"ჯობია დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებულ აუდიტის დასკვნაზე - კვირის პალიტრა

"ჯობია დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებულ აუდიტის დასკვნაზე

სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი. ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი.

"იქ ჩამოიწერა, როგორც მე ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. არ არის ეს ნახევარი მილიარდის ღირებულების, ეს არის 2000 კოლოფი, რომელიც არის სულ 2 თვის სამკურნალო დღევანდელი მიმდინარეობით, რომლის დღევანდელი ღირებულება არის რამოდენიმე ასეულჯერ ნაკლები",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, 2019 წელს ყველანაირი ფინანსური ბარიერი მოიხსნა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სრულიად უფასო გახდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ვეუბნებით რომ მობრძანდით და ჩაიტარეთ სკრინინგი, ძალიან ცოტა ადამიანი მოდის. ჩვენ ჩატარებული გვაქვს თუ არ ვცდები შარშანწინ ე.წ ბარიერების კვლევა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად და ნომერ პირველ პრობლემად გამოვლინდა საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვსაუბრობთ. მაშინ ჩატარებულ კვლევაში მეორე ადგილას გავიდა ფინანსური ბარიერი და ამიტომაც, მერე ფინანსური ბარიერი სრულად მოიხსნა.

როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, მკურნალობა იყო სრულად უფასო, სწრაფი დიაგნოსტიკა ყოველთვის იყო უფასო პროგრამის დაწყების დღიდან, გაღრმავებულ დიაგნოსტიკაში კი იყო ე.წ. თანაგადახდის კომპონენტი. ეს თანაგადახდაც თითქმის არ იყო სოციალურად დაუცველებისთვის. ეს თანაგადახდა თანდათანობით იხსნებოდა და თუ არ ვცდები, 2019 წლის ზაფხულიდან პროგრამა სრულიად უფასოა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო