როგორ აღმოჩნდნენ ბათუმის პლაჟზე დახოცილი კოკონები - კვირის პალიტრა

როგორ აღმოჩნდნენ ბათუმის პლაჟზე დახოცილი კოკონები

ბოლო დღეებში ბათუმის პლაჟსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გამრავლდა დახოცილი ფრინველები, რომელთაც თოლიათა ნაირსახეობას მიაკუთვნებენ. მართალია, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ამ ტერიტორიას ასუფთავებენ, მაგრამ დახოცილ ფრინველებს დილაობით კვლავ მრავლად ნახავთ. გარდა იმისა, რომ ფრინველთა ლეშის ნახვა არავის ახარებს, ინფექციის გავრცელებისაც ეშინიათ. როგორც ამბობენ, მათი დახოცვის მიზეზი ვერ გაარკვიეს, ხელისუფლება კი არ ინტერესდება.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი ფრინველთა დახოცვის მიზეზებზე გვესაუბრება.

- ბათუმში დახოცილი ფრინველები თოლიები კი არა, დიდი კოკონები არიან, რომლებიც წყალზე მცურავ ფრინველთა რიგს მიეკუთვნებიან. კოკონა საინტერესო ფრინველია. მისი ერთი ჯგუფი ჩვენთანაც ცხოვრობს, თუმცა დახოცილები ჩვენთან მობინადრეთა ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ისინი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში ბინადრობენ და მხოლოდ ზამთრობით მოაშურებენ ჩვენი ზღვის სანაპიროებს.

გამოიზამთრებენ და ისევ უკან მიდიან. აქ კარგი პირობები, ზამთარში სითბო და საკვებია, ქაფშია, რომელიც ზამთრობით ჩვენთან უხვად არის.

- კოკონები ხანგრძლივი ფრენის გამოც იხოცებიან? - არის ასეთი შემთხვევებიც. ყველა როდი გაუძლებს დამქანცველ გზას. თუმცა გრძელ გზებზე ფრენა მათთვის ბუნებრივია, ამიტომ მათი დახოცვის მიზეზად ეს ვერ ჩაითვლება. მათ სიკვდილიანობას ორი მიზეზი აქვს: პირველი ინფექციებია. ფრინველებსაც ისევე უჩნდებათ ინფექციები, როგორც ადამიანებს. მაგალითად, ქოლერა, იგივე ჭირი და დიდი მსხვერპლითაც მთავრდება, მაგრამ ამ ეტაპზე ფრინველებში ეს დაავადება არ ფიქსირდება. ამიტომ რჩება სიკვდილიანობის მეორე მიზეზი, რომელშიც ადამიანის ხელი ურევია - კოკონებს ნავთობი ხოცავს, რომელიც ზღვაში სანაპიროდან და გემებიდან ჩაედინება. ნავთობი მსუბუქია და წყლის ზედაპირზე ტივტივებს, კოკონები კი სწორედ წყლის ზედაპირზე სხედან, იზამთრებენ და იკვებებიან. სანაპიროდან არ ჩანს, თორემ ოდნავ მოშორებით, ქაფშიის ზონაში ათასობით კოკონას დაინახავთ. გადაცივებისგან მათ ბუნება იცავს ცხიმოვანი ჯირკვლით - ცხიმს ნისკარტით იღებენ, ბუმბულზე ისვამენ და წყალგაუმტარს ხდიან, რათა ბუმბული ზღვამ არ დაასველოს და არ გადაცივდნენ. მაგრამ როგორც კი მოტივტივე ნავთობი მათთან `მიცურდება~ და მიედება, იშლება ბუმბულზე წასმული ცხიმი, ბუმბული სველდება და კოკონებიც სველდებიან, გადაცივდებიან და იხოცებიან.

- ანუ ზღვაში ბევრი ნავთობია ჩაღვრილი და კოკონებიც ამიტომ იხოცებიან? - სპეციალურად არავის გაუზომავს, მაგრამ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი ზღვის ბევრი ბინადრის დახოცვის მიზეზიც არის. მიუხედავად იმისა, ამ ეტაპზე ფრინველის ინფექციის შიში არ უნდა გვქონდეს, ამ სურათმა კიდევ ერთხელ უნდა აგვაჯანყოს ბუნების დაბინძურების წინააღმდეგ.