"შევიკრიბოთ იპოდრომზე და წავიკითხოთ წიგნები!". - კვირის პალიტრა

"შევიკრიბოთ იპოდრომზე და წავიკითხოთ წიგნები!".

პროექტი: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!", რომელიც დღეს წიგნებად იქცა, 1 წელია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ასახელებდნენ რჩეულ წიგნებს და გვწერდნენ ძალიან საინტერესო რეპლიკებს. გადავწყვიტეთ, სოციალური მედიის საშუალებით გამოგვეცხადებინა კონკურსი ბლოგერებისთვის.

პირველ ეტაპზე კონკურსში 17 ბლოგერი ჩაერთო. მათ პოსტებს "მედიაპალიტრის" ჟიური აფასებდა. მეორე ტურში გადავიდა 10 ბლოგერი, რომლებიც გამომცემლობა "პალიტრა  L"მა წიგნებით დაასაჩუქრა. საბოლოოდ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, კონკურსის თანახმად, მათ პროექტში შესული წიგნები გადაეცემათ საჩუქრად.

მომავალშIი, დანარჩენ მონაწილეებთან სხვა პროექტების ფარგლებში<, თანამშრომლობა გვაქვს დაგეგმილი.

მაშ, ასე, ვერდიქტი გამოტანილია! კონკურსანტები გამარჯვებულების ვინაობას სწორედ ამ სტატიით შეიტყობენ... გთავაზობთ ამონარიდებს გამარჯვებული ბლოგერების პოსტებიდან:

KvirisPalitra.Geთამუნა კარელიძე (ვასასი)

არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ ხუთნი ვართ. ერთმანეთისაგანაც რადიკალურად განვსხვავდებით, მაგრამ იდეები გვაქვს საერთო. შეხვედრების დიდ ნაწილს კაფეში ვატარებთ. ვსვამთ ლუდს, ვაყოლებთ ლობიანს და ვლაყბობთ. ვლაყბობთ აბსოლუტურად ყველაფერზე: პოლიტიკურ ვითარებაზე, ოჯახზე, პრობლემებზე, საზოგადოებაზე, ლობიანზე, ლუდის გრადუსზე, მეზობლის კატაზე, სამსახურებზე, ადამიანებზე, ბიჭებზე, კაცებზე, ხანდახან ქალებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დაბადების დღეებზე ერთმანეთს ისტერიულად ვჩუქნით საათობით გულმოდგინედ ნარჩევ წიგნებს, აქამდე ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია. ჰოდა, ახლა ჩემს აზრს გაგიზიარებთ:

არ წამიკითხავს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" და არც არასოდეს წავიკითხავ. არ მიყვარს პაოლო კოელიო და ამელი ნოტომი, მიყვარს რეალიზმის ეპოქა ლიტერატურაში..

როგორც წესი, ორ"სამ წიგნს ერთად ვკითხულობ, ბოლოს ორჰან ფამუქის "თეთრი ციხესიმაგრე" დავამთავრე. ფამუქი ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენაა. ნამდვილად არ მეგონა, ჩვენს დროში მისთანა მწერლები (უფრო სწორად " ადამიანები) თუ კიდევ არსებობდნენ. რაც შეეხება საყვარელ გმირს, ასე, შვიდი"რვა წლის წინ ერთი წიგნი წავიკითხე: კახა სულუაშვილის "თბილისს ვტოვებ ალიონზე". დიდი არაფერი, მაგრამ ბევრი პოზიტივი მოდის მისგან. იქ არის მთავარი გმირი მერაბი. აი, ცხოვრებაში ეგეთი ბიჭი რომ შემხვდეს, არც დავფიქრდებოდი...

P. S.  მეგობრებთან წიგნებზე საუბრისას იდეა გაჩნდა: შევიკრიბოთ იპოდრომზე და წავიკითხოთ ჩვენი ბავშვობის წიგნები. რატომ იპოდრომი? იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობის ყველაზე მაგარ მოგონებებს უკავშირდება. ავდგებით რომელიმე უქმე დღეს, ამოვიჩრით იღლიაში ვერნის, ლინდგრენს, ძმებ გრიმებს, "ვინი პუჰს", ვიყიდით უგემრიელეს ლობიანს, ლუდს, ერთჯერად ჭიქებს. დავსხდებით იპოდრომის ჩვენს კუნძზე, გავიყინებით და ერთმანეთს თითო აბზაცს ვაჩუქებთ ბავშვობის წიგნებიდან.

