ბედნიერი, გამოპრანჭული ბებია-ბაბუების ნავსაყუდელი - კვირის პალიტრა

ბედნიერი, გამოპრანჭული ბებია-ბაბუების ნავსაყუდელი

"ყოფილი პედაგოგი იოსებ უსტარაშვილი ექვსი თვეა, რაც აქ დასახლდა. ისტორიის პედაგოგი ახლა ახალშეძენილ მეგობრებს უტარებს გაკვეთილებს. ბატონი იოსები საწერ მაგიდაზე ოცნებობს, რომ წეროს და შემდგომ თავისი ნაწერები გამოაქვეყნოს..."

რუსუდან ბერიძე მოხუცთა პანსიონატის დამფუძნებელია. 6 წლის წინ მამის გამო დაწყებულ საქმეს დღესაც აგრძელებს. 30 ხანდაზმულთან ერთად ცხოვრება მარტივი არ არის, მაგრამ მან შეძლო, როგორც თვითონ ეძახის "ჩემებისთვის", ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოხუცები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

- თითქმის 20 წელი ვუვლიდი მშობლებს, დედას სუსტი მხედველობა ჰქონდა, დიალიზზე იყო, მამას კი კიდურები აწუხებდა. თავის დროზე მამა საზოგადოების აქტიური წევრი იყო, რამდენიმე ქარხანას ხელმძღვანელობდა და ერთ დღესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთ ოთახში გამოკეტილი აღმოჩნდა. იდეაც სწორედ მაშინ დაიბადა. მინდოდა შემექმნა პანსიონატი, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ექნებოდათ.

- რატომ პანსიონატი და არა მოხუცთა თავშესაფარი?

- მოხუცთა თავშესაფარი რაღაცნაირად დამთრგუნველია. პანსიონატი უნდა ყოფილიყო ის ადგილი, სადაც იცხოვრებდნენ ბედნიერი, გამოპრანჭული ბებიები და ბაბუები. რამდენიმე დღის წინ ერთმა ბებომ მითხრა, მოდი, აქაურობას სანატორიუმი დავარქვათ, ჩვენ უკვე პანსიონატს გავცდითო. ადამიანისთვის აქ ყოფნა ღირსეული უნდა იყოს.

- რთული არ არის განსხვავებული ხასიათის ამდენ მოხუცთან ურთიერთობა? - ოქროს შუალედი უნდა იპოვო და შემდეგ უკვე ყველაფერი ადვილია. რა თქმა უნდა, ერთ სივრცეში ამდენი განსხვავებული ადამიანის ცხოვრება არ არის მარტივი, ამიტომ სულ ვცდილობ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ჰქონდეთ კონტაქტი.

- თქვენც მათთან ერთად ცხოვრობთ? - თავიდანვე ვიფიქრე, რომ იქ, სადაც მე არ ვიცხოვრებდი, სხვას არ მივიყვანდი. ყველაფერზე, თითოეული ოთახის ფერზეც კი პირადად ვიზრუნე. მინდოდა თბილი გარემო ჰქონოდათ, რომ გაღვიძებისთანავე კარგ ხასიათზე დამდგარიყვნენ.

- რა ახარებთ ყველაზე მეტად? - სტუმრები, სიმღერები, ცეკვები... თუ ოთახში მოწყენილები სხედან, ჩავრთავ ტელევიზორს და ვიწყებთ ცეკვას, ვმხიარულობთ და წამში იცვლება ყველაფერი. მათ ყველაზე მეტად ურთიერთობა, საზოგადოებაში გასვლა უნდათ. დილით ყველა წესრიგდება, იკეთებენ მაკიაჟს, სამკაულებს. ერთმანეთზე ზრუნავენ და უფრთხილდებიან - მაწვნის საყიდლად გასვლამდე ბაბუას ბებო თბილ ჟაკეტს რომ მიუტანს და ეტყვის, თბილად ჩაიცვი, არ გაცივდეო, სწორედ ესაა მზრუნველობა, რაც ასე ახარებთ და აბედნიერებთ აქ მყოფ ადამიანებს. ის კი არა, ახალი წლისთვის ჩემმა ბებომ იმდენი ჩურჩხელა ამოავლო, რომ მთელ პანსიონატს ეყოფოდა.

- გეგმები გაგვიზიარეთ... - გვაქვს ადგილი, სადაც შეიძლება ერთსართულიანი მსუბუქი კონსტრუქციის შენობა აშენდეს, სადაც სამკერვალოსთან ერთად ბიბლიოთეკაც იქნება. ხანდაზმულობას თავისებური დეპრესია სდევს თან, ამ მხრივ ბებოებისთვის სამკერვალო საუკეთესო სამსახური იქნება. წარმოიდგინეთ იმ ადამიანის განცდები, რომელსაც ჰგონია, რომ ცხოვრება დასრულდა, არაფერი ხდება და ამ დროს საკუთარი ხელებით რაღაცებს ქმნის.

მარინა ჩიხლაძე: - როდესაც მშობლები გარდამეცვალა, მარტო დავრჩი. გადავწყვიტე სამოთახიანი ბინა გამეყიდა და უფრო პატარა სახლში გადავსულიყავი. ბინის ფული ახლობელმა მთხოვა, მეც ვასესხე, სიკეთე კი გავაკეთე, მაგრამ ღია ცის ქვეშ დავრჩი. ჰაერში გამოკიდებულს, იმ დროისათვის სამსახურიც აღარ მქონდა, პროფესიით ექიმი ვარ. ვერც ვერავის შევეკედლებოდი და აქ მოსვლა გადავწყვიტე. შემიყვარდა აქაურობა. ხშირად ვამბობ, ჩემი ფული რომ დამიბრუნონ, მაინც არ წავალ აქედან-მეთქი. 73 წლის ვარ, ჩემს ასაკში მარტო ცხოვრება ადვილი არა არის, აქ კი ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ვიღაცას წნევა აუწევს, ვიღაცას რაღაც წამოსტკივდება და მეც ვეხმარები.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ციალა თავართქილაძე 5 წელია, რაც პანსიონატ "ბასილიადაში" ცხოვრობს. - როცა 80 წლის გავხდი, ისეთი ადგილის მოძებნა გადავწყვიტე, სადაც მშვიდად გავატარებდი დარჩენილ სიცოცხლეს. ბევრი ძებნის შემდეგ ეს პანსიონატი აღმოვაჩინე. 6 წელია აქ ვარ. ახლა 86 წლის ვარ, ამ ხუთი წლის განმავლობაში ისეთი რაღაცები ვნახე, რაც ბევრ ჩემს ტოლს კი არა, ჩემზე უმცროსებსაც არ ექნებათ ნანახი. დავდივართ თეატრებში, რესტორნებში, ვიპრანჭებით, ვიკეთებთ მაკიაჟს. შარშან კახელებმა რთველში დაგვპატიჟეს და არნახული დრო გავატარეთ. რამდენიმე დღის წინ კი მოძრავ თეატრში დაგვპატიჟეს, არადა, მოძრავ თეატრზე წარმოდგენაც არ მქონდა.

ექიმის ნებართვით წელიწადში ორჯერ ჩოხატაურში მივდივარ. არ ვივიწყებ ჩემიანებს და ისინიც არ მივიწყებენ.

ამ პანსიონატის მემატიანე ვარ, ყოველი დღე ჩემს ბლოკნოტში იწერება. ვკერავ, ვქარგავ, ვქსოვ და როგორც შემიძლია, ისე ვეხმარები აქ მყოფ ხალხს. ხშირად დავდივართ ექსკურსიებზე, ვათვალიერებთ ღირსშესანიშნაობებს. თურმე არსებობს ასეთ მანქანა,"მინივენი, რომელშიც ჩავსხდებით ყველა და ვივლით. ამ მანქანაზე ვოცნებობ და ვისურვებდი, 2020 წელს ამიხდეს.

ყოფილი პედაგოგი იოსებ უსტარაშვილი ექვსი თვეა, რაც აქ დასახლდა. ისტორიის პედაგოგი ახლა თავის ახალშეძენილ მეგობრებს უტარებს გაკვეთილებს. ბატონი იოსები საწერ მაგიდაზე ოცნებობს, რომ წეროს და შემდგომ თავისი ნაწერები გამოაქვეყნოს.

პ.ს. პანსიონატის დატოვების შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. რაც მთავარია, გავიცანი თბილი ხალხი, მოხუცების სიყვარულით სავსე თვალები კი დიდხანს მემახსოვრება.

ზურა სოლომნიშვილი