რას გულისხმობს ჩვენი სახლების ენერგოპასპორტიზაცია - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ჩვენი სახლების ენერგოპასპორტიზაცია

"პასპორტიზაციის შემოღების შემდეგ, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება, ვერც გაყიდით და ვერც გააქირავებთ ბინას, თუ მას არ ექნება ენერგოპასპორტი. არა აქვს მნიშვნელობა, ბინა ძველი აშენებულია თუ ახალი"

პარლამენტში მალე დამტკიცდება კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა სახლს ენერგოპასპორტი ექნება - ბინის მფლობელს წინასწარ ექნება ინფორმაცია, რამდენად ენერგოეფექტურია მისი სახლი და დაახლოებით რა ხარჯი ექნება მის გასათბობად.

ნანი მეფარიშვილი, ენერგოაუდიტორი: - ერთი შეხედვითაც შეიძლება შენობის ენერგოეფექტურობის განსაზღვრა, უნდა ვნახოთ, რა სისქისაა კედლები და რა მასალითაა ნაშენები შენობა, როგორი ფანჯრები აქვს. მშენებლები ხშირად ამბობენ, რომ შენებისას გამოიყენეს ენერგოეფექტური მასალები და მომხმარებლისთვის, რომელსაც სპეციალური განათლება არა აქვს, იოლად შეიძლება თავბრუს დახვევა.

- თავბრუსხვევას რომ გადავურჩეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? - ენერგოეფექტურ შენობაში ოთახისა და კედლის ტემპერატურებს შორის სხვაობა 2-4 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. თუ სხვაობა მეტია, ნიშნავს, რომ ბევრ სითბოს კარგავთ. არა აქვს მნიშვნელობა, გარეთ რა ტემპერატურაა. მთავარია ოთახის ტემპერატურა. მაგალითად, თუ ოთახში 20 გრადუსია, ამავე ოთახის კედლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 16 გრადუსზე დაბალი. ზოგჯერ ოთახში 20 გრადუსია, კედლის ტემპერატურა კი 12-14 გრადუსი. ასეთ დროს კონდესატი წარმოიქმნება, შედეგად კედელი "ტირილს" იწყებს, უჩნდება შავი ობის ლაქები, რაც ძალიან ცუდია, ობის სოკო ხომ ადამიანს ვნებს. სოკო შეიძლება ორი მიზეზით გაჩნდეს - ერთ შემთხვევაში ობდება თხელი და არათბოიზოლირებული კედელი, მეორე შემთხვევაში კედელი თბოიზოლირებულია, მაგრამ არასწორად. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია კედელი თბილი იყოს, მაგრამ მაინც გაჩნდეს ობი.

- რას ნიშნავს არასწორად თბოიზოლირებული?

- თუ კედლების თბოიზოლაცია ჰაერშეუღწევადი მასალით კეთდება, მაგალითად, ექსტრუდირებული პენოპლასტ XPS-ით. ეს მყარი პენოპლასტის ფილები იაფი და მშვენიერი თბოსაიზოლაციო მასალაა, მაგრამ ჰაერს არ ატარებს, ამიტომაც გროვდება ტენი. ობი რომ არ გაჩნდეს, აუცილებელია განიავება, რომ ბინაში მაღალი ტენიანობა არ იყოს. თუ ჟანგბადი არსაიდან შემოდის, ბინა ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება.

- ცოტა იაფად რომ გავათბოთ ბინა, ასეთი ეშმაკობა არსებობს? - ერთი საშუალება სქელი ფარდებია. ჩვენს დიასახლისებს ძალიან უყვართ ფარდების რადიატორებზე ჩამოფარება, ეს კი შეცდომაა, სითბოს ოთახში შემოსვლის საშუალება უნდა მივცეთ. ზოგი გათბობის რადიატორის დამონტაჟების დროსაც უშვებს შეცდომას - კედელთან ძალიან ახლოს, მიბჯენით ამონტაჟებს ფართობის დასაზოგად. ასეთ შემთხვევაში ნახევარი სითბო კედელში გადის. სტანდარტის მიხედვით, რადიატორი 5 სანტიმეტრით უნდა იყოს კედლიდან დაშორებული.

- ბევრისგან მსმენია, მე და მეზობელს ერთი და იმავე ფართობის ბინაში გათბობის სისტემა გვაქვს და ჩემი კომუნალური გადასახადი მისას ბევრად აღემატება. გამოდის, დამნაშავე კედლები და ფანჯრები ყოფილა, თუ შეიძლება ცუდად დაყენების ბრალიც იყოს? - შეიძლება ინდივიდუალური გათბობის სისტემა მართლაც ცუდად დამონტაჟებული იყოს. შეიძლება ორ ოჯახს ერთნაირი ფართობის ბინა ჰქონდეს, მაგრამ ვინც კუთხის ბინაში ცხოვრობს, მას მეტი თბოდანახარჯი ექნება, თაღის თავზე ცხოვრებაც ხარჯიანია, ბოლო სართულის მობინადრეებსაც გაცილებით მეტი ხარჯი აქვთ, იგივე ხდება მიშენებულფართობიანშიც. ბევრად ენერგოეფექტურია შუა ბინა, მით უმეტეს, თუ მეზობლებიც ათბობენ ყველა მხრიდან სახლს.

- ითქვა, რომ პასპორტიზაცია 2020 წლიდან სავალდებულო გახდება.

- ეს კანონი ჯერ კიდევ 2019-ში უნდა შესულიყო ძალაში, არადა, მის მიღებას ევროკომისია გვავალდებულებს. ეს არის კანონი "შენობათა ენერგეტიკული მახასიათებლების შესახებ". მობინადრეს ექნება შენობის ენერგოპასპორტი, რომლის საშუალებითაც ეცოდინება A, B, C თუ G კლასის ბინა აქვს, წინასწარ ეცოდინება სავარაუდო ენერგოხარჯი. პასპორტში მითითებული იქნება ბინის კვადრატულ მეტრზე კილოვატსაათი ხარჯი წელიწადში. ამ მახასიათებელს სპეციალისტებისა და კომპიუტერული საშუალებებით ადგენენ.

- და თუ ეს პასპორტიც გეოლოგიურ დასკვნასავით ფორმალური იქნება? - გამორიცხულია. ახალი მეთოდოლოგიებია... გეოლოგიური დასკვნისგან განსხვავებით, ეს მონაცემები ვერ დაიმალება, ბევრი დაცვის მექანიზმია, ტყუილს ადვილად გამორიცხავს. პასპორტიზაციის შემოღების შემდეგ, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება, ვერც გაყიდით და ვერც გააქირავებთ ბინას, თუ მას არ ექნება ენერგოპასპორტი. არა აქვს მნიშვნელობა, ძველი აშენებული ბინა გაქვთ თუ ახალი.

- გამოდის, ძველი აშენებულის ენერგოეფექტურობის დასადგენად მფლობელმა უნდა მოიყვანოს სპეციალისტი, ხოლო ახალში მშენებელი იზრუნებს ამაზე. - დიახ, ასეა. დავუშვათ მშენებელი გეუბნებათ, რომ ბინა A კლასისაა. თქვენ შეგიძლიათ სპეციალისტი დაიქირაოთ და გადაამოწმოთ. კლასის დადგენა არც ისე ძვირია, დაახლოებით 100 ლარი.

- დღეს რა კლასის შენობები გვაქვს? - ალბათ, C კლასის... A კლასს სერიოზული საინჟინრო შრომა უნდა, ბევრი მახასიათებელია გასათვალისწინებელი, გარდა იმისა, თუ როგორი კედლებია. მაგალითად, კონსტრუქციებიც დათბილული უნდა იყოს, არ უნდა იყოს თერმული ხიდები, ფანჯრები ირგვლივ თბოიზოლირებული უნდა იყოს, გადახურვაც და ა.შ.

- სხვათა შორის, ახალაშენებული სახლების უმრავლესობა შავადაა აჭრელებული ობის სოკოთი, ძველები კი იშვიათად. მაგალითად, ხრუშჩოვკები. - ძველ შენობებს უფრო სქელი კედლები აქვს. ბეტონი თბილი შემავსებლებით იყო ჩამოსხმული, ასე რომ, თბოსაიზოლაციო თვისებებიც ჰქონდა. მაშინდელ ნორმას ექვემდებარებოდა, თუმცა არც ისე კარგს, ახლა კი ნორმა არ არსებობს. პასპორტიზაციის შემოღების შემდგომ მოსახლეობა უკეთ გაერკვევა ამ საკითხებში, რაც მათი კომფორტისა და ჯიბისთვისაც მნიშვნელოვანია.