ნუ, არ ვართ ნორმალურები, ხომ გითხარით უკვე?!

KvirisPalitra.Ge"თქვენ არ ირჩევთ წიგნებს, ისინი გირჩევენ თქვენ!"

ბექა სუხიტაშვილი

წიგნი დეტალების ხელოვნებაა. გადაშლი ათასჯერ წაკითხულ ფურცლებს და აღმოაჩენ, "რატომ ეს ფრაზა არ მახსოვდა?".. აუცილებელი არ არის, საყვარელი წიგნის დაზეპირება, პირიქით, უნდა დაივიწყო კიდეც! მოვა დრო და დეტალები იმავეს განგაცდევინებს, რასაც უწინ. თუკი ხელმეორედ წაკითხვისას ასეთ დეტალებს ვერ აღმოაჩენ, ე.ი. საჭირო წიგნი ვერ მოგიძებნია... და მაინც, რატომ კითხულობენ ადამიანები წიგნებს? რისი გაგება სურთ მათგან? რას მოელიან?

"მე ვკითხულობ მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა ვიკითხო"; "მე უღიმღამო ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად"; "მე კი მხოლოდ სასიყვარულო რომანები მაინტერესებს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცებს დავეძებ, წერილებსაც ვთხზავ და შიგადაშიგ გულიც მიღონდება ხოლმე"; "სნობი ვარ, მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც სხვებს"; "მე განვითარებას, ახალ აზრებს, ახალ ამბებს დავეძებ მათში"...

კარგი იქნებოდა, ასე მარტივად რომ ეპასუხა თითოეულ ჩვენგანს. არა მგონია, კირკეგორისთანა დატანჯულ მწერალს შვებას ჰგვრიდეს ასეთი პასუხები; ან უნამუნოს გონების ცეცხლოვან ტემპერამენტს გაეძლოს მათი სურვილებისთვის.

თქვენ არ ირჩევთ წიგნებს, ისინი გირჩევენ თქვენ!

KvirisPalitra.Ge"ეს წიგნი კარადაზე იდო. ხშირად მივდიოდი, ვუყურებდი და გულამოსკვნილი ვტიროდი..."

ზურაბ ალხანიშვილი

თბილისი. ჩემი სახლი. მამაჩემის დაბადების დღე. მამაჩემი არა, მაგრამ სახლში ჩემი ათამდე მეგობარია, რამდენიმე ლეპტოპი, ყაყანი, სიგარეტის კვამლი, აურზაური და უცებ... შუქი ჩაქრა.

ტრაგიკული ბავშვობა მქონდა. არ ვიცი, ვერ ვხვდები, დედაჩემს რამ აიძულა, ეთქვა, ეს წიგნი წაიკითხეო და 7 წლის ბავშვისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ,…"უსახლკარო" შემოეჩეჩებინა. სქელი ყდა ჰქონდა, გაცრეცილი, მაგრამ თხელი იყო და ვფიქრობ, ამის გამო შეარჩია. მთავარი გმირი ჩემი ასაკის ბიჭი იყო, უსახლკარო, ობოლი, ძაღლი ჰყავდა და ღამით, რომ არ გაყინულიყო, მას ეხუტებოდა.

ზეთიან პურს ჭამდა, მოკლედ, დიდი უბედური იყო... ზამთარში, ძალიან რომ შესცივდა, ძაღლს ჩაეხუტა და დაიძინა. როცა გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მკვდარ ძაღლს ეხუტებოდა, მისი მეგობარი მომკვდარიყო.

ეს წიგნი კარადაზე იდო. ხშირად მივდიოდი, ვუყურებდი და გულამოსკვნილი ვტიროდი...

წიგნის შერჩევისას ბავშვს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. წიგნი, რომელიც ბავშვმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს, უნდა იყოს მისი არჩევანი და არა ვალდებულება, მითითება, ბრძანება ან იძულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წიგნს დიდხანს აღარ გაეკაროს.

ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ და შუქიც მოვიდა.