"გალაკტიონმა ბოლომდე უყურა ფილმს, მერე ადგა და... ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო.... შეიგინა და წავიდა!" - კვირის პალიტრა

"გალაკტიონმა ბოლომდე უყურა ფილმს, მერე ადგა და... ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო.... შეიგინა და წავიდა!"

ფილმ "მაგდანას ლურჯას" კინოჩვენება 1956 წელს შედგა. მას შემდეგ მთელმა საქართველომ შეიყვარა მაგდანას ობლები: კატო, მიხო და სოფო. კატოს ნანი ჩიქვინიძე ასახიერებდა, მიხოს - როლანდ ბორაშვილი, სოფოს კი ლიანა მოისწრაფიშვილი, რომელმაც ეკრანული და-ძმისაგან განსხვავებით, თავისი პროფესია კინოს არ დაუკავშირა... ერთ დღეს, იმ მუსიკალურ სასწავლებელში, რომელშიც ლიანა სწავლობდა, ორი ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა - თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე.

ლიანა მოისწრაფიშვილი: - 65 წელი გავიდა და ისევ "მაგდანას ლურჯაზე" მიწევს საუბარი. ზოგი აღფრთოვანებით შეხვდა და მხარში ამოუდგა იმხანად დამწყებ რეჟისორებს - რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძეს, ზოგიც გვკიცხავდა, როგორც გვჩვევია. საბოლოოდ ფილმი მაინც გამოვიდა და კანის ფესტივალზე ოქროს "პალმის რტო" მოიპოვა, (პრიზი "საუკეთესო ფილმი გამოგონილი სიუჟეტით"), ოღონდ "მოსფილმმა" დაუმალა ჯილდო ახალგაზრდა რეჟისორებს. პრიზი საქართველოში არ ჩამოსულა და დღესაც უცნობია მისი ადგილსამყოფელი. გამარჯვების შესახებ რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ სრულიად შემთხვევით შეიტყვეს რადიოს საშუალებით.

- სად გიპოვეს რეჟისორებმა? - მე მუსიკალურში, მიხო კი სკოლაში. უკანა მერხზე მჯდარა, როდესაც კლასში თენგიზი და რეზო შესულან. სახელი უკითხავთ და ამასაც ენამოჩლექით უპასუხია, ლორანდი მქვიაო. ნანი ჩიქვინიძე საბავშვო ბაღში იპოვეს, ჯერ ხუთისაც არ იყო.

გაგვაფრთხილეს, ნამდვილი სახელებით არ მიგვემართა ერთმანეთისთვის და დღემდე დავრჩით მიხოდ, კატოდ და სოფოდ. გადაღებები ხან თბილისში, პავილიონში მიმდინარეობდა, ხან უფლისციხეში. ხრიოკი სოფელი იყო, სასმელი წყალიც არ ჰქონდათ, მტკვრიდან ვეზიდებოდით. მე მაინც უფროსი ვიყავი და ვუძლებდი გავარვარებულ მიწაზე ფეხშიშველა სიარულს. აი, ნანი ჭირვეულობდა, მიხო კი, როგორც დიდი ბიჭი, გმირულად უძლებდა სიცხესა და ნანის ბუზღუნს. არ დამავიწყდება მათი ჩხუბის სცენა. მიხოს თმა უნდა მოექაჩა და კატოს ეტირა. კამერის ჩართვამდე უთანხმდებოდა ხოლმე: მიხო, იცოდე, მაგრად არ მომქაჩოო. თუ მაგრად მოქაჩავდა, კატო იბუტებოდა, სანამ ცოცხალ თევზებს არ მომიყვანთ, არ შეგირიგდებითო. გადაღება რომ არ გაჯანჯლებულიყო, ბატონი რეზო და თენგიზი გაიქცეოდნენ მტკვარზე, თევზს დააჭერინებდნენ, ახლა ამაზე ახირდებოდა, მე ცოცხალი თევზები მინდოდაო.

წლებს წლები მიჰყვა... მიხომ სარეჟისორო დაამთავრა, ნანიმ - სამსახიობო, მე კატეგორიული უარი ვთქვი მსახიობობაზე დევიზით,"შენი თავი შენ უნდა გეკუთვნოდეს და არა რეჟისორს-მეთქი და, კონსერვატორიაში ჩავაბარე.

ფილმის პრემიერიდან 30 წლის თავზე გაზეთ "თბილისის" კორესპონდენტი სოსო ჭუმბურიძე დამიკავშირდა და მთხოვა რედაქციაში მისვლა, მიხო და ნანიც დაგხვდებიანო. 30 წელი არ გვენახა ერთმანეთი. ერთი სიტყვით, ეკრანული და-ძმა შევიყარეთ და არ ვაცდიდით ერთმანეთს ლაპარაკს. ჩვენზე დაწერილი სტატია შესანიშნავი სათაურით გამოქვეყნდა - "სიმართლესავით უბერებელი". ამ ფოტოს შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ. ყველა ისე ვართ დაკავებული, ხანდახან ვირტუალურად ვურთიერთობთ. რას იზამ, დრო მიდის, სიმართლესავით უბერებელი ფილმი კი განაგრძობს სიცოცხლეს.

- რეჟისორებსაც აღარ შეხვედრიხართ? - ერთხელ ბატონმა რეზომ მთხოვა, ფილარმონიაში ჩემი იუბილეა და მოდი, მიხო და კატოც იქნებიანო. შევუთანხმდი, ოღონდ ნუ მალაპარაკებთ და რამდენსაც გინდა, დაგიკრავთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. არ ვიცოდი, რა მეთქვა. დარბაზი გადაჭედილია, პირდაპირი ტრანსლაციაა, გავედი სცენაზე ეს მეტრნახევრიანი ქალი და დავიწყე: ბატონო რეზო, მადლობელი ვარ თქვენი, რომ ლამაზი ბავშვობა გამატარებინეთ, დიდხანს იცოცხლეთ და იბედნიერეთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ, იმ ფილმში სოფო ვითამაშე, რეალურ ცხოვრებაში კი სულ ლურჯას როლში ვარ-მეთქი. დარბაზი დაინგრა, ჩვენც, ჩვენცო, ყვიროდნენ. მართლა ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი, მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ, ვერაფერმა გამტეხა. 34 წლისა დავქვრივდი, შესანიშნავი მეუღლე მყავდა. 2 შვილი გავზარდე, ისინიც მუსიკოსები არიან.

უკვე 80 წელი შემისრულდა. ახლა დრო უკვე ჩემს განკარგულებაშია. ეს კარგია, შემიძლია მოგონებებში ჩავეფლო, ფოტოები დავათვალიერო...…

"გალაკტიონმა ბოლომდე უყურა ფილმს, მერე ადგა და უცებ... ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო.... შეიგინა და წავიდა!"

რეზო ჩხეიძე "მაგდანას ლურჯას" გადაღებას ასე იხსენებდა: "ახალკურსდამთავრებულები ვიყავით, მე და თენგიზ აბულაძემ "მაგდანას ლურჯას" გადაღება რომ დავიწყეთ. მაშინდელმა სტუდიის დირექტორმა თითქმის უკვე დასრულებული ფილმის გაგრძელება აგვიკრძალა, არ მომწონსო! მაშინ შემოქმედთა სექციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ნამუშევარი ქართველი მწერლებისთვის ეჩვენებინა, რათა ეთქვათ, ღირდა თუ არა ამ ფილმის გადაღება. ერთ მშვენიერ დღეს დაუძახეს ქართველ მწერლებს და აჩვენეს "მაგდანას ლურჯა"... ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი პორტფელით. გავოგნდით, ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არსად არ დადიოდა. მწერალი დემნა შენგელაია ჩემი ბიძა იყო, მეგონა, იმან უთხრა-მეთქი, მაგრამ ხელი გამიქნია, ეგ რამდენი ხანია, არ შემხვედრიაო. გალაკტიონი დაჯდა, ბოლომდე უყურა ფილმს, მერე ადგა და უცებ... ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო.... შეიგინა და წავიდა!

აკაკი ბელიაშვილმა ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლი მოიწმინდა, ეკრანს შეხედა და, ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ რაც ამ ბიჭებმა გვიჩვენეს, მსგავსი არასოდესო! მეორე დილას უკვე გამოკრული იყო ბრძანება ფილმის გაგრძელების შესახებ"."