"მთავრობა ისე გააღიზიანა იმან, რომ ჰიჯაბით არ დავდიოდი, სახლიც და მაღაზიაც ჩამოგვართვეს" - რას ჰყვება საქართველოში გამოქცეული ირანელი ქალი? - კვირის პალიტრა

"მთავრობა ისე გააღიზიანა იმან, რომ ჰიჯაბით არ დავდიოდი, სახლიც და მაღაზიაც ჩამოგვართვეს" - რას ჰყვება საქართველოში გამოქცეული ირანელი ქალი?

31 წლის მარიამ შარიფი ორ წელიწადზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს. ის ირანში ქალთა უფლებების დამცველი და მოძრაობა "თეთრი ოთხშაბათის" ერთ-ერთი აქტივისტი იყო. მარიამი ჰიჯაბს არ ატარებდა და თმას ხშირად იღებავდა, რის გამოც არაერთი ადამიანისგან საყვედურს იღებდა. ერთხელაც ვიდეო გადაუღო მამაკაცს, რომელიც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სოციალური ქსელით გაავრცელა, რომელიც ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. პოლიცია მარიამის დასაჭერად სახლში მივიდა, მაგრამ მას უკვე დატოვებული ჰქონდა ქვეყანა, - ამბობს, რომ  სამშობლოდან ისე გაიქცა, რომ ოჯახის წევრებს ვერც კი დაემშვიდობა.

- გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მივიღე. თუ ირანის საზღვარს დროზე არ გავცდებოდი, აუცილებლად დამაპატიმრებდნენ. საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ სოციალური ქსელების პირად შეტყობინებებში მუქარის წერილებსაც ვიღებ ხოლმე. ამიტომ ვცდილობ, ჩემი პირადი ინფორმაცია უკეთ დავიცვა. ირანიდან გამოქცევისას თან მხოლოდ პატარა ზურგჩანთა მქონდა. საქართველოში ჩამოსულს ურთიერთობა მიჭირდა, ინგლისური კარგად არ ვიცოდი და ქართული - მით უმეტეს. ბევრი წვალების შემდეგ ლტოლვილის სტატუსი მივიღე და ბინაც ვიქირავე.

- შენი ოჯახის შესახებ მოგვიყევი.. - საქართველოში წამოსვლამდე დედასა და ძმებთან ერთად დიდ სახლში ვცხოვრობდი, რომელიც მთავრობამ გადმოგვცა, რადგან მამაჩემი ჯარისკაცი იყო. სამწუხაროდ, ის ექვსი წლის წინ გარდაიცვალა. უფროსი ძმა 32 წლისაა, საშუალო - 27-ის, უმცროსი კი - 15-ის. ყველაზე მეტად ის მენატრება. როცა ირანიდან წამოვედი, პატარა იყო, ახლა კი ძალიან მაღალი, ძლიერი, ჭკვიანი ბიჭია. თავიდან ვფიქრობდი, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდებოდა და სამშობლოში დავბრუნდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. მთავრობა ისე გააღიზიანა იმან, რომ ჰიჯაბით არ დავდიოდი და თან ჩემი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, რომ სახლიც და ჩვენი პატარა მაღაზიაც ჩამოგვართვეს. დედაჩემი ძლიერი ქალია. ყოველთვის მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი. ახლა ჩემი ოჯახი ქირით ცხოვრობს თეირანში. დედამ პატარა მაღაზიაც გახსნა.

ჩემი ძმები სამხედროები არიან. დროდადრო მათ ჩემ შესახებ ეკითხებიან, რას ვაკეთებ, მხარს თუ მიჭერენ. ირანის მთავრობა ცდილობს ჩემს წინააღმდეგ განწყობილი ადამიანები იპოვოს. მთავრობამ ერთხელ ქალთა უფლებების დამცველის ძმა დააპატიმრა, რადგან ის მხარს უჭერდა თავისი დის პროტესტს. ამის გამო ჩემებს ეშინიათ ინფორმაციის გაცემის. ახლა ვერაფერს დამაკლებენ, რადგან იქ აღარ ვარ.

- ქალთა მოძრაობა "თეთრი ოთხშაბათის" შესახებ გვიამბე. რას საქმიანობდი? - "თეთრი ოთხშაბათის" აქტივისტებს თეთრი ტანსაცმელი გვეცვა, რათა ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ქალებისთვის მშვიდობა და თავისუფლება გვინდოდა. სამწუხაროდ, ირანში ათი წელია არსებობს კანონი, რომლის მიხედვით, არც ერთ გოგონას თუ ქალს არ აქვს უფლება, ეცვას თავისუფალი და კომფორტული სამოსი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სამი წლის წინ ერთი ქალბატონი ავიდა ტეჰრანის რევოლუციის ქუჩის პლატფორმაზე და თავისი თეთრი შარფი დროშასავით ააფრიალა. პოლიციამ ის მალევე დააკავა. ვიდეო მის შესახებ უსწრაფესად მოედო ყველა სოციალურ ქსელს. რა ბედი ეწია ამ ქალს, არავინ იცის.

- როგორც ვნახე, ძალიან ხშირად იცვლი ვარცხნილობასა და თმის ფერს. ამას შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს? - ცუდს ვერაფერს ვხედავ თმის შეღებვაში. როცა ლურჯად მქონდა შეღებილი, გამვლელები მიყურებდნენ და მიღიმოდნენ. არასდროს მინახავს ამის გამო გაბრაზებული და გაღიზიანებული ქართველი. პირიქით, ბევრს უთქვამს, ძალიან მომწონსო. ვფიქრობ, როცა დადებითად ხარ განწყობილი ადამიანების მიმართ, მათგანაც პოზიტიურ ენერგიას იღებ.

- როგორ ფიქრობ, რა დრო დასჭირდებათ ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოსახსნელად? - 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მთავრობამ ჰიჯაბის ტარება სავალდებულო გახადა. ამ წესის გასამყარებლად მთავრობა იყენებს რელიგიურ მოტივებს და ამაზე სატელევიზიო გადაცემებს ქმნის. 40 წელი გავიდა და ხალხი ახლა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ხმა უნდა ამოიღონ. 15 წლამდე ახალგაზრდები ძალიან მამაცები არიან. სწორედ მათი იმედი მაქვს. ისინი ბევრ რამეს შეცვლიან.

- შენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ირანში ქალთა უფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად? - ჰიჯაბი მრავალ ოჯახში უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მეტია მთავრობის მიერ დაშინებული ხალხი. ირანელმა ქალბატონებმა უნდა დასძლიონ შიში. ჩვენ უამრავი წესი გვაქვს შესაცვლელი. ჰიჯაბი პრობლემების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ქალების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით იდეები მაქვს და მათ აუცილებლად განვახორციელებ.

- რა შეცვალა ბოლო ორმა წელმა შენს ცხოვრებაში? - მუსიკალური განათლება მაქვს, ბაკალავრის ხარისხი. ირანში მაღალანაზღაურებადი სამუშაო მქონდა, მუსიკის მასწავლებელი ვიყავი. ბევრი რამ ვისწავლე ამ ორი წლის განმავლობაში - დამოუკიდებლად ცხოვრება, ფოტოგრაფობა, მზარეულობა, ინგლისური ენა და ქართული. ახლა ქართულად ვწერ და ვკითხულობ. ზოგიერთი გრამატიკული წესიც ვიცი, მაგრამ საუბარი ცოტა მიჭირს.

მულტისერვისულ ცენტრში ვსწავლობ და თან ფასილიტატორად ვმუშაობ. ირანელ ხალხს ვეხმარები ტექსტების თარგმნასა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში. ძალიან ბევრი როგორც ქართველი, ისე სხვა ეროვნების მეგობარი ვიპოვე. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანები გავიცანი.

- დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი? - ირანში ცხოვრებისას მუდმივად ვდარდობდი ჩემს მომავალზე, მაგრამ საქართველომ რადიკალურად შემცვალა. ქართველი ხალხისგან ვისწავლე, რომ შეგიძლია იყო შენი თავის საუკეთესო ვერსია. მე აწმყოთი ვცხოვრობ. ვცდილობ, ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალო.

ნათია სიბაშვილი