გაუვიდა, კალიფორნიაში დაბრუნებული მივხვდი, რომ გელას გარეშე ძალიან მიჭირდა და საქართველოში დავბრუნდი, თბილისში კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა. გელაც ცდილობდა ჭიათურიდან საბუთები თბილისში გადმოეტანა. ყველაფერი გამოვიდა და მალევე მის დაბადების დღეზე ხელი მთხოვა, დავინიშნეთ და ქორწილი ჭიათურაში გადავიხადეთ.

- ხშირად სტუმრობთ ხოლმე საქართველოს? - ცოტა პრობლემები შეგვექმნა ვიზაზე, თუმცა მოვაგვარეთ. აქ დაბინავებიდან სამ კვირაში დავითიც დაიბადა. ვცდილობთ საქართველოში ყოველ წელს ჩამოვიდეთ, თუმცა ყოველთვის არ გამოდის, გელას დედას 10-წლიანი ვიზა აქვს და ის უფრო ახერხებს ჩვენთან ჩამოსვლას. წელს მთელი ახალი წელი და შობა ერთად გავატარეთ.

- როგორ მოგწონს საქართველო და ქართველი ხალხი? - ქართველები კეთილშობილები და გულუხვები არიან, გელა ნამდვილი პატრიოტია და ხშირად მესაუბრება სამშობლოზე. თქვენთან ადამიანებს შორის დიდი სიყვარულია, ულამაზესია ყველა კუთხე - განსაკუთრებით, სვანეთი, ხევსურეთი, მოკლედ, რაც ვნახე, ყველაფერი მომეწონა.

- როგორი მზარეული ხარ და თუ გიცდია ქართული კერძების მომზადება? - ხშირად ვაკეთებ ნიგვზიან ბადრიჯანს, ვცდილობ კარგად ვისწავლო ხაჭაპურის, ხინკალისა და სხვა ტრადიციული კერძების მომზადება, მაგრამ ისეთი ვერ გამომდის, როგორსაც საქართველოში ამზადებენ. როდესაც გელას დედა ჩამოდის, ბევრ ქართულ კერძს გვიკეთებს, მეც ნელ-ნელა ვისწავლი.

- რა ენაზე საუბრობს დავითი? თავად თუ ისწავლე ქართული? - დავითი უმეტესად ინგლისურად საუბრობს, მაგრამ ქართულიც ესმის. გელა მხოლოდ ქართულად ელაპარაკება, დავითმა იცის ქართულად თვლა 1-დან 10-მდე, ანბანი, სიტყვები, ფერები და რამდენიმე ფრაზაც კი. მეც ვსწავლობ ნელ-ნელა, წერა-კითხვა უკვე ვიცი და ხშირად ქართულადაც ვლაპარაკობ.

(სპეციალურად საიტისთვის)