"ჩვენ ვებრძვით სიკვდილს!"
"ჩვენ ვებრძვით სიკვდილს!"
ისინი მთის შვილები არიან, კარგად იცნობენ ყველა მწვერვა­ლსა და ბილიკს. უმალ ჩნდებიან განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების გვერდით. ახლახან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს სვანეთის განყოფილების მაშველები ბესარიონ ხერგიანი და მიხეილ მარგიანი შს მინისტრმა წლების განმავლობაში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისთვის დააჯილდოვა.

"წელს ოთხი მსხვერპლი იყო, ყველა უცხოელი"


ოთხი შვილის მამას, მესტიელ მეხანძრე-მაშველ ბესარიონ ხერგიანს ბიძის, კლდის ვეფხვად წოდებული მიხეილ ხერგიანის მსგავსად, ბევრი ადამიანი გადაურჩენია.

- მეშვიდე წელია, მაშველი
ვარ. ეს ჩემი მოწოდებაა და მუდმივად მამოძრავებს წყურვილი იმისა, რომ განსაცდელში მყოფ ადამიანებს ვუშველო. ბოლო მძიმე საძიებო-სამაშველო ღონისძიება გახლდათ სოფელ ბეჩოში, როცა მდინარე დორაში გადავარდნილ ახალგაზრდებს ვეძებდით. არაფერი ჩანდა, ვერაფერი ვნახეთ... მერე მოქალაქე შემთხვევით წააწყდა საბურავს და დავიწყეთ მუშაობა,
თუმცა­ არ ვიცოდით, დაკარგულების მანქანა იყო თუ არა. მობილიზებული იყო მთელი ტექნიკა, მდინარეს კალაპოტიც შეუცვალეს... ღვთის ნებით, დიდი წვალების შემდეგ მანქანაც ვიპოვეთ და ცხედრებიც.

ბუნება მკაცრია და მრისხანე, თან ამოუხსნელი. არავინ იცის, ვის რას მოუმზადებს.­ სამწუხაროდ, უცხოელი მთამსვლელები არ ითვალისწინებენ სირთულეებს. უმეტესად მწვერვალებზე ხდება უბედური­ შემთხვევები გამოუცდელობის ან სიჯიუტის გამო.
წელს ბევრი ოპერატიული გამოძახება გვქონდა თეთნულდზე. ოთხი მსხვერპლი იყო, ყველა უცხოელი, თუმცა ბევრიც გადავარჩინეთ. როცა ოპერატიული შეტყობინება მოდის, ზვავია თუ ქვისცვენა - ჩვენთვის ყველაზე მძიმე ადგილამდე მისვლაა. სანამ მიხვალ, გამუდმებით იმაზე ფიქრობ, მიუსწრებ თუ ვერა... რაც უნდა გამოცდილი­ იყო, ბუნებასთან ჭიდილი არ შეიძლება. ჩვენ ვებრძვით სტიქიას და სიკვდილს...

მიშა ხერგიანის ძმისშვილი ვარ. სამწუხაროდ, მას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ძალიან მეამაყება ეს ლეგენდარული ადამიანი.­ ჩემი ოჯახი - ბაბუები, ბიძაშვილები - ყველანი მთამსვლელები იყვნენ. რამდენჯერმე მოვხვდი მწვერვალზე და მეც ვცადე მიშა ხერგიანობა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის მიშა ხერგიანი იყო, მე კი ჩვეულებრივი­ ადამიანი ვარ. მიშა ხერგიანის დისშვილი, ჩემი მამიდაშვილი გიორგი ნიგურიანი­ უძლიერესი მთამსვლელი და ჩვენი სამსახ­ურის უფროსია, მამიდა კი სპორტის ოსტ­ატია კლდეზე ცოცვაში. და მაინც ჩვენ ჩვენ ვართ, მიხეილ ხერგიანი კი ლეგენდა იყო და ასეთი, ალბათ, არც განმეორდება.

"უცხოელებს არ ესმით ჩვენი ბუნების ენა"

მიხეილ მარგიანი, სამთო მაშველი:
- ექვსი წელია, მაშველი ვარ... ერთხელ აგვისტოში მთაში­ მომიწია ყოფნამ.
თეთნულდის მწვერვალზე, ქედიდან, საღამოს სამი ბელორუსი ქალი ჩამოდიოდა, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ. ღამით გავედით მათ საძებნელად, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მეორე დილითაც გავედით, დაახლოებით 4400 მეტრზე. 500 მეტრში, მთის მეორე­ მხარეს, ნაპრალიდან შუქი დავინახეთ, ვიღაც ფარანს ანათებდა. ჩავედით და... ორი ცხედარი და ერთი თითქმის გაყინული ქალი დაგვხვდა.­ ეს იყო ძალიან რთულად გადასატანი.
გაყინული ქალბატონი გადავარჩინეთ - ჩავაცვით, დავათბუნეთ, თბილი წყალი დავალევინეთ და გონს მოვიდა. მერე ვერტმფრენი მოფრინდა და სამივენი გადმოვიყვანეთ.

ზამთარში ბევრი ხალხი დადის მთაში, ზოგი გიდთან ერთად, ზოგი თავის ნებაზე, რაც საშიშია. ავიწყდებათ, რომ ეს სხვა რეგიონია. მთას და მწვერვალებს ადგილობრივები უფრო ერიდებიან, იციან სირთულეები­ და იმიტომ, რასაც ვერ ვიტყვით რისკის მოყვარულ უცხოელებზე, რომელთაც არ ესმით ჩვენი ბუნების ენა.

ყველაზე სახალისო გამოძახებასაც გავიხსენებ... უკრაინელების 13-კაციანი ჯგუფი გადმოდიოდა ალპურ უღელტეხილზე. კლდოვანი ადგილი იყო, დაახლოებით, 2800 მეტრი სიმაღლის. ჯგუფი აღმართზე ავიდა. ერთი ქალი დგას და ტირის - ისტერიკა დაეწყო, ამდენი ხალხი კი ორი საათის განმავლობაში ვერაფერს აგონებს და შველის. მივედით სამი მაშველი, მოვკიდეთ ხელი, მაგრამ წარმოიდგინეთ, ადგილიდან ვერ დავძარით! ტურისტებს კონიაკი ჰქონდათ. ერთი ჭიქა დავალევინეთ და ტირილი­ შეწყვიტა. მეორე ჭიქაზე ლაპარაკი დაიწყო. ვისაუბრეთ აქეთურ-იქითურზე. უცებ აიღო ჩანთა და მშვიდად გაუდგა გზას...

ჩვენც ბევრჯერ აღმოვჩენილვართ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. რას ვიზამთ, იქ ვართ, სადაც ხალხს უჭირს.

ნინა
27 იანვარი 2020 16:02
თქვენ გაიხარეთ და გაძლიერდით.
maia
27 იანვარი 2020 12:08
ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ ასეთ ვაჟკაცებს
სვანი
27 იანვარი 2020 11:01
სვანების კაცობა დაუფასებელია ამას სიმართლეს ვამბობ ,ჩემი ხალხი პატრიოტი და სიმართლის მატარებელია, ამდენად უფრო მეტი დაფასება და ყურადღებას საჭროებს. გადახედეთ რა ხდება ქვეყანაში, თანამდებობებისათვის და ფულისათვის ქვეყანას ისე გაწირავენ ხელიც არ აუკანკალდებათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები