"უარყოფითი რიცხვები" უფსკრულის პირზე მდგარი ახალგაზრდების გადარჩენა შესაძლებელია - კვირის პალიტრა

"უარყოფითი რიცხვები" უფსკრულის პირზე მდგარი ახალგაზრდების გადარჩენა შესაძლებელია

ფილმით უკვე მსოფლიოს რამდენიმე კინოფესტივალი დაინტერესდა

გასულ 2019 წელს ქართულ კინოსამყაროში სკანდალურ თუ დრამატულ მოვლენებთან ერთად, სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც ხდებოდა: ქართული კინოხელოვანები ქმნიდნენ კინოსიუჟეტებს, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაში ბევრი რამ უნდა შეცვალოს. სწორედ გასულ წელს დასრულდა რეჟისორ უტა ბერაიას ფილმი "უარყოფითი რიცხვები", რომლის გადაღებაში საქართველოსთან ერთად იტალია და საფრანგეთიც მონაწილეობდნენ - უფსკრულის პირას მდგარი ახალგაზრდების გადარჩენა ამ ქვეყნებისთვისაც მტკივნეული პრობლემაა. "უარყოფითი რიცხვები" დღეს უკვე ევროკავშირის პრიზიორია, ხოლო წინ უამრავი ფესტივალი და გამარჯვება ელის. თუმცა მთავარი ის არის, ფილმში გვირაბის ბოლო ჩანს, - გზა, რომლითაც "უარყოფითი რიცხვებიდან", ანუ ნულს ქვედა სივრციდან მოზარდები უნდა ამოვიდნენ.

უტა ბერაია, ფილმის რეჟისორი: - ამბავი, რომელიც ამ ფილმში ვითარდება, რამდენიმე წლის წინ მოხდა. ერთხანს არასრულწლოვანთა კოლონიაში ცნობილი მორაგბეები ატარებდნენ მატჩებს. ამით ისინი ცხოვრებისგან განწირულ ბავშვებს აჩვენებდნენ, თუ რა არის ნამდვილი ძლიერება და ავტორიტეტი, რის შემდეგაც რამდენიმე არასრულწლოვანმა საკუთარი კრიმინალური ცხოვრების გადაფასება დაიწყო, თავს დაუსვა კითხვა, რის შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი - ციხეში ავტორიტეტობასა თუ სპორტს შორის.

მორაგბეებმა მთხოვეს, ამ თემაზე ფილმი გადამეღო. პროდიუსერებს სცენარი იმდენად მოეწონათ, რომ დაფინანსებისთვის ფრანგ ინვესტორებს დაუკავშირდნენ. თავის მხრივ, ფრანგი კინემატოგრაფისტებიც იმდენად მოიხიბლნენ, რომ იტალიელები ჩართეს დაფინანსებაში. პარალელურად, სცენარმა სხვა კონკურსის ჯილდოც მოიპოვა და ასე გადავიღეთ ფილმი. ძალიან დიდხანს ვმუშაობდი მოზარდებთან და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი იმ ჩაკეტილი სივრციდან გასვლაა, სადაც ისინი ცხოვრობენ. როდესაც მათი ენერგია ცხოვრების ბევრად განსხვავებულ სფეროში დაიხარჯება, ყველაფერი კარგად იქნება. სხვათა შორის, სწორედ ასეთია ბუნების კანონებიც: როდესაც სივრციდან ენერგია ვერ გადის, ის სხვა სხეულებს გადაეცემა. ზუსტად ისევე, როგორც ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ერთიმეორის მიყოლებით იღუპებიან მოზარდები. მსგავსი დილემა ყველა თაობას ჰქონია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დღევანდელს. ჩაკეტილი უარყოფითი სივრციდან მოზარდების გამოყვანის გზა სასწრაფოდ არის მოსაძებნი - სწორედ ამაზეა ეს ფილმი.

- საინტერესო ის არის, რომ სცენარის აქტუალურობა ევროპის ქვეყნებმაც გაიზიარეს. - ეს ყველგან რთული პრობლემაა, ჩვენთან კი ურთულესი. ჩვენს საზოგადოებაში მოზარდებს თითქოს ყველა და ყველაფერი უარყოფს. ცხადია, ისინიც ამას უარყოფითი პასუხით პასუხობენ, თვითგანადგურებით უბრუნებენ პასუხს....

- ზოგი კრიმინალურში გადანაცვლებით, ზოგი კი სუიციდით, რისი მოთმენაც უბრალოდ დაუშვებელია. წარმატებას ვუსურვებთ თქვენს ფილმს, რომელიც ყველა სკოლაში უნდა აჩვენონ, თუმცა არა მარტო სკოლაში. - ამ ფილმზე მუშაობას 7 წელიწადი შევალიე და ბედნიერი ვიქნები, თუკი ოდნავ შეცვლის რამეს. ისე კი, ფილმით უკვე მსოფლიოს რამდენიმე კინოფესტივალზე ვართ მიწვეული.