"არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ მიიღო ირანული რძეპასტა, ჩვენ რატომ ვართ ასეთი უჭკუოები?!" - კვირის პალიტრა

"არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ მიიღო ირანული რძეპასტა, ჩვენ რატომ ვართ ასეთი უჭკუოები?!"

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული ბი-ბი-სის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ქართული ყველის მრავალსაუკუნოვანი ისტორია საინტერესოდ არის მოთხრობილი - მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ქართული ყველის სახეობებსა და წარმომავლობაზე საუბრობს... ბოლო დროს ბევრი კითხვა გააჩინა ბაზარზე ირანული შესქელებული რძისგან (რძეპასტისგან) წარმოებული პროდუქტების გამოჩენამ. ამაზე ინტერნეტშიც აქტიურად მსჯელობენ: "ჩანს, ეგ რძე ისეთივეა ან უარესი, როგორიც ბრაზილიური ხორცი, თურქული კარტოფილი და სამლარიანი ძეხვი. მერე იტყვით, საიდან ამდენი დაავადებაო"; "ჩვეულებრივ წყალს ამდიდრებენ რაღაცით და რძე გამოდის"...

"კვირის პალიტრა" უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც სახელგანთქმულ მეყველეს დაუკავშირდა და ყველის წარმოებაში არსებულ პრობლემაზე ესაუბრა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: - როცა ქვეყანას ყველის წარმოების 80-საუკუნოვანი ისტორია აქვს და ამაზე უკვე ბი-ბი-სიც წერს, როცა ამხელა მსოფლიო დაინტერესებაა ქართული რძისგან წარმოებული ყველის სახეობებით, შეუძლებელია ის ჩაანაცვლოს ფხვნილისგან ან თუნდაც ირანული რძის პასტისგან წარმოებულმა "ყველმა". ყველი ჩვენი სამეურნეო წარმოების მარგალიტია, ისეთივე გასაფრთხილებელი, როგორიც ქართული ღვინო.

- რამდენად საზიანოა ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის? - რძის ფხვნილი ან პასტა, რომელიც თვეობით ინახება და კონსერვანტებით არის გაჯერებული, როგორ შეიძლება სასარგებლო იყოს?! ყველაზე ძლიერი სერტიფიკატი რძის პროდუქტის ვარგისიანობაზე მისი მალფუჭებადობაა. გაფუჭდა მალე? - ესე იგი, ნატურალურია!

15 წლის განმავლობაში ვიკავებდი თავს, არც ახლა ამოვიღებდი ხმას, მაგრამ როცა ჩემს ქვეყანას აკარგვინებენ წვალებით მოპოვებულ ნიშას, როცა ტრადიციული ქართული ყველი ირანული რძის პასტისგან მიღებულმა მასამ უნდა ჩაანაცვლოს, ვერ მოვითმენ. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ მიიღო ირანული რძეპასტა. ჩემი ინფორმაციით, მეზობელმა სომხეთმაც უარი თქვა. ჩვენ რატომ ვართ ასეთი უჭკუოები, უგულოები, წინდაუხედავები?! ამის ახსნა, რასაკვირველია, მაქვს, მაგრამ თავს შევიკავებ, რადგან ძალიან მწარე შეფასება იქნება.

ქვეყანაში რძის დეფიციტია. არ არსებობს ორგანიზებული ფერმები, არის 5-6 ფერმა, რომლებიც რძის დეფიციტს ვერ შეავსებს. თუ შიშობენ, სეგმენტი არ დარჩეს უპროდუქტოდ და ამას მოსახლეობის უკმაყოფილება არ მოჰყვეს, მოსთხოვონ მეწარმეებს, რომ დიდი წითელი ასოებით ეწეროს პროდუქტს "დამზადებულია ფხვნილით" ან "დამზადებულია ირანული რძეპასტით". მომხმარებლის გადასაწყვეტია, ასეთ ყველს იყიდის თუ არა. მერე ის მწარმოებელი, რომელიც იოლ გზას ეძებს ბიზნესის წინ წასაყვანად, იძულებული გახდება ფერმა ააშენოს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველის წარმოებისთვის საკმარისი რძე ჰქონდეს... ჩემი და ჩემი მეგობრების ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ სახელმწიფომ ფერმერული საქმიანობის აღორძინებას შეუწყოს ხელი. ვისაც 15-20 ძროხა ჰყავს, დაეხმაროს და 30 სული გაუჩინოს. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ ფერმერებს გრანტი მისცა, აყიდვინა მაღალპროდუქტიული ძროხები, შეუქმნა საკვები ბაზა და დღეს ისინი ჯანსაღი პროდუქტით ამარაგებენ თავიანთ და სხვა ქვეყნებსაც. არც ერთ ქვეყანაში, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა, ფხვნილით ყველი არ მზადდება, ნაყინი - კი ბატონო, არაჟანიც, სპრედებიც, მაგრამ ყველას შეფუთვაზე აწერია მონაცემები მცენარეული და ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ.

ამ პრობლემას დღეს სამი ძირითადი მოთამაშე ჰყავს: სახელმწიფო, რომლის რეგულაციებზე ვართ დამოკიდებული, მეწარმე და მომხმარებელი. ფერმერები ყველაზე დაჩაგრული ფენაა. 6 წელია სოფელში ვცხოვრობ და შრომისმოყვარეობისა და იმიჯის მიუხედავად, ნაბიჯით ვერ წავიწიე წინ, იმხელა ინვესტიცია სჭირდება თუნდაც 15-სულიან ფერმას... თავის გამართლება - ქვეყანაში რძის დეფიციტია, ამიტომ ვამარაგებთ მომხმარებელს ფხვნილითა და ირანული რძეპასტით წარმოებული ყველითო, აღმაშფოთებელია. მისასალმებელია, რომ ზოგმა მწარმოებელმა გაიჭირვა, დადიან, წვეთწვეთობით აგროვებენ რძეს და შექმნეს შესანიშნავი ხაზი - გაყვეს ნედლ რძესა და ფხვნილზე დამზადებული პროდუქცია.

- ამას წინათ ერთმა ცნობილმა მზარეულმა მითხრა, რესტორნებს ყველით მომარაგების პრობლემა გვაქვს. ისეთი ყველი იყიდება, ხაჭაპურს ვერ ვაცხობთ, რადგან გამოცხობისას წყლად მიდის. ამიტომ გადავედით სულგუნზე, რაც ხარჯიანია, სხვა ყველით ხაჭაპურის ცხობას ვეღარ ვბედავთო. - ამითაც ნათელია, რომ ქვეყანაში ყველის პრობლემაა. წარმოიდგინეთ, იტალიელს პიცის ცხობისას პარმიჯანო არ ჰქონდეს და ბრენდად ქცეული ამ ყველის რაღაცით შეცვლა გაბედოს. პარმიჯანოს რამე რომ გაუბედო, ალბათ, ჰააგის ტრიბუნალს გადაგცემენ. ასე უფრთხილდებიან თავიანთ ეროვნულ პროდუქტს. ჩვენთან გინახავთ, სულგუნს უფრთხილდებოდნენ?

თუ ამ პრობლემებზე არ დავიწყეთ საუბარი, არაფერი გამოვა. ჩვენი ფერმერების მდგომარეობას "რძის ომი" დავარქვი. ამ ომში სახელმწიფო, მეწარმე და საზოგადოება ერთ მხარეს ვართ და ირანულ რძეპასტასა და ფხვნილის რძეს დავამარცხებთ. ისინი ჩვენ არ გვჭირდება!

P.S. ეს ინტერვიუ ქალბატონ ანასთან მერძევე ფერმერთა ჯგუფთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის წინ ჩავწერეთ. ბუნებრივია, შეხვედრის შედეგებითაც დავინტერესდით. "ბატონი ლევანი შეწუხებული დაგვხვდა. მე ვკითხე: თუ სომხეთმა და სხვა ქვეყნებმა არ მიიღეს ეს პროდუქტი, ჩვენ რატომ ვიღებთ-მეთქი? როგორც გვითხრა, ირანთან ხელშეკრულება რომ დავარღვიოთ და ამ პროდუქტზე უარი ვუთხრათ, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, უარყოფა უნდა წარვადგინოთ. ამ პროცედურების დაცვა აუცილებელია, განხილვა მთელი ორი თვე გაგრძელდება. ერთადერთ შემთხვევაში შეგვიძლია უარი ვთქვათ მის შემოტანაზე - თუ მასში აღმოვაჩინეთ მავნე ნივთიერება ან ცხოველური დაავადება. ირანულ რძეპასტას სერტიფიკატი ახლავს, რომ ჯანსაღი პროდუქტია, ამიტომ უფლება არა გვაქვს უარი ვთქვათ მასზე. გამოდის, ბიზნესს ხელს ვუშლით და მერე ბიზნესმენები დაიწყებენ გამოსვლებს, ბიზნესს გვიზღუდავენო. ფერმერებსა და მეწარმეებს სრული უფლება გაქვთ ირანულ რძეპასტაზე უარი თქვათ, მაგრამ ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, აკრძალვის მექანიზმი არა გვაქვსო. მაგრამ მინისტრმა გამონახა კონსენსუსი - ხომ გვაქვს კანონი "რძის შესახებ", რომელიც უკრძალავს მწარმოებელს დააწეროს "ყველი" არანედლ რძეზე დამზადებულ ყველა ყველისმაგვარ პროდუქტს. ეს კანონი პირდაპირ გვაძლევს საშუალებას, ირანული რძეც მოექცეს ამ რეგულაციაში. ეს ისედაც რეგულირდებოდა კანონით, მაგრამ ახლა მკაცრად მოეთხოვება მწარმოებელს. ასევე აიკრძალება არანედლ რძეზე დამზადებულ პროდუქტებზე - ჭყინტი, სახაჭაპურე, იმერული და ამგვარი სახელების დარქმევა. მინისტრმა დაავალა დეპარტამენტის უფროს თენგიზ კალანდაძეს თვალი მიადევნოს ამ საკითხს.

იხილეთ ასევე: BBC: საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს