ველური ბუნების ფოტოგრაფები - კვირის პალიტრა

ველური ბუნების ფოტოგრაფები

"ველური ნადირობის გამო მძიმე სურათი გვაქვს... იმას, რასაც ჩვენ ასე ველოლივებით, რადგან გადაშენების პირასაა, ხელაღებით ხოცავენ"

ტყეში, მიუვალ ადგილებში ათენ-აღამებენ, რათა იშვიათი ჯიშის ტყის ბინადრები ფოტოხაფანგით აღბეჭდონ. ასე უპოვიათ სხვადასხვა ჯიშის ჯიხვი, ქურციკი, დათვი, ირემი... მეუბნებიან, რომ ადგილსამყოფელს ვერ ასახელებენ, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მათ კვალდაკვალ ბრაკონიერები მიჰყვნენ და წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ინადირეს. რეინჯერებთან ერთად დიდ საქმეს აკეთებენ მოხალისეებიც, რომლებიც ბუნების შესწავლასა და მის დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ...

"თოვლია, -18C, მაგრამ როცა დილით შურთხების სტვენა მაღვიძებს, ყველანაირი სირთულე მავიწყდება... "

ნიკა ქერდოყიშვილი: - ფოტოგრაფობა ორი მიზეზით დავიწყე: ცხოველების იდენტიფიკაციისა და ქცევაზე დაკვირვებისთვის ფოტო-ვიდეომასალის შესაგროვებლად და ამ ლამაზი და საინტერესო კადრების ხალხისთვის გასაცნობად. ვმუშაობ ყველა კუთხეში, სადაც ცხოველი, ფრინველი და ველური ბუნებაა - აჭარაში, სვანეთში, სამეგრელოში, ლაგოდეხში, ვაშლოვანში, თუშეთში...

მთა განსაკუთრებით მიყვარს. რთულ კლიმატში ჯიხვებთან ახლოს მისვლის შანსი მეტია. არ ელიან, რომ ასეთ ამინდში, თანაც კლდიდან მათ მყუდროებას ვინმე დაარღვევს. ამ დროს მათზე დასაკვირვებლად მეტი დრო მაქვს.

- ალბათ, ხშირად ლოდინიც გიწევთ. - ლოდინი არ მიყვარს, ძებნასა და მიპარვას ვამჯობინებ. თუმცა ზოგჯერ კვირაობით ვცხოვრობ მთაში მათ სიახლოვეს კარავში, რათა კარგი მომენტები ვიპოვო. თოვლია, -18C, მაგრამ როცა დილით შურთხების სტვენა მაღვიძებს, ყველანაირი სირთულე მავიწყდება... ყოფილა შემთხვევა, კარვიდან გამოსულს ჯიხვები შემომფეთებიან. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს.

"საზოგადოების ცნობიერება ვერ გაიზარდა ისე, რომ გადაშენების პირას მისული ცხოველები არ დახოცონ..."

ზურა სონგულაშვილი, რეინჯერი: - ტყეში, მდინარეზე, მთაში, მინდორში - ყველგან, სადაც წასვლა შემიძლია, მივდივარ ფოტოხაფანგით და ფოტოაპარატით ვმუშაობ. ფოტოხაფანგით ცხოველებს ვიღებ, სხვა დანარჩენს კი ფოტოაპარატით... არის ადგილები, სადაც ფოტომახეს დიდი ხნით ვტოვებ, თუმცა კონკრეტულ ადგილებს ვერ ვამხელ, რადგან ბრაკონიერებისგან იქ მობინადრე ცხოველებს საფრთხე დაემუქრებათ. არის ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც ეპარქიებს ეკუთვნის. იქ ცხოველი უფრო დაცულია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უამრავ სახლში, სასტუმროსა და რესტორანში მიწევს შესვლა და არაერთხელ მინახავს ცხოველის, ფრინველის ტყავი და ფიტულები, მათ შორის - წითელ ნუსხაში შეტანილი ტყის ბინადრების... იმას, რასაც ჩვენ ასე ველოლიავებით, რადგან გადაშენების პირასაა, ხელაღებით ხოცავენ. გასულ წელს უამრავი დათვია მოკლული და მხოლოდ ერთი ფაქტი გამოვლინდა. ალავერდის ალაზნის ჭალაში, მაჩვის სოროსთან პალო ვნახე, რომელზეც ალბათ, ერთი თვის წინ ხაფანგი იყო გამობმული. სამწუხაროდ, თოფის გარდა, ხაფანგებითაც ებრძვიან ცხოველებს... სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება ვერ გაიზარდა ისე, რომ გადაშენების პირას მისული ცხოველები არ დახოცონ. მონადირეები შეზღუდვას არ ცნობენ... ერთი კამერა მომპარეს, მის გარეშე კი, ფაქტობრივად, ვერ ვმუშაობ, თუმცა ეს ვერ შემაშინებს - უკეთესი კამერის ყიდვას და ფოცხვრის გადაღებას ვგეგმავ. ფოტოხაფანგს კონკრეტულ ადგილზე ვაყენებ და ისე ვმუშაობ. მაგალითად, ახლა გურჯაანში ხელოვნურ ტბაზე მაქვს დაყენებული, ნუტრია რომ "მოვიხელთო" და დროდადრო ვამოწმებ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია - საშუალება გვეძლევა, ველური ბუნების ბინადრები "გავიცნოთ". გაზაფხულზე მაჩვზღარბას გადაღებას ვგეგმავ. ზამთარში სძინავთ და ვერ გადავიღებ...

- იშვიათ ცხოველს თუ შეხვედრიხართ? - მგონია, რასაც ვიღებ, ყველაფერი იშვიათია, რადგან ველური ნადირობის გამო საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს...

"ისეთი სახეობები აღმოგვიჩენია, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი"

გიგი ჭინჭარაული, რეინჯერი: - ფშავ-ხევსურეთის, შატილის მხარეს ვმუშაობ... სტრატეგიული ადგილები გვაქვს, სადაც ნიამორებისა და ჯიხვებისთვის ქვამარილს ვაწყობთ, არადა, გვეგონა, ნიამორი აღარ ბინადრობდა და ძალიან გაგვიხარდა. ადრე ჩეჩნეთისკენ იყვნენ გადასული, რადგან აქ დევნიდნენ, ახლა უფრო მშვიდად გრძნობენ თავს და ფარებად დადიან...

- ალბათ, უამინდობაშიც გიწევთ მუშაობა. - ხშირად. როდესაც ფოტოხაფანგის ან კამერის დადგმის შემდეგ უკან ვბრუნდებით, როგორც მთას სჩვევია, ზოგჯერ ამინდი არეული გვხვდება - სწრაფად მოდის წვიმა ან სულაც სეტყვა... არადა, მთაში ყოველთის მომზადებული მივდივართ კარვით და სხვა აღჭურვილობით, მაგრამ მის უცებ გაშლას ვერ ვასწრებთ... საინტერესოა ორდღიანი საპატრულო გასვლით მონიტორინგი, როცა ღამისთევით მივდივართ ხეობაში, იქ, სადაც ცხოველების გავრცელების არეალია და მათი ახლოს ნახვის შესაძლებლობაც მეტია...

- გარეულ ფრინველებზე რას იტყვით? - ისეთი სახეობები აღმოგვიჩენია, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი, მაგალითად, შურთხი, როჭო, კაკაბი, არწივი... არწივი ცოტაა დარჩენილი. შატილში, რაც მე მყავს ნანახი, მხოლოდ ოთხი კავკასიური არწივია. ბექობის არწივი არ შემხვედრია. საბედნიეროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენთან, შატილში, უკანონო ნადირობის ფაქტები არ გამოვლენილა